კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში განსხვავებული აზრის გამოთქმა ჩაქოლვით, გაკიცხვით და დელეგაციებიდან გამოწვევით ისჯება

27 სექტემბერი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

27 სექტემბერს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დეპუტატები პეტრე მამრაძე და აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აკაკი ბობოხიძე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გამოთქმულმა განსხვავებულმა აზრმა გააბრაზა და ოპონენტს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ინტერპრესნიუსის“ საპარლამენტო კორესპონდეტის ცნობით, დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე პეტრე მამრაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს „ქართული პროვოკაცია“ უწოდა, რასაც აკაკი ბობოხიძის აღშფოთება მოჰყვა. მან მამრაძეს „ახვარი“ უწოდა და სახეში ჩაარტყა.

ბობოხიძის დამშვიდება თავად საპარლამენტო უმრავლეობის წევრებმა სცადეს. ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ „პეტრე მამარაძეს სხვა გზა არ აქვს, რადგან მას რუსეთიდან დაურეკეს“.

დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ოპოზიციას სთხოვა, „არ გამოიყენონ მიკროფონები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ“. ყველას მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. მაგრამ ისიც მესმის, რომ არსებობს საზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს. ეს არის სახელმწიფო ინტერესების გადალახვა“, – დასძინა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მართლაც რთულია მოსმენა იმისა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ჩამოიშორა მისი ორი სისხლი და ხორცი – აფხაზეთი და სამაჩაბლო.

„ამის მოსმენა ძალიან მძიმეა, მაგრამ მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. ასევე, ნუ გააკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. აკრიტიკეთ ხელისუფლება, მაგრამ ნუ ავნებთ ქვეყანას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ და ოპოზიციას პირობა მისცა, რომ სანამ პარლამენტის თავმჯდომარეა, ხელისუფლების კრიტიკის გამო, მიკროფონს არავის გამოურთავს.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში კიდევ ერთხელ განაცხადებენ, რომ ომები საქართველოს ინსპირირებული იყო.

ბობოხიძის თქმით, დაპირისპირება არ მომხდარა მიხეილ სააკაშვილის ხსენების გამო, რადგან ის ბევრს უხსენებია სხვადასხვა კონტექსტში.

„არასოდეს ილაპარაკოთ, რომ ეს ომები ქართული მხარის ინსპირირებული იყო“, – მიმართა ბობოხიძემ ოპოზიციას და დასძინა, რომ თუ პარლამენტის დარბაზში მსგავს საკითხებზე საუბარი კიდევ იქნება, ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს.

საერთოდ, აკაკი ბობოხიძე ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა. იგი შეუწყნარებელია განსხვავებული მოსაზრებებისადმი და ოპონენტთან ურთიერთობას მუშტი-კრივით არკვევს. შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებზე ძალადობამ ბობოხიძის ხასიათში რეციდივის სახე მიიღო.

რამდენიმე წლის წინ აკაკი ბობოხიძემ ქუთაისში პირდაპირ რადიოეთერში სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. ამ დროს ბობოხიძე იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე იყო. ინციდენტის შემდეგ იგი თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, აქტიურ პოლიტიკას მაღალ თანამდებობებზე მალევე დაუბრუნდა.

პარლამენტში სიტუაციის განმუხტვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თუ პეტრე მამრაძის პოზიცია მისი ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ პოზიციაა, მაშინ მოხარულია, რომ დეპუტატმა გია თორთლაძემ ამ ფრაქციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო დელეგაციებიდან გამოიწვია.

საპარლამენტო დელეგაციებში დიმიტრი ლორთიფანიძე ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ კვოტით იყო. ეს ფრაქცია დეპუტატმა საგაზაფხულო სესიის მიწურულს დატოვა და ახალ ფრაქციაში გაწევრიანდა. ფრაქცია „ძლიერმა საქართველომ“ მისი ყოფილი წევრის დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხი დასვა, რასაც პლენარულ სხდომაზე, მწვავე დებატები მოჰყვა.

ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა, დიმიტრი ლორთქიფანიძის თანაფრაქციელმა, ჯონდი ბაღათურიამ გააპროტესტა და დაინტერესდა, თუ რატომ განიხილება მხოლოდ გამოწვევის საკითხი და რატომ არ განიხილება ახალი ფრაქციისთვის ახალი კვოტების საკითხი.

ბაღათურიას საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა. მან გაიკვირვა, დელეგაციაში შეყვანა-გამოყვანის საკითხმა რატომ გამოიწვია ასეთი ემოციები. მისი თქმით, ახალ ფრაქციას რომელიმე დელეგაციაში კვოტა რომ ჰქონდეს, მაშინ ვაკანსია უნდა არსებობდეს. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ სანამ ვაკანსიები არ იქნება დელეგაციებში, მანამდე შეუძლებელია ახალი ფრაქციისთვის ახალი კვოტების გამოყოფის საკითხის განხილვა.

გოგორიშვილს თავად დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა და დაინტერესდა, როდის განიხილავენ მისი „მეგობრობის ჯგუფებიდან“ გამოწვევის საკითხსაც. მანვე ხაზი გაუსვა, რომ   გამოიწვიეს როგორც ეუთო-ს, ისე სუამის და მართლმადიდებელ ქვეყნებთან ურთიერთობის საპარლამენტო დელეგაციიდან, რომლის შექმნის ინიციატორიც თავად არის. ლორთქიფანიძის თქმით, ეს მისი პოლიტიკური დევნაა, განსხვავებული პოზიციების გამო.

დებატების დასასრულს დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიმართა და ოპოზიციონერ დეპუტატებს რეგლამენტის კარგად წაკითხვა სთხოვა.

„გთხოვთ, წაიკითხოთ რეგლამენტი ერთხელ მაინც, სანამ შოუებს დადგამთ და მიკროფონთან დადგებით და ამის შემდეგ გამოდით ხოლმე მგზნებარე სიტყვით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ახალი ამბები