კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცნაური არითმეტიკა რეპრესირებულთათვის

31 აგვისტო, 2011

სტრასბურგის სასამართლომ რეპრესირებულების კომპენსაციად 4000 ევრო განსაზღვრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი... 400 ლარი

მარიამ იმერლიშვილი

ზეინაბ ბურდიაშვილი სტალინური რეპრესიების მსხვერპლის, დიმიტრი ბურდიაშვილის ქალიშვილია. დიმიტრი ბურდიაშვილი 1941 წლის 33 შეთქმულთა შორის ერთ-ერთი იყო. მას  მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველივე წლებში ჩაესახა საქართველოს განთავისუფლების იმედი საბჭოთა რეჟიმის მარწუხებისგან. შეთქმულებს მხოლოდ იდეის დონეზე ჰქონდათ სამოქმედო გეგმა შემუშავებული, მაგრამ ისინი მოულოდნელად დააპატიმრეს.

„მამა 1941 წლის 20 დეკემბერს დააპატიმრეს, მე მაშინ მხოლოდ ორი წლის ვიყავი. მისი გარდაცვალების შესახებ ძალიან გვიან შევიტყეთ. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, იგი რამდენიმე შეთქმულთან ერთად 1942 წლის 9-20  სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და დახვრიტა. მე და დედა მუდმივი შიშის ქვეშ ვცხოვრობდით. დიდი ალბათობა იყო, დედაც დაეპატიმრებინათ. წლების განმავლობაში განვიცდიდით ზეწოლას ხელისუფლებისგან“,  -  ამბობს ზეინაბ ბურდიაშვილი.

მოგვიანებით მოხდა დიმიტრი ბურდიაშვილის რეაბილიტაცია და იგი  რეპრესირებულად ცნეს. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ასეულობით რეპრესირებული და მათი პირველი რიგის მემკვიდრე ცხოვრობს. ამ მოქალაქეების მიმართ სახელმწიფომ აიღო გარკვეული ვალდებულება კანონის „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საფუძველზე,  რომელიც ძალაში 1998 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ხოლო 2011 წლის 19 მაისს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ფულადი კომპენსაცია შეიძლება მოითხოვოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე რეპრესირებულმა პირმა. ამისთვის აუცილებელია, მან სარჩელი 2014 წლის იანვრამდე შეიტანოს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით, სადაც მოპასუხე მხარედ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში უნდა გაითვალისწინოს რეპრესიის სხვადასხვა ფორმის სიმძიმე, რეპრესირებული პირის ან მის პირველი რიგის მემკვიდრის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისე განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა; ან თავად რეპრესირებულმა პირმა უნდა მიუთითოს, რა თანხას ითხოვს კომპენსაციისათვის. ეს არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რომლებიც რეალურად არ ხორციელდება.

ზეინაბ ბურდიაშვილმა სასამართლოს მიმართა. სარჩელის დაწერაში მას ადამიანის უფლებათა ცენტრი დაეხმარა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეინაბ ბურდიაშვილს, როგორც რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრეს, კომპენსაციის სახით მხოლოდ და მხოლოდ 400 ლარი დაუმტკიცა. მოსამართლე ნინო ონიანის გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჯერჯერობით არ ჩაბარებია. ამდენად, ჯერჯერობით უცნობია, რა არგუმენტები აქვს სასამართლოს, როცა კომპენსაციის ოდენობად 400 ლარი განსაზღვრა. მოსარჩელემ ისიც კი არ იცის, ეს 400 ლარი კომპენსაციაა, თუ რაიმე სხვა სახელი ჰქვია.

„ეს არის სამარცხვინო ფაქტი. აქ თანხის ოდენობაზე არ არის იმდენად საუბარი, რამდენადაც იმ შეურაცხყოფაზე, რაც მოგვაყენეს.  მას შემდეგ, რაც რეპრესირებულთათვის კომპენსაციების დარიგება სახელმწიფოს დაევალა, ყველა რეპრესირებულმა თუ მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ შევიტანეთ სარჩელი. ვიდექით რიგებში, ვწვალობდით და საპასუხოდ რა გამოვიდა?! რაღაც სასაცილო თანხაზეა საუბარი. მე ვნახე იქ ადამიანები, რომლებსაც აგრეთვე 400, ზოგს 300 ლარი მიაკუთვნა სასამართლომ. ეს არის ის კომპენსაცია, რომლის გადახდასაც აპირებს სახელმწიფო რეპრესირებულებისა და მათი მემკვიდრეებისათვის?! ეს მხოლოდ ჩვენი შეურაცხყოფაა და სხვა არაფერი!“   -   აღნიშნავს გულისტკივილით ზეინაბ ბურდიაშვილი.

ადამიანებს,  რომლებიც უკმაყოფილონი არიან სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით, მართალია, შეუძლიათ გააპროტესტონ გადაწყვეტილება, მაგრამ უკეთესი შედეგის მიღების შანსი, პრაქტიკულად, არა აქვთ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით,  ამ კონკრეტული ფაქტის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელმწიფო არ აპირებს ჯეროვნად დააფასოს ადამიანები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

კანონის თანახმად, სასამართლომ თითოეული რეპრესირებულის სარჩელი ორი თვის ვადაში უნდა განიხილოს.ზეინაბ ბურდიაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოში არავინ გაითვალისწინა მათი გულისტკივილი.  გასაჩივრებასაც, ალბათ, არ აქვს აზრი. როგორც ჩანს, სახელმწიფო მეტის გადახდას არც უპირებს რეპრესირებულებს და მათ მემკვიდრეებს.

„მართალია, ჩვენ ჯერჯერობით ხელთ არა გვაქვს მოსამართლის მიერ ზეინაბ ბურდიაშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეპრესირებულებს და ამ შემთხვევაში - ქალბატონ ზეინაბს უპასუხისმგებლოდ და გულგრილად მოექცნენ. არ გაითვალისწინეს არც მისი ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს თავისთავად სამწუხარო ფაქტია. ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ შემთხვევაში არსებობს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანაა“, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს რეპრესირებულებმა ერთხელ უკვე მომართეს. კერძოდ, ეს სარჩელი ეკუთვნოდა ძმებ კლაუს და იური კილაძეებს. 2010 წლის 2 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე სახელწოდებით „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება კილაძეების სასარგებლოდ გამოიტანა. საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა ძმებისთვის ფულადი კომპენსაციის 4000-4000 ევროს გაადახდა და ასევე ზოგადი ღონისძიებების გატარებაც, რომელიც  იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებების რეაბილიტაციას მოახდენდა.

ზეინაბ ბურდიაშვილის სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებიდან შეიძლება დავასკვნათ, როგორ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს სახელმწიფო. საინტერესოა, ვალუტის რომელი კურსით გადაიანგარიშა მოსამართლე ნინო ონიანმა 4000 ევრო 400 ლარად. ამის შესახებ მისი გადაწყვეტილებიდან შევიტყობთ, რომელიც მოსარჩელეს ჯერჯერობით არ მიუღია.

ახალი ამბები