კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მელაანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს პედაგოგი გაიტაცეს

5 ოქტომბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

26 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სკოლა დაათვალიერა. სკოლის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილი ეზოში მოქალაქეებს შეხვდა. ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდა. სკოლის ეზოდან ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

- ქალბატონო ლამზირა, სად მუშაობდით?

- სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ და დაწყებითი კლსების მასწავლებლად.

- რომელ სკოლაში?

- ჩალაუბანში.

- გაგათავისუფლეს ხომ იქიდან?

- კი.

- რატომ?

- აქ ვიცი. უაზროდ!

- გაასაჩივრეთ?

- დიახ, პრეზიდენტის აპარატში მქონდა წერილი შეტანილი და მინდოდა პრეზიდენტის ნახვა. გავიგე, რომ მელაანის სკოლა იხსნებოდა და პრეზიდენტი უნდა ჩამოსულიყო. გადავწყვიტე, რომ მივალ პრეზიდენტთან და სიმართლეს ვეტყვი მეთქი, მაგრამ როგორც კი შემნიშნეს, რომ მე იქ ვიყავი და ხალხში ვიდექი, გამათრიეს.

- ვინ გაგათრიათ?

- ერთი პიროვნება მოვიდა და მიბრძანა, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო (ტირის). რას ვაშავებ-მეთქი, მოკრძალებით ვუთხარი. გაგათრევთ აქედანო, - ამ სიტყვების თქმა და ორი ბიჭის დაცემა ერთი იყო, გამიყვანეს თრევით.

- დიდი ხანი გათრიეს?

-  ალბათ, ერთი, ხუთასი მეტრი მათრიეს. მიწაზე მათრევდნენ, მერე მანქანა მოვიდა, არ ვჯდებოდი მანქანაში და შემტენეს იმ მანქანაში (ტირის).

- რა მანქანა იყო?

- ვერცხლისფერი მანქანა იყო...

- თვითონ ის პირები, ვინც გაგიტაცეს ვერ იცანით?

- არა, ჩემთვის უცნობები იყვნენ (ტირის). ვეხვეწებოდი, დამანებეთ თავი, არ მინდა პრეზიდენტის ნახვა, სხვაგან შევხვდები, გამანებეთ თავი-მეთქი. მანქანის მინაზე მარტყმევინეს თავი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჩავაგდოთ მანქანაშიო. ვეუბნებოდი, არ მინდა-მეთქი თქვენი მანქანა. სულ არ მინდა პრეზიდენტის ნახვა, სხვა გზით ვნახავ, ოღონდ თავი დამანებეთ-მეთქი. ძალით, ხელით, ფეხით შემტენეს მანქანაში, შემათრიეს, სულ თავი მარტყმევინეს მანქანის მინაზე (ტირის). ისეთ დღეში ჩამაგდეს... მანქანიდან ვხტებოდი, დამიკეტეს კარები, მე ვუთხარი სიცოცხლეს ჩემთვის აზრი აღარ აქვს, რად მინდა სიცოცხლე ამ უსამართლობაში. სიმართლეს ვერ ვპოულობ ვერსად და თავი უნდა მოვიკლა-მეთქი. გონი დავკარგე, ვეღარაფერი ვეღარ გავიგე მერე, როგორ აღმოვჩნდი კაჭრეთის საავადმყოფოში, ისიც არ ვიცი.

- საავადმყოფოში რომ მიხვედით მერე რა მოხდა?

- საავადმყოფოში ამათ უთქვამთ, გზაზე დაგდებული  ვიპოვეთო. პასპორტები არ გამოუჩინეს ექიმებს, აქაურები არა ვართ ჩვენ, ქრისტიანები ვართო, შეგვეცოდა და მოვიყვანთო. მერე, როცა უკვე მდგომარეობიდან გამოვედი, მკითხეს, აბა, რა დაგემართაო და მაშინ ვაღიარე, რომ ხალხიდან გამათრიეს. მთელი ამდენი ხალხი მიყურებდა, როგორ მათრიეს.

- არავინ არ მოგეხმარათ?

- არა, ვინ მომეხმარებოდა, იციან, რანიც არიან; მერე მოვიდნენ და ბოდიშებს მიხდიდნენ, გვაპატიე, უძლურები ვიყავით და ვერ მოგეხმარეთო (ტირის).

