NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% (ცვლილებაზე ინფორმირებულთა 48 პროცენტიდან) არ ეთანხმება სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებას, რომლის შედეგადაც ყველა რელიგიურ გაერთიანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.
როგორც კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ აღნიშნა, გამოკითხულთა 48%-ს ამგვარი ცვლილებების შესახებ სმენია, 47%-მა კი ამის შესახებ არაფერი იცის. გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო, ხოლო ვისაც სამოქალაქო კოდექსში შესულ ამგვარ ცვილელებზე სმენია, მათი 78% მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს, 86%-ის აზრით კი ამ საკითხზე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო.
NDI-ის კვლევა 2011 წლის 9-21 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 2 425 ადამიანი. კვლევა მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, ასახავს რესპონდენტთა დამოკიდებულებას დემოკრატიის, მიმდინარე მოვლენებისა და რეფორმების, ასევე, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართ. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის განვითარების სააგენტო და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი.
ინტერპრესნიუსი