კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის სატელევიზიო ანძა იყიდება

1 აგვისტო, 2011

მარიამ იმერლიშვილი

ტენდენცია, რომ საქართველოში ყველაფერი რაც სახელმწიფო საკუთრებაშია იყიდება, გრძელდება.  ხელისუფლებამ ამჯერად, თბილისის სატელევიზიო ანძის გასხვისება განიზრახა. გადაწყვეტილება, რომ ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გაეტანათ, ა.წ 18 ივლისს მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პოტენციურ ინვესტორს რამდენიმე პირობას უყენებს. ამ პირობების თანახმად, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებული იქნება განახორციელოს 12 მლნ. დოლარის ინვესტიცია და ობიექტს არ შეუცვალოს პროფილი.

“ალფა-კომი” 35 სატელევიზიო და 34 რადიოარხს ემსახურება და მისი საბაზრო ღირებულება 100 000 ლარია.  ელექტრონული აუქციონი, რომელიც ანძის ახალ მფლობელს გამოავლენს, 1 აგვისტოს 17:00 სთ-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ანძა 1955 წელსაა აგებული და სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს წარმოადგენს. მისი საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, MMDS,  პეიჯერს, მობილურ გადაცემასა და კომერციულ ტელევიზიას.

ანძის გასხვისების ამბავმა საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. „ანძა მნიშვნელოვანი ობიექტია და სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს“  -ასეთია უმრავლესობის პოზიცია.  ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, კი ანძა არ იყიდება, მისი მართვის უფლება გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულ  კომპანიას ოთხი წლის ვადით. მაგრამ ერთია ანძის გასხვისება და მეორე-თუ ვის გადააბარებს ხელისუფლება „ალფა-კომის“ მართვის უფლებას.  მედიის და ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ვარაუდობს,  რომ  კომპანია  რომელიც აუქციონში გაიმარჯვებს, ხელისუფლების პოლიტიკის ერთპიროვნული გამტარებელი იქნება და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს პრობლემებს შეუქმნის მაღალი ტარიფის დაწესებით. თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა კი მათივე განმარტებით,  პრეზიდენტისთვის ერთგვარი კოზირია წინაასაარჩევნო პერიოდში.“სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, მის ჯალათებს ვერ მოუნელებიათ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საბოოლოო ციტადელი  -   მასმედია და თავისუფალი ტელევიზია და ცდილობს ეკონომიკურ მარწუხებში მოაქციოს ანძის გასხვისებით, რაც მას არ გამოუვა“  -   ასეთი შეფასება გააკეთა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა კახაბერ ძაგანიამ.

მედიის წარმომადგენლების უკმაყოფილება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. „ნუ ებრძვით მედიას“ -  ამ ლოზუნგით კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. სატენდერო პირობების გამჭვირვალობა,  პოტენციური ინვესტორებისთვის თბილისის ანძის სიმძლავრეებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ტენდერის გადავადება - ეს იყო მათი ძირითადი მოთხოვნა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელძღვანელმა და ანძის პოტენციურმა ინვესტორმა ნინო ჯანგირაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წერილი შეიტანა აუქციონის პირობების დაკონკრეტების მოთხოვნით: „ ეკონომიკის სამინისტრომ მე, როგორც აუქციონში მონაწილეობის მსურველს მომცეს ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის შესახებ. ჩემი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღე. გამოტანილი განცხადების მიხედვით, რომელსაც ვერა ქობალია საკმარისად თვლის, შეუძლებელია იმის გარკვევ, თუ  რა იყიდება- ტელეანძების ქსელი  თუ მაგალითად, რესტორნების ქსელი. მე ველი მყისიერ პასუხს სამინისტროსგან. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გავასაჩივრებ აუქციონის შედეგებს სასამართლოში.“

იმას, რომ საფრთხე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შეზღუდვის თაობაზე ძალიან დიდია, ოპოზიციონერთა ერთი ნაწილიც აღნიშნავდა. „ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გააძვირა ხელისუფლებამ მგზავრობის ღირებულება კერძო კომპანიის ხელით. შეიძლება ითქვას, რომ ამჯერადაც იგივე ოპერაცია მეორდება  -    ხელისუფლება გაასხვისებს ანძას, შემდეგ ახალი მფლობელი გააძვირებს მომსახურების ტარიფს და იქნება მაუწყებლობების შეუძლებლობა დამოუკიდებელი ტელევიზიებისთვის“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას კობა დავითაშვილმა.

„ეს არის აშკარად კორუფციული გარიგება. არ შეიძლება აუქციონი გამოაცხადო თორმეტი დღით ადრე, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას სურს ვერავინ მოემზადოს აუქციონისთვის და „ალფა-კომი“ მიყიდოს სასურველ კომპანიას. ჩვენი ინფორმაციით, ეს კომპანია არის ბილაინი“ - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ წარმომადგენელმა  დავით აქუბარდიამ.      
                                                                                                                                                                                                                                                 
როგორც მედიის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი აცხადებს, ისინი არ აპირებენ შეეგუონ აუქციონის მიკერძოებულად გამართვას და ამის საწინააღმდეგოდ გამართავენ პერმანენტულ აქციებს. „ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი იქნება ყოველთვის, როცა თავისუფალ მედიას დაემუქრება საფრთხე. ჩვენ დავიცავთ ჩვენი კოლეგების ინტერესებს ამ შემთხვევაშიც და გავაგრძელებთ აქციებს“-  აღნიშნა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა. მორიგი აქცია პირველ აგვისტოს ელექტრონული აუქციონის გამართვამდე დაიგეგმა.

ეკონომიკის სამინისტრო, როგორც ჩანს, ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას გაურბის. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ არაერთგზის მცდელობამ, დაკავშირებოდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს თეა ბოლქვაძეს, უშედეგოდ ჩაიარა. რთულია იმის ვარაუდი, თუ როგორი „გამჭვირვალე“ იქნება აუქციონი, როცა თვით აუქციონის და მასზე გამოტანილი გასაყიდი ობიექტის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციის გაცემისაგან თავს იკავებენ.

ახალი ამბები