კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდ-ის თანამშრომელი ამბობს, რომ მკვლელობის დროს აფექტურ მდგომარეობაში იყო

30 სექტემბერი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

2 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში და ერთი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა კუდ-ის უფროსმა ოპერატიულმა თანამშრომელმა, 30 წლის დავით ჩოთალიშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა. ჩოთალიშვილის თქმით, როცა გაისროლა, აფექტურ მდგომარეობაში იყო. 

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური ჩოთალიშვილის საქმეს 1 სექტემბრიდან იხილავს. ჩოთალიშვილს ბრალი ედება საქართველის სსკ-ის 19-109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 8 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შსს-ს კუდ-ის თანამშრომელმა დავით ჩოთალიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაბელური იარაღიდან გასროლით დახოცა შოთა ბატიაშვილი და გიგა გემაზაშვილი. ჩოთალიშვილმა, ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, მაგრამ ააცილა. გიორგი დათუკიშვილმა გაქცევა მოახერხა. 

13 სექტემბერს გამართულ პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ დანაშაულს აღიარებს. 21 სექტემბერს პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ ბრალდებულის ადვოკატმა ბაადურ გულიაშვილმა ჩოთალიშვილის დაცვაზე უარი თქვა. ადვოკატის განმარტებით, მან საჯარო სამსახურში დაიწყო მუშაობა და პროცესზე გამოსვლის უფლება აღარ აქვს. მოსამართლემ ბრალდებულს, მისივე თანხმობით, დამცველი სახაზინო წესით დაუნიშნა.

საქმის განხილვა 29 სექტემბერს გაგრძელდა. ბრალდებულის ადვოკატმა მანანა თანდაშვილმა განაცხადა, რომ ჩოთალიშვილს სურდა სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა. 

დავით ჩოთალიშვილი: „7 ივლისს, შვებულება მქონდა სამსახურში აღებული და წინანდალში ჩავედი. ამ დღეს, ნათლისმცემლობას მეგობრები ერთად აღვნიშნავდით. ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე ვიქეიფეთ. დაახლოებით 12-ის ნახევარზე ჩემს მეგობართან, დავით გავაშელიძესთან ერთად სახლში წავედი. დავით გავაშელიძეს წინანდლის ცენტრში მაღაზია აქვს. იქ გავჩერდით. დათომ რაღაც აიღო მაღაზიიდან. მე, გარეთ, კლუბის მარცხენა მხარეს ველოდებოდი. ამ დროს მოვიდა ჩემთან გიორგი დათუკიშვილი. მე მას ვიცნობდი, ადრე ერთად ვვარჯიშობდით. მქონდა ისეთი ურთიერთობა, როგორც თანასოფლელებს აქვთ ხოლმე. მოვიკითხე, გადავკოცნეთ ერთმანეთი. თქვენ ყველანი მიყვარხართ მეთქი, თქვენ ჩემზე პატარა თაობა ხართ და თქვენს გვერდზე ვიქნები მეთქი. ჩემი ნათლიის შვილები - ბოლქვაძეებიც თქვენი თანატოლები არიან მეთქი. ამ სიტყვებზე მას ჰქონდა აგრესიული რეაქცია და მკითხა, რა პონტში მიხსენებ ბოლქვაძეებსო. გამიკვირდა ეს რეაქცია. ვუთხარი, ვახსენებ იმიტომ, რომ თანატოლები ხართ, ჩემი ახლობლები არიან და სიყვარული ამბავში შევადარე მეთქი. მას ისევ აგრესიული რეაქცია ჰქონდა. მოითხოვდა, ამეხსნა, რატომ ვახსენე ისინი. მის ხმამაღალ საუბარზე მოვიდნენ მისი მეგობრები. სიტუაცია დაიძაბა და მიდიოდა ჩხუბისკენ. ამ დროს მოვიდა ჩემი მეგობარიც. დათუკიშვილს ვთხოვე, საკრებულოს შენობასთან გადავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ მეგობრების გარეშე მეთქი. მე და დათუკიშვილი გზის მეორე მხარეს გადავედით და ვთხოვე აეხსნა, რა უნდოდა. მისი მოთხოვნა იყო უცვლელი და აგრესიული. რატომ ვახსენე მე ის ადამიანები. ხმამაღლა საუბარზე გადმოვიდნენ მისი მეგობრები. ჩემს მეგობარსა და დათუკიშვილის მეგობრებს შორის მოხდა აგრესიული შელაპარაკება. მე ვუთხარი დათო გავაშელიძეს, წავიდეთ და ხვალ ვილაპარაკოთ მეთქი და ჩემი სახლის მიმართულებით წამოვედი. დათუკიშვილი დამედევნა და გამაჩერა. მეუბნება, რომ ეს საუბარი დღესვე უნდა გაგრძელდეს და გავარკვიოთო. გავჩერდი. დაახლოებით 10-12 კაცი შეგროვდა ჩემს გარშემო. გავაშელიძე ამ დროს ჩემს გვერდით არ არის. დათუკიშვილმა ისევ მითხრა, დღესვე გავარკვევთ ყველაფერსო, გამოიწია ჩემსკენ და დედა შეიგინა. აი, ამ მომენტში ამოვიღე ჩემი კუთვნილი იარაღი, შეშინების მიზნით გადავტენე და ვთქვი, ახლოს არცერთი არ მოხვიდეთ მეთქი. დათუკიშვილი და მისი თანხლები პირები წამიერად შეჩერდნენ. მე ისევ ჩავიდე იარაღი ჯიბეში და დავაპირე სახლში წასვლა. ამ მომენტში დათუკიშვილი იძახის, აქ შენი დედაც, ბოლქვაძეებისაც და ვინც არ ისროლოს და სისხლი არ დაიღვაროსო. ისინი იყვნენ ძალიან აგრესიულები. წამოვიდნენ ჩემი მიმართულებით. მე ხელი ამ დროს იარაღზე წავივლე, იმ მიზნით, რომ არ ამომვარდნოდა ან ვინმეს ხელი არ ეტაცა. ამ მომენტში, როცა ვეღარ გავაკონტროლე ჩემი თავი, გავისროლე, ხუთჯერ. რა მოხდა ჩემს ზურგს უკან, არ დამინახავს. რომ მოვრბოდი ვერავის ვერ ვხედავდი. ვიყავი საშინლად შეურაცხყოფილი და განერვიულებული, თითქმის აფექტურ მდგომარეობაში. ერთადერთი ვინც თვალში მომხვდა, იყო დათუკიშვილი. გავიქეცი მისი მიმართულებით და ვისროლე. დანარჩენი, მერე რა იყო, როგორ წამოვედი სახლში და ა.შ. ზუსტად აღარ მახსოვს. დავით გავაშელიძე რომ მოვიდა სახლში და მითხრა, რომ ვიღაც დაიჭრა და დაიღუპა, მე საშინლად განვიცადე. ვუთხარი, რომ დაერეკა პოლიციაში. მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები. ჩავაბარე იარაღი, საბუთები და ჩემი ნებით ჩავბარდი. 

მინდა, რომ კიდევ ორი სიტყვა მეთქვა. საშინლად განვიცდი იმას, რაც მოხდა. (გარდაცვლილი შოთა ბატიაშვილის დამ წამოიძახა. მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა). ყოველდღიურად ვლოცულობ ჩემი და მათი სულებისთვის. შეიძლება არ დამიჯეროთ, რომ ბევრჯერ მინდა მათ ადგილებზე მე ვყოფილიყავი. მე თუ მოვკვდებოდი, ყველასთვის საძულველი მკვლელი არ ვიქნებოდი. გიორგი დათუკიშვილი, რომელიც არის სათავე ამ უბედურებისა, აქ, განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს. მისი ქუჩური მენტალიტეტის გამო მოხდა ეს. მე დავამთავრე. მეტი არაფერი აღარ მაქვს სათქმელი“.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა, რადგან ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, ყველა ის მტკიცებულება, რაც საქმეშია წარმოდგენილი, უდაოდ იქნეს მიჩნეული გამოკვლევის გარეშე. 

პროცესი 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაგრძელდება. 

ბრალდების სრულად დამტკიცების შემთხვევაში 30 წლის დავით ჩოთალიშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

საქმის განხილვის მიმდინარეობით უკმაყოფილოები დარჩნენ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და ახლობლები. შოთა ბატიაშვილის ბიძამ აღნიშნა, რომ პროკურორი ბრალდებულის მხარეს არის და დავით ჩოთალიშვილმა ისეთი ჩვენება მისცა, როგორც დაარიგეს. „უნდათ, რომ სასჯელი შეუმსუბუქონ. მაგნაირი ნაძირალები სჭირდებათ, ყველაფერზე წამსვლელები“, - აღნიშნა გარდაცვლილის ბიძამ. 

გარდაცვლილთა მშობლები და ახლობლები ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ.

ახალი ამბები