10:43, Monday, 01.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზურაბ ოტიაშვილი - რაც დუშეთში ხდება, მთელმა საქართველომ არ უნდა გაიგოს

06.10.2011

გელა მთივლიშვილი

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, დუშეთის რაიონში სამსახურიდან უკვე სამი ადამიანი გაათავისუფლეს. დანარჩენებს უთხრეს, რომ კანონის წინაშე დამნაშავეები არიან, რადგან ჟურნალისტებს ესაუბრნენ.

მუშა - გივი პაპკიაური

გივი პაპკიაური დუშეთში, ერისთავის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2011 წლის ივლისიდან მუშად მუშაობდა. 14 სექტემბერს მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს მან დაუდასტურა, რომ შპს „რაგოს“ მუშების მიმართ სახელფასო დავალიანება ჰქონდა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე მას შპს „რაგოს“ წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

„მითხრეს, რომ მეტი სამუშაო აღარ არის და დაისვენეო, თუ რამე გამოჩნდა დაგიძახებთო. იმ საღამოს ასფალტის დაგება გააგრძელეს, მაგრამ ჩემთვის არავის დაუძახია. თავიდან მომიშორეს ინტერვიუს მოცემის გამო. სიმართლის გარდა მე თქვენთვის არაფერი მითქვამს,“ - აღნიშნა გივი პაპკიაურმა.

შპს „რაგოს“ დირექტორის იური პირველის განცხადებით, რაც პაპკიაურმა ჟურნალისტებს უთხრა, ტყუილი იყო. „კომპანიას არცერთი თანამშრომლის მიმართ სახელფასო დავალიანება არ აქვს. რაც პაპკიაურმა გითხრათ, სრული ტყუილია, თუმცა ის ამის გამო არ გაგვითავისუფლებია. სამუშაოები დასრულდა და გავუშვით“, - განაცხადა „რაგოს“ ხელმძღვანელმა.

შატილის თემის რწმუნებული - ნინო ჭინჭარაული

მანამდე, ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემის გამო სამსახურიდან შატილის თემის რწმუნებულიც გაათავისუფლეს. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა 16 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია დუშეთის გამგებელს და ზურაბ ოტიაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ. სტატიაში დუშეთის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დოდო ჩოხელი აცხადებდა, რომ 2009 წლის ნოემბერში, გამგეობამ შატილში ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 9 422 ლარი გახარჯა, არადა ამ დროს შატილში ნაპირსამაგრი სამუშაოები ვერ ჩატარდებოდა, რადგან დიდი თოვლი იყო.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მაშინ შატილის თემის რწმუნებულმა ნინო ჭინჭარაულმა დაადასტურა, რომ 2009 წელს შატილში მისასვლელი გზა ოქტომბრის ბოლოს ჩაიკეტა, გაზაფხულამდე არ გახსნილა და შატილში არაფერი გაკეთებულა.

სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 17 აგვისტოს, ნინო ჭინჭარაული დუშეთის გამგეობაში დაიბარეს და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს. ჭინჭარაული ადასტურებს, რომ განცხადება თავად დაწერა, ოღონდ ამბობს, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო. „სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება საკუთარი სურვილით დავწერე. გავთხოვდი და შატილში სიარულს ვეღარ შევძლებ“, - აღნიშნა ჭინჭარაულმა.

„ჭინჭარაულმა რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით თვითონ მოგვმართა. მისი განცხადება დავაკმაყოფილეთ“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა.

ყვავილის სკოლის დირექტორი - ირაკლი ჭონქაძე

8 სექტემბერს მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა ფოტორეპორტაჟი მოამზადა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლიდან. რეპორტაჟში სკოლაში და სოფელში არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სკოლის დირექტორი ირაკლი ჭონქაძე გამგეობაში დაიბარეს. ჭონქაძეს გამგეობაში უსაყვედურეს, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე ჟურნალისტები სკოლაში არ უნდა შეეშვა. სკოლის დირექტორს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინეს. ირაკლი ჭონქაძე კომენტარს არ აკეთებს. ის ყვავილის საბაზო სკოლის დირექტორად 2011 წლის თებერვალში დაინიშნა.

დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინა ბანცური ადასტურებს, რომ ყვავილის საბაზო სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა. „სკოლა ბევრ ენერგიას მოითხოვს. ირაკლი ჭონქაძემ შესაძლოა, ვერ გაუძლო ასეთ დატვირთულ გარემოში მუშაობას, ან უკეთესი სამსახური მოძებნა და გადაწყვიტა, სამსახურიდან წავიდეს. მისი განცხადება სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გავგზავნეთ. სამინისტროდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია,“ -  ამბობს ბანცური.
აქციის მონაწილეები

26 სექტემბერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის - ცენტრის თანამშრომლებმა დუშეთის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამსახურიდან ტექნიკური მენეჯერის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და სერვის - ცენტრის ხელმძღვანელს ვახტანგ ყიფშიძეს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა აქციის შესახებ ფოტორეპორტაჟი მოამზადა და აქციის მონაწილეებთან ვიდეოინტერვიუც ჩაწერა. იმავე საღამოს აქციის მონაწილეები გამგეობაში დაიბარეს. დუშეთის საკრებულოს წევრმა ზურაბ ოტიაშვილმა მათ უთხრა, რომ კანონის წინაშე ისინი დამნაშავეები იყვნენ, რადგან აქცია გამართეს და ჟურნალისტებს გააგებინეს. „ოტიაშვილმა გვითხრა, რომ „თანამედროვე საქართველოში“ აქციებით არაფერი წყდება და ჩვენი პროტესტი ჟურნალისტებამდე არ უნდა მიგვეტანა. ოტიაშვილს ის სურათები ჰქონდა ამობეჭდილი, ჟურნალისტმა რომ გადაიღო. გვაჩვენა და გვითხრა, კანონის წინაშე დამნაშავეები ხართ, განცხადებები რომ დაწერეთ, აქცია მოაწყეთ და ჟურნალისტებს გააგებინეთო. რაც დუშეთში ხდება, მთელმა საქართველომ არ უნდა გაიგოსო. ეს დანაშაულია, ჩემთვის უნდა მოგემართათო“, - აღნიშნეს მუშებმა. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა, ოღონდ მან ოტიაშვილსა და მუშებს შორის ასეთი დიალოგი უარყო.

კონტროლი „ფეისბუქში“

26 სექტემბერს მოქალაქე თამარ წოწკოლაურმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის გვერდზე „ფეისბუქში“ ფშავის სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ გვიამბო. მისი თქმით, სოფლები წითელი კლდე, საცხავატლო, ფიჭვიანი, დოლოშა, ვარცლა, ახალციხე სრულიად უყურადღებოდ არის მიტოვებული. რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. მაგალითად, სოფელ წითელ კლდეში მაღაზიაც იყო, მედპუნქტიც და სკოლაც. ყოველ შაბათ-კვირას ავტობუსი დადიოდა და სოფლის მაცხოვრებლები ქალაქში ჩაჰყავდა, რომ ბაზარზე რძის ნაწარმი გაეყიდათ და ფქვილი და სხვა საჭირო პროდუქტი ეყიდათ ზამთრისთვის. ახლა კი აღარც ავტობუსი დადის, სოფელში არ გაზია, არც წყალი და არც გზა, აღარც სკოლაა და აღარც ექიმი. თამარ წოწკოლაურმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემების გამო ფშავის სოფლები ხალხისგან იცლება.

5 ოქტომბერს თამარ წოწკოლაურმა დაწერა: „ჩემთან ატყდა ზარები და საყვედურები, რომ თურმე მე რწმუნებულს ვუჩივი. გადაიკითხეთ წერილები კიდევ ერთხელ და მაჩვენეთ ის წერილი, სადაც კონკრეტულად მოვიხსენიებ ვინმეს.

- ქალბატონო თამარ, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის გვერდზე დისკუსია რომ გაიმართა თქვენსა და კიდევ ერთ ქალბატონს შორის, მას ემდეგ დაგირეკეს?

- დიახ, ზუსტად ასეა. ე.ი ადამიანმა სიმართლე არ უნდა თქვას? და გონია ამით შემაშინებენ? მე ვიგულისხმე, მთავრობა ხომ შეგვპირდა (სააკაშვილი) გაზი, წყალი, გზა ყველა სოფელსო და ამას ვგულისხმობ და ამ ქალბატონმა იმ სოფლის გამგებელს უთხრა, გიჩივითო. მან რწმუნებულს უთხრა და ასე ამიბუნტდნენ“, - აღნიშნა თამარ წოწკოლაურმა.

ხელის შეშლა

ამ ფაქტების გამო რეგიონში საჯარო მოსამსახურეები მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბარს სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებენ. მათი განმარტებით, ისინი ინფორმაციის გაცემაზე უარს არ ამბობენ, თუმცა ჟურნალისტებს სთხოვენ, რომ წერილობითი განცხადებით მიმართონ და კომენტარს წერილობით გააკეთებენ. აუცილებლობის შემთხვევაში ჟურნალისტები კომენტარის მოპოვებას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არაფერი საერთო არ აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან, წერილობითი ფორმით ცდილობენ. ამას ბევრი დრო მიაქვს და ჟურნალისტებს მუშაობაში პრობლემები ექმნებათ.

დაზუსტებული ინფორმაციით, ჭინჭარაულის, პაპკიაურის და ჭონქაძის სამსახურიდან გაშვება ზურაბ ოტიაშვილმა მოითხოვა. ოტიაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი წევრია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, თუმცა მუნიციპალიტეტში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ის იღებს. ის ესწრება თითქმის ყველა შეხვედრას, სადაც რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ოტიაშვილი მასპინძლობს რაიონში გუბერნატორს, მინისტრებს და სხვა თანამდებობის პირებს.

ზეწოლის ფაქტები

ვიდრე ოტიაშვილი მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლას რესპონდენტებზე ზეწოლით ეცდებოდა, მანამდე მან სხვა „ზომებიც მიიღო“.

თავდაპირველად, გამგეობის თანამშრომლებმა ორი ადგილობრივი, დუშეთში მცხოვრები ჟურნალისტი დააშინეს, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობა შეეწყვიტათ. ჟურნალისტები სამუშაოდ კონკურსის წესით იყვნენ შერჩეულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ჟურნალისტებმა გვითხრეს, მათ ოჯახის წევრების დაკავებით დაემუქრნენ. მუქარა საკრებულოს წევრის ზურაბ ოტიაშვილის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა ჯანაშვილის სახელით გამგეობის თანამშრომელმა, გაზეთ „დუშეთის მაცნეს“ რედაქტორმა მიხეილ ჭონქაძემ და კიდევ ერთმა მოხელემ განახორციელეს. იმავე საღამოს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა კონკურსის წესით შერჩეულმა მძღოლმაც, მიზეზი ვერ დაასახელა.

5 ივლისს, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს, გამგეობის კანცელარიიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის ჩაბარების თაობაზე დოკუმენტის მიღება სურდათ. გამგეობისა და საკრებულოს დაცვის სამსახურის უფროსმა თემურ აბულაშვილმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე დღეს, ზურაბ ოტიაშვილის დავალებით, გამგეობაში დაიბარეს ოფისის მეპატრონე, სადაც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრია განთავსებული. შეხვედრა ოტიაშვილის სამუშაო ოთახში შედგა. შეხვედრას ოტიაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, სახელმწიფო ზრუნვის დუშეთის ფილიალის (დუშეთის შშმპ პანსიონატი) დირექტორი დარეჯან თომაძეც ესწრებოდა. მათ პირდაპირ მოსთხოვეს ოფისის მეპატრონეს, რომ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან იჯარის ხელშეკრულება გაეწყვიტა და ჟურნალისტები ოფისიდან გაეძევებინა. იმავე საღამოს, ოფისის მეპატრონე მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში მივიდა და მორიგე რედაქტორი გააფრთხილა და მოსთხოვა, რომ რამდენიმე დღეში ოფისი დაეცალათ. ქალბატონმა მიზეზი ვერ დაასახელა, აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ასეთი იყო. ჩვენ ქალბატონს ავუხსენით, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა პროექტის განხორციელებას საფრთხე დამუქრებოდა, რის გამოც კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი ვთქვით. ამასთან, ოფისის მეპატრონე გავაფრთხილეთ, რომ კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სასამართლოს მივმართავდით და მისგან მატერიალურ კომპენსაციას მოვითხოვდით.

8 ივლისს, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ოფისის მესაკუთრის და ნანა პ. სამსახურიდან გაათავისუფლეს.

15 ივლისს, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი - ბოსელი „ილია ჭავჭავაძის სასამართლოში“. ცენტრი იუწყებოდა, რომ დუშეთის სასამართლოს ყოფილი შენობა, სადაც 1864 - 1873 წლებში ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, ინგრევა. შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სანაგვედ და საქონლის თავშესაფრად არის ქცეული. ილიას „სამუშაო ოთახში“ და სასამართლოს დარბაზში ბოსელია. ძეგლი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო, მოულოდნელად ყოფილი პარლამენტარის, მარინა მოლოდინის და კიდევ ერთი კერძო პირის მფლობელობაში აღმოჩნდა. 2011 წლის 16 თებერვალს, ეზოდან, ილია ჭავჭავაძის ბიუსტიც მოიპარეს. იმავე დღეს ამ თემაზე სიუჟეტები მოამზადეს საერთო ეროვნულმა ტელეკომპანიებმა. ამბის გაშუქებით აღშფოთებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა ჟურნალისტს შეუთვალა, „გიორგი სააკაძე“ არ გინახავს ალბათ, არ გეშინია, დედამისს შენი თავი გავუგზავნოთო“...

29 ივლისს, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა სტატია, „პრეზერვატივების ასაკრეფად რომ არ მივედი, სამსახურიდან გამათავისუფლეს“. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დოდო ჩოხელი, რაიონის გამგებელს ლაშა ჯანაშვილს სასამართლოში უჩივის. „სამსახურიდან იმიტომ გამათავისუფლეს, რომ ზურაბ ოტიაშვილის კაბინეტის ფანჯრიდან ეზოში გადაყრილი პრეზერვატივების ასაკრეფად არ მივედი“ , - ამბობს ჩოხელი.

30 ივლისს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დუშეთიდან ერთ-ერთმა ნაცნობმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს მიწერა: „ოტიაშვილმა დაიტრაბახა, არ ეშინიათ მოულოდნელად მანქანამ რომ არ დაამუხრუჭოს ან ოფისში გაზის ბალონი რომ აუფეთქდეთო?“.

2 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესულ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს მანანა ქველიაშვილს თავს დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაესხა, ხელჩანთა გამოგლიჯა და გაჩხრიკა. ჟურნალისტის თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი გაეკიდათ და მათ მოუწოდებდა, ჩანთაში არაფერი ჩაედოთ. ინციდენტის შემდეგ ზურაბ ოტიაშვილსა და მანანა ქველიაშვილს შორის ასეთი საუბარი გაიმართა: ზურაბ ოტიაშვილი: რატომ მიდიხართ, გგონიათ დაგიჭერთ? მანანა ქველიაშვილი: როგორ დამიჭერთ? ზურაბ ოტიაშვილი: რატომ? ვერ მოგერევით? მანანა ქველიაშვილი: თქვენ არ ხართ უფლებამოსილი პირი, ვისაც ადამიანის დაჭერის უფლება აქვს. საკრებულოს რიგითი დეპუტატი ხართ! ზურაბ ოტიაშვილი: უშიშროებაში 15 წელი ვმუშაობდი. იმნაირები დამიჭერია“...

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მხარდაჭერით, 2011 წლის ივნისიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია რეგიონში არსებულ სიტუაციაზე პროფესიული სტანდარტების დაცვით ჟურნალისტური მასალების მომზადება და გავრცელება. მცირე ხნის მანძილზე, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი და საზოგადოებრივი პრობლემები. კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხები ხელფასებსა და პრემიებზე იხარჯება; ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა; დუშეთის და ჟინვალის დაზიანებული კანალიზაციებიდან ფეკალური მასები მდინარე არაგვში ჩაედინება, საიდანაც სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობა მარაგდება; უკანა ფშავში ბავშვის დახრჩობის მიზეზი სტიქია კი არა უხარისხოდ აგებული ხიდი გახდა, რომელმაც მდინარის ადიდებას ვერ გაუძლო და ჩაინგრა; მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ინგრევა; ბოსელი ილია ჭავჭავაძის სასამართლოში; დუშეთის წყალმომარაგებისათვის რამდენიმე მილიონია დახარჯული, ქალაქს კი სასმელი წყალი არ აქვს და ა.შ. ასევე, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა დაიწყო ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება, რეგიონში არსებულ კორუფციის ფაქტებზე. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მასალებზე დაყრდნობით ინფორმაცია გავრცელდა ნაციონალურ ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებში.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ..........
2011-12-05 10:03
უსამართლობაააა
სახელი: გიორგი
2011-10-11 15:05
zurab otiaSvilis didqarTvelobas da vaJkacobas ugnurebi ver dainaxaven imitom, rom borots keTilis danaxvis unari arasodes ar hqonia da axla ratomRa unda gvqondes imedi! guli imaze mtkiva mxolod da meSinia kidec, rom guli ar gautexoT aseT qarTvelebs da mere ra pasuxi uTxraT Cven Svilebs! manana qveliaSvili ki uniWo da araprofesionali viTom Jurnalistia da Tavis karieraSi rom seriozuli veraferi gaakeTa popularoba intrigiT da tyuilebiT unda moutanos Tavis Tavs! amas mTeli pasuxismgeblobiT vacxadeb, imitom, rom kargad vicnob qalbaton manana qveliaSvilsac, rogorc viTom Jurnalists da baton zurab otiaSvilsac, romelsac qveynis da samSoblos didisiyvaruli Tu ara, amdenisgakeTeba SeuZlebelia.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC