კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელები თუ ბანდიტები?

21 სექტემბერი, 2011

გიორგი ნიქაბაძე, აჭარა

„საქართველოში პოლიცია ქრთამს არ იღებს, მაგრამ ქართველი პოლიციელი ითვისებს სხვის ქონებას. ფაქტით კი შესაბამისი სტრუქტურები არ ინტერესდებიან“, _ ამბობს ვაჟა მჟავანაძე, რომელმაც დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა.

ვაჟა მჟავანაძის თქმით, სამართალდამცველი ორგანოები მისი ოჯახის უფლებებს არღვევენ. ამ თემით დაინტერესების შემდეგ, მეორე მხარე _ აჭარის პოლიციის II განყოფილების უფროსი, ემზარ სურმანიძე ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტს დაპატიმრებით დაემუქრა.

მოქალაქე ვაჟა მჟავანაძე აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ყოფილ დეტექტივ-გამომძიებელს, ემზარ სურმანიძეს მისი ოჯახისა და თავისი ნივთების მითვისებაში დებს ბრალს. ამჟამად სურმანიძე აჭარის პოლიციის II განყოფილების უფროსია.

კერძოდ, მჟავანაძის თქმით, საუბარია 4 კბ/მ. ხის მასალაზე (ქობულეთში, რესტორან „კურზალის“ გვერდით მდებარე რესტორან-ბუნგალოს შესასვლელი კარების, ტიხარ-ჟალუზებისა და თაროების გასაკეთებლად, რომელიც მის ცოლისძმაზეა გაფორმებული), მზის სათვალე (160 დოლარის ღირებულების). მისივე მტკიცებით, სურმანიძემ, ასევე 10 ლიტრი საწვავის ჩასხმა დაავალდებულა სამსახურეობრივ მანქანაში.

ვაჟა მჟავანაძე: „გამომძიებლებთან ურთიერთობისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საქმე მაქვს მძარცველებთან და ბანდიტებთან. გამომძიებელ ემზარ სურმანიძესთან როცა შევედი კაბინეტში, პერანგის წინა ჯიბეში ჩადებული მზის სათვალე  უკითხავად ამომაცალა და მოირგო - ასეთს შენ კიდევ იყიდი, მეზღვაური ხარ და მაჩუქეო. შემდეგ, სხვა შეხვედრებისას, სადილობის დროს, გვეუბნებოდნენ, გვშიაო. ორჯერ რესტორანში დაგვაპატიჟებინა თავი. ქობულეთის სასამართლოში მისვლისთვის, თავის სამსახურეობრივ მანქანაშიც 10 ლიტრი საწვავი ჩვენ ჩაგვასხმევინა. ეს არის კორუფცია!“

ვაჟა და ზაზა მჟავანაძეებმა რამდენჯერმე მიმართეს სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურას და ითხოვდნენ საქმის გამოძიებას, თუმცა - უშედეგოდ. უფრო მეტიც, 2011 წლის 1 ივნისს, აჭარის ა/რ პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელის ალექსანდრე ფუტკარაძისგან მათ ასეთი პასუხი მიიღეს: „მოკვლეული მასალების მიხედვით, თქვენს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აქედან გამომდინარე აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყება არ არის მიზანშეწონილი“.

ეს გადაწყვეტილება ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს ისე გამოუტანია, რომ განცხადების ერთ წევრს, ზაზა მჟავანაძესთან მხოლოდ ამ სახის სატელეფონო საუბარი ჰქონია: „როგორა ხარ, ჯიგარო. რა განცხადებებს მიწერ?!..“

მჟავანაძეებსა და გამოძიებას შორის ურთიერთობა 2010 წლის 19 აპრილს დაიწყო. ამ დღეს დააკავეს ზაზა მჟავანაძე და მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 236 მუხლის I ნაწილი). ამჟამად, ზაზა მჟავანაძესთან საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული. მანამდე კი, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნამ, გერმანული წარმოშობის, ე.წ. პარადოქსის ტიპის გლუვლულიანი თოფი, ხრახნულულიან ტიპის იარაღს მიაკუთვნა.

„გამოძიების პერიოდში გვითხრეს, თუ ვითანამშრომლებდით, საპროცესო შეთანხმების შემდეგ, ამ თოფს აუქციოზე შეგვასყიდინებდნენ. მოგვიანებით კი ამბობენ, რომ გამოიკვეთა ვიღაც მაღალი თანამდებობის პირის დაინტერესება ამ თოფისადმი. ამიტომაც მოხდა ექსპერტების დასკვნების გაყალბება: თითქოს თოფი არ მიეკუთვნება გლუვლულიანთა კატეგორიას. ალტერნატიული ექსპერტიზის, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, თოფი L.SCHIWY BERLIN S. W. 68 მიეკუთვნება “პარადოქსის” ტიპის სანადირო კატეგორიას. სხვადასხვა ლიტერატურული და სპეციალური წყაროებით, მტკიცდება რომ პარადოქსის ტიპი მიეკუთვნევა გლუვლულიანთა კატეგორიას. ამ თოფზე მითითებული ქარხნული მარკირებაც S. W. 68 ნიშნავს ტყვიისა და საფანტის კომბინაციას, ანუ პარადოქსს. რაც ყველაზე ცუდია, თოფში სანადირო ვაზნის ნაცვლად საბრძოლო ვაზნა ჩადეს და ისე ისროლეს, რითაც დააზიანეს თოფის ექსტრატორი _ გასროლილი ვაზნის ამომგდები მექანიზმი. გამოძიება და სასამართლო არ დაეყრდნო იმ ლიტერატურულ მასალებს,  რაც ადასტურებდა აღნიშნული თოფის გლუვლულიანობას. ეს მაშინ, როცა გამოძიების ექსპერტიზებმა მათი პოზიციის გასამყარებლად ვერც ერთი ლიტერატურული მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, - ამბობს ვაჟა მჟავანაძე.

ძმები მჟავანაძეების ოჯახი მონადირეთა ფორუმში არიან გაწევრიანებული. მათი თქმით, აღნიშნული თოფი საკმაოდ ღირებულია: „ეს თოფი ლონდონის საერთაშორისო აუქციონზე რომ გაიტანო, შეიძლება 100 000 დოლარადაც გაიყიდოს. ამიტომ არსებობს მის მიმართ რომელიღაც მაღალჩინოსნის დიდი ინტერესი. თოფი 1920-იან წლებშია დამზადებული გერმანელი ხელოსნის ლუდვიგ შივის მიერ და მსგავსი მხოლოდ 10-12 თოფი არსებობს მსოფლიოში“.

მჟავანაძეები აღნიშნული თოფის სახელმწიფო მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემას აპირებდნენ. ამის თაობაზე მათ საქართველოს პრეზიდენტს რამდენჯერმე მისწერეს. თუმცა, წელიწადნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კუდ-ში შესულ საჩივრებს რეაგირება არ მოჰყოლია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკითხის გასარკვევად ემზარ სურმანიძეს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი, ცენტრის ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა და დაპატიმრებით დაემუქრა. არსებობს აღნიშნული ფაქტის აუდიომასალაც.

მაკა მალაყმაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის კოორდინატორი, ჟურნალისტი: „მას შემდეგ, რაც სურმანიძემ გაიგო, რა საქმეზე ვიყავი მისული, განაცხადა, რომ ჩემთან საუბარი არ სურდა და მოიმიზეზა მოხუცი მოქალაქე, რომელსაც ჩემს მიღებამდე ესაუბრებოდა. შემდეგ თავისი კაბინეტი დატოვა და მეც იძულებული ვიყავი, კაბინეტიდან გავსულიყავი. პოლიციის შენობის ჰოლში და შესასვლელში კი ხმამაღლა მეუბნებოდა: „შენ ხარ პროვოკატორი და ამისთვის დაგაპატიმრებ. შენ ჩადიხარ დანაშაულს. მე ძალიან ბევრი საქმე გამომიძიებია, და თუ თქვენ ახლა საქმეს იძიებთ, კარგად ბრძანდებოდეთ... ახალგაზრდა გოგო ხარ და ძალიან დიდ შეცდომაში შეყავხარ ვიღაცას!.. რა შეკითხვებზე უნდა გიპასუხოთ, ვინა ხართ?! სისხლის სამარტლის დანაშაულს ჩადიხარ, პროვოკატორი ხარ და მაგისთვის დაგაკავებ! შევხვდებით ჩვენ კიდევ სხვაგან!“

მუქარის შემდეგ ემზარ სურმანიძე თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მანამდე კი მაკა მალაყმაძის წარმომავლობითაც დაინტერესდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, სათანადოდ გამოძიებულ იქნას აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის II განყოფილების უფროსის, ემზარ სურმანიძის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული _ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება; ასევე - შეისწავლონ ჟურნალისტისადმი დამუქრების ფაქტი და მოახდინონ სათანადო რეაგირება. 

ახალი ამბები