- ვერ ამოიცნობთ იმ ადამიანებს, ვინც გაგიტაცათ?

-კი, ამოვიცნობ, აუცილებლად ამოვიცნობ, მანქანასაც ვიცნობ.

- გამოძიება დაიწყო თუ არა?

- გამომძიებელი მოვიდა... შავლიაშვილი ხათუნა, კაჭრეთის გამომძიებელი. მითხრა, თუ მანქანა ვიპოვეთო... მე ვუთხარი, როგორ, მანქანა სახეზეა და მძღოლი ვერ უნდა იპოვოთ, ვინ იყო-მეთქი? ჰოდა, აი, თუ ვიპოვეთ, ვნახოთო, ასეთი იმედი მომცა. ექსპერტი რატომ არ მოგყავთ-მეთქი? ექსპერტის მოსვლა, თურმე არ შეიძლება, თუ პოლიციამ არ გამოიძახა. ექსპერტს, როცა უფროსი გადაწყვეტს, მაშინ მოვიყვანთო. როცა იარები გამივლის, მაშინ უნდა მომიყვანონ-მეთქი? გუშინაც დავურეკე, სადა გყავთ ექსპერტი-მეთქი და დღემდე არ მოუყვანიათ ექსპერტი.
გურჯაანის საავადმყოფოში ნევროპათოლოგმა გამსინჯა და დამიდგინა ტვინის შერყევა. მირჩიეს საავადმყოფოში დარჩენა, დავაკვირდეთ მოვლენებსო და თუ ეს მოვლენები ან შეიცვლება ან გართულდება, თბილისიდან გამოვიძახებთ რეანომობილს და ნეიროქირურგიულ ინსტიტუტში გადაგიყვანთო. არ დავეთანხმე და რომ ნახეს, სერიოზული მდგომარეობა იყო, ხელი მოგვაწერინეს, რომ ჩემი სურვილით წამოვედი საავადმყოფოდან.

- მიმართეთ ვინმეს? გამგებელს ან გუბერნატორს დაუკავშირდით? გიორგი ღვინიაშვილი, კახეთის გუბერნატორი ხომ თქვენი თანასოფლელია, ხომ არ მიგიმართავთ?

- არ მიმიმართავს გიორგი ღვინიაშვილისთვის. მე გამომძიებელს ვკითხე, იცის გუბერნატორმა ეს ამბავი-მეთქი და გაჩუმდა, არაფერი არ მიპასუხა და ჩავთვალე, რომ, ალბათ, იცის-მეთქი.

პედაგოგს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. ექიმის დასკვნით, აქვს თავის ტვინის შერყევა და წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული. უფულობის გამო ის მკურნალობას სახლში გადის.

ჩვენ კაჭრეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს თამარ ჯაფარიძეს ვესაუბრეთ. 26 სექტემბერს დაშავებული ლამზირა ყორჩიშვილი სამედიცინო პუნქტში სწორედ მან მიიღო. „შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. კონტაქტში არ შემოდიოდა. ისტერიის ფონზე კრუნჩხვებიც განვითარდა. ასევე ჰქონდა სუნქთვის უკმარისობა. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ის კონტაქტში შემოვიდა. რომ შემოიყვანეს, არ უთქვამთ ვინ იყვნენ. გზაზე ვიპოვეთო. დატოვეს და წავიდნენ. მანქანის მარკა და ნომერი არ მახსოვს“, - აღნიშნა ექიმმა.

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი პრეზიდენტის ვიზიტის დროს მელაანის საჯარო სკოლის ეზოდან ვინმეს გატაცების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. „რას ამბობ, ეს სრული აბსურდია. ასეთი რამ არ მომხდარა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ 26 სექტემბერს, მელაანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ყოფილი მასწავლებელი ლამზირა ყორჩიშვილი, რომელსაც სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა უნდოდა, გურჯაანის პოლიციის უფროსის ლევან ბიწკინაშვილის მანქანით გაიტაცეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ვერცხლისფერი მანქანა სახელმწიფო ნომრით GEG – 020, შს გურჯაანის სამმართველოს ბალანსზეა. მანქანა ამ დროისთვის გურჯაანის პოლიციის ეზოში დგას. პედაგოგის გატაცების საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები