18:18, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გაფიცვის გადასაღებად მისულ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

21.09.2011

მარიამ იმერლიშვილი

გურჯაანში სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ დაკვეთით მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ობიექტის გადაღების უფლება არ მისცეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, გადასაღებად მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეოკამერაც დაუმტვრიეს.

როგორც მთივლიშვილი ვარაუდობს, მთავარი მიზეზი, რის გამოც მას გადაღება აუკრძალეს, სახელფასო დავალიანების გამო მუშათა გაფიცვისა და ობიექტზე არასრულწლოვანთა დასაქმების ფაქტის დაფარვა იყო.

სამშენებლო სამუშაოებს თურქულ-ქართული კომპანია „უმუთ ინ ჯორჯია“ და მისი რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. დასაქმებულნი არიან როგორც ქართველი, ისე თურქი მოქალაქეები.

„ტელეფონზე დამიკავშირდა უცნობი მამაკაცი, რომლისგანაც შევიტყვე, რომ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ დაკვეთით მშენებარე საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ერთი ნაწილი გეგმავდა გაფიცვას რამდენიმე თვის ხელფასის გადაუხდელობის გამო. მან მთხოვა, მივსულიყავი ობიექტზე და გამეშუქებინა აღნიშნული საკითხი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხელფასები არ ჰქონდათ აღებული მხოლოდ ადგილობრივ გურჯაანელ მუშებს. თურქი მოქალაქეები კი დროულად იღებდნენ გასამრჯელოს. ანუ ერთგვარად, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი. მე დავინტერესდი აღნიშნული ფაქტით, მივედი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც გაფიცულ მუშათა შორის ვნახე არასრულწლოვნებიც. უკანონობაა, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა დასაქმება და თან ასეთ ფიზიკურად მძიმე სამუშაოზე და მეორე მხრივ, ის, რომ ამ ადამიანებს არ უხდიან ხელფასს. ჩავრთე ვიდეო და ფოტოკამერა. თუმცა, გადაღების უფლება არ მომცა ხელმძღვანელობამ, უფრო მეტიც, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს“,  - ამბობს გელა მთივლიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ვიდეოკამერამაც დააფიქსირა, კომპანიაში უარყოფენ ჟურნალისტის ცემას და მას პროვოკატორს უწოდებენ. „დაზუსტებით ვიცი, რომ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ინცინდენტს მე თავად შევესწარი. იგი უნებართვოდ, დაცვის გარღვევით შეიჭრა სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე. თანამშრომლების გაფრთხილების მიუხედავად, იღებდა ფოტო და ვიდეო კამერით და ითხოვდა რაღაც განმარტებებს მუშებთან დაკავშირებით, რომლებიც თითქოსდა სახელფასო დავალიანების გამო იყვნენ გაფიცულნი“, - განაცხადა „უმუთ ინ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა  კახაბერ ადამიამ.

როგორც გელა მთივლიშვილი აცხადებს,  მას საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესვლისას რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი და ბარიერი არ შეუნიშნავს და არც დაცვა „გაურღვევია“.

„ტერიტორიაზე შესულმა მოვძებნე ზედამხედველი და გასაუბრება ვცადე, რომ გამერკვია სიტუაცია. თუმცა, მოსმენა არავინ ისურვა. მათ არ უნდოდათ, გადამეღო ის, რისი საჯაროდ გამოტანაც არ სურდათ. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ხელი ჩამკიდეს და საავადმყოფოს ტერიტორიიდან ჩემი გაყვანა მოინდომეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“, - იხსენებს ჟურნალისტი.

კომპანიის ხელმძღვანელები უარყოფენ როგორც სახელფასო დავალიანებას, ისე არასრულწლოვანთა დასაქმების ფაქტს.

„საქმე ისაა, რომ ჩვენ ფულს ვურიცხავთ ჩვენს ქვეკონტრაქტორებს. გადახდა ხორციელდება ერთ წუთში. მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, რომელიც ხელფასის გადაუხდელობასთან არის დაკავშირებული. თუ ჩემი ქვეკონტრაქტორები არ იხდიან თანხას, ეს ჩემი პრობლემა არ არის“   -    განაცხადა „უმუთ ინშაათის“ გენერალურმა დირექტორმა ემრე აიდინიმ.

თუმცა, საპირისპირო განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა ქვეკონტრაქტორმა ოსმან ოზქეთ-ფუტკარაძემ, რომელმაც გვიამბო, რომ ბატონ ემრეს დაუგვიანდა თურქეთიდან ჩამოსვლა, ამის გამო დაგვიანდა გასამრჯელო მუშებისთვის, თუმცა, ახლა ობიექტზეა და ნელ-ნელა გვარდება პრობლემები. სამ-ოთხ დღეში გაიცემა ხელფასები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს კი ისიც აცნობეს, რომ კომპანიამ მუშებს კუთვნილი ხელფასები უშუალოდ მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ გადაუხადა.

გურჯაანის პროკურატურამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა. გელა მთივლიშვილი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა მის მოთხოვნას პროკურატურა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC