კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ვენახში შალვა რამიშვილი და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი დააკავეს

26 სექტემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

25 სექტემბერს ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვენახში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს. ჟურნალისტი სააკაშვილის ვენახში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყოს ჩასული.

„მიშას ვენახს და კარმიდამოს კარები არა აქვს. წინ არავინ არ გადამეღობა... საერთოდ არავინ მკითხა, სად მიდიხარო. ყველა აქეთ-იქით გარბოდა. პოლიციელები ვენახებში იმალებოდნენ. ვეკითხებოდი დამხვდურთ, ეს ვისი სახლია მეთქი და პასუხს არ მცემდნენ. მორცხვად იღიმებოდნენ. მერე გაჩნდა ყვარლის პოლიციის უფროსი, რომელმაც მომკიდა ხელი და ჩემი გაყვანა მოინდომა, ოღონდ სამოქალქო ტანსაცმელი ეცვა. ჩემს შეკითხვაზე - ვინ იყო, იგი პასუხს არ მცემდა. მაინც დავემორჩილე და გარეთ გამოვედი. ცოტა ხანი ვიდექი. მერე მეცნენ ზორბა ბიჭები (სამოქალაქო ტანსაცმელით), მანქანაში ჩამსვეს, აპარატურა წამართვეს და გამომარიდეს იქურობას. თავისუფლება მქონდა აღკვეთილი ასე 15 წუთი. ბოლოს მიხვდნენ, რომ სისულელეს ჩადიოდნენ და გააჩერეს მანქანა. მე გადმომსვეს, თავად კი გაიქცნენ. ბოლოს 2 საათში დააბრუნეს აპარატურის ნაწილი. ჩიპები და მიკროფონი ახლაც მიტაცებული აქვთ“, - აღნიშნავს შალვა რამიშვილი.

შალვა რამიშვილს თან პარტია „თავისუფალი საქართველოს“კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილიც ახლდა. მოსიაშვილი ჟურნალისტს მეგზურობას უწევდა.

გიორგი მოსიაშვილი: ვენახში რომ ვიყავით, მოვიდა ყვარლის პოლიციის უფროსი თემურ გურაშვილი და მოგვთხოვა, დაგვეტოვებინა ტერიტორია. შალვამ იკითხა, ვინ იყო იგი და რატომ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, რაზეც პასუხი არ მიგვიღია. გურაშვილის მოთხოვნიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ უცხო პირები და ყოველგვარი განმარტების გარეშე წაგვართვეს ყველა სახის დოკუმენტები, (პირადობის და მართვის მოწმობები) კამერები. შალვა ჩატენეს თავიანთ მანქანაში, ჩვენ კი სხვადასხვა მანქანაში და წაგვიყვანეს ცენტრალური გზის მიმართულებით. მიგვიყვანეს ავტოგასამართ სადგურში, რომელიც არ ფუნქციონირებს. მოგვიჩინეს რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში მყოფი დაცვის თანამშრომელი და გადაადგილების უფლებას არ გვაძლევდნენ.

- ფიზიკური შეურაცხყოფა ხომ არ მოგაყენეს?

- იყო მუქარა - გაგათავებთ, დაგხოცავთო. ძალადობას რაც შეეხება, იყო ხელის კვრა და მუჯლუგუნები.

- ყვარლის პოლიციის უფროსის გარდა, ადგილზე ვინ იყვნენ თანამდებობის პირებიდან?

- ადგილზე ვინც ვიცანი, იყო ყვარლის პოლიციის უფროსი გურაშვილი, დანარჩენები,ს ძირითადად, თბილისიდან ჩამოსული სამთავრობო დაცვის წარმომადგენლები იყვნენ.

- როგორ და როდის გაგათავისუფლეს, რამე დაზიანება ხომ არ გაქვთ? ნივთები დაგიბრუნეს?

- დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გვითხრეს, რომ შეგვეძლო წავსულიყავით. ფიზიკური დაზიანებები არ გვაქვს. ტექნიკა დაგვიბრუნეს ნაწილობრივ, ანუ კამერები დააბრუნეს კასეტების გარეშე. ჩემი ციფრული ფოტოაპარატიც დააბრუნეს, ოღონდ არ დამიბრუნეს ჩიპი. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ კვლავ შევედით სააკაშვილის ვენახში. შალვამ გადაიღო გადაცემისთვის კადრები, რომელიც „მაესტროს“ ეთერში გავა ოთხშაბათს.

- ვენახში ვინ შეგიშვათ მეორედ, ნებართვა მიიღეთ ვინმესგან? პრეზიდენტი ხომ არ ჩამოვიდა ყვარელში?

- როგორც გითხარით, ვენახს ჭიშკარი არ აქვს. თავიდან არც არავის უთქვამს, რომ არ შეიძლებოდა შესვლა. ჩვენც ჩვეულებრივ შევედით. შესვლიდან ალბათ 5-10 წუთში შემოვიდნენ ყვარლის პოლიციის უფროსის მეთაურობით სამოქალაქო ფორმიანი ხალხი და დაგვატოვებინეს ტერიტორია. კი, პრეზიდენტი იყო ჩამოსული, ანუ ჩვენი დაკავებიდან 5 წუთში მოფრინდა 2 ვერტმფრენი. მეორედ ვენახში შესვლაზე ნებართვა არავის მოუცია. ნაპირიდან გადავიღეთ. ვიდრე ყვარელს დავტოვებდით, ჩვენ მივაკითხეთ ყვარლის პოლიციის სამმართველოს, რომ დაებრუნებინათ ტექნიკის ის ნაწილი, რომელიც მათთან დარჩა. მორიგე პოლიციელისგან მივიღეთ პასუხი, რომ სიტუაციაში „გაერკვეოდნენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

„არა, რას ამბობთ, ვინ გითხრათ?! რამიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის“, - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კი ინციდენტის დღესვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ვენახში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციის სამმართველოში ოფიციალურ კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა აღნიშნეს, რომ გამოძიება სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ითვალისწინებს. ბინაში ან სხვა მფლობელობაში, ჯგუფურად, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორიდან ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები