კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის სკვერები - კოცნისათვის აკრძალული ზონები

18 ივლისი, 2011
სოფო გეწაძე

ცხოვრება საქართველოში ტოტალურად ძვირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 50%-ით მოიმატა წყლის გადასახადმა, გაძვირდა დასუფთავების გადასახადი... ახალგაზრდები სკვერებში კოცნის გადასახადის მომატებას ან საერთოდ აკრძალვას ელიან. მოქმედი კანონმდებლობით, ისეთი ქცევა, რომელიც მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, 100 ლარის ოდენობით ჯარიმდება. 

თბილისურ სკვერებში დაცვის თანამშრომლები სასიყვარულო კოცნის მსურველებს გაფრთხილებას აძლევენ და კოცნას უკრძალავენ. მსგავსმა აკრძალვებმა ახალგაზრდებში პროტესტი გამოიწვია. როგორც სტუდენტი ბესიკ ლიპარტელიანი აცხადებს, სოციალური ქსელიდან ფეისბუქიდან ფლობს ინფორმაციას, რომ სულ მალე კოცნა ყველა პარკში, ავტობუსში და ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში აიკრძალება. „მალე შეიძლება ლოყაზე კოცნაც აგვიკრძალონ. მოქალაქეთა ინიციატივამ ბევრი რამე შეიძლება შეცვალოს“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

შესაბამისად, ახალგაზრდებმა მოსალოდნელი საფრთხე გააანალიზეს და 24 ივნისს რიყეზე კოცნის აქცია - „გვიყვარს და ვზასაობთ“ - მოაწყვეს.

დავით შუბლაძე: „ვინაიდან საჯარო სივრცეში იკრძალება  კოცნა ან ხელის გადახვევა, ჩვენ გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა. ეს არ არის დანაშაული. დაცვის თანამშრომლები კრძალავენს კოცნას. ამ აქციით გვინდა, დავანახოთ მათ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ადამიანი ადამიანს კოცნის“.

ბესიკ ლიპარტელიანი:  „მე - საქართველოს მოქალაქეს მაქვს უფლება, რომ გამოვხატო ის, რაც მინდა ნებისმიერ ადგილას, რაც სხვის უფლებებს არ დაარღვევს. ჩემი აზრით, კოცნა არანაირად არ არღვევს სხვის უფლებებს“.
 
კოცნის აქციის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში გავრცელდა, და აქციაზე დასწრების სურვილი 300-მდე მოქალაქემ გამოთქვა, 600-მდე ადამიანმა კი არ გამორიცხა, მსვლელობას შეერთებოდა. აქციას პერფორმანსის სახე უნდა ჰქონოდა, წყვილებს ერთდროულად უნდა დაეწყოთ კოცნა, რითაც პარკის დაცვის თანამშრომლებისთვის ეჩვენებინათ, რომ მსგავსი ქცევა დასაშვებია და არ უნდა აკრძალონ.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ აქციის მონაწილეებს ჟურნალისტები ჭარბობდნენ. წყვილებიდან კი მხოლოდ სამმა აკოცა ერთმანეთს. საბოლოოდ, აქცია ჩაიშალა.  ბევრი მონაწილე აქციაზე სეირის საყურებლად მივიდა. ბევრი კი მართლაც აპროტესტებდა დაცვის თანამშრომლების მიერ კოცნის აკრძალვას, რომლებიც  დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენებითაც იმუქრებოდნენ. 

ლუსინდა ჯანდიერი: „არანაირი ანომალია და არაფერი დასაძრახი ამაში არ არის. ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ხელს ვერ გადახვევ და ვერ აკოცებ, იქ ცხოვრება პირადად მე აღარ მინდა“. 

თინა აგმუსი: „დამინახავს, რომ გოგო და ბიჭი სამოციან წლებში ერთმანეთს. კოცნიდნენ. სიამოვნების გრძნობა მქონდა და მეც მინდოდა პატარა ბავშვს, რომ მყოლოდა შეყვარებული და მეკოცნა, სადღაც 7-8 წლის ასაკში. ადამიანი იმისთვის იბადება, რომ უყვარდეს, გამრავლდეს, რომ შექმნას რაღაცა. შემოქმედებაა ცხოვრება და სიყვარულია თვითონ შემოქმედება. უსიყვარულოდ არაფერი არ ხდება“. 

დამსწრეთა მცირე ნაწილი კოცნის აქციას პროტესტს უცხადებდა. ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ. 

ცისია როსტიაშვილი: „რა წესია ახლა, რომ ადამიანი სკვერში მიდის სასეირნოდ და ვიღაცის ლოშნას უყურებს. მართლა არაა ლამაზი. ქართველები ვართ და ქრისტიანები ვართ. აი, გაიხედეთ აქედან სამება და საპატრიარქო მოჩანს. უფლის არ სწამთ?! არ ეშინიათ?! აი, ახლა მარხვა არის. არ შეუძლიათ ადამიანური ვნებები დაიცხრონ. ვნატრობ, რომ გიჟი ვიყო და ვცემო ის ადამიანები, ვინც აქ არიან“.

ლალი ზურაბიანი: „ვაპროტესტებ, აბა, რა! ქართველი ქალი ვარ. თუ კოცნაობა გინდა. წადი გენაცვალე სახლში და იკოცნავე იქ. ვის გაუგონია ეს ქუჩაში, ხალხის თანდასწრებით?!“

აქციაზე გაიჟღერა ინიციატივამ ქალაქში ერთი „საზასაო სკვერის“ გახსნის შესახებ, სადაც წყვილებს კოცნის და „საერთოდ ყველაფრის გაკეთების უფლება ექნებათ“.

დამსწრე საზოგადოებამ კონსესუსს ვერ მიაღწია. ვერც დაცვის თანამშრომლები დაარწმუნეს, რომ სკვერებში კონცა აღარ აეკრძალათ და არც თავად შეიცვალეს აზრი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში „ზასაობასთან“ დაკავშირებით. ფაქტი კი აღნიშნეს, რომ დამნაშავე აქაც მთავრობაა, რომელიც კოცნასაც კრძალავს და კოცნისთვის ალტერნატიულ ადგილებსაც არ სთავაზობს მოქალაქეებს.


ახალი ამბები