18:06, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ომი განცხადებებით - ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დეტალები

13.10.2011

ალექსი ბეჟანიშვილი

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ ხრიკებს წააწყდა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმა. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილს არც პარტიის შექმნის და არც სხვა პარტიების დაფინანსების უფლება არ ექნება, რადგან ერთიც და მეორეც, საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ.

ამ ეტაპზე ივანიშვილის ადვოკატსა და ხელისუფლებას შორის იურიდიული ომი მიმდინარეობს თემაზე - რამდენად კანონიერად ჩამოერთვა ბიზნესმენს საქართველოს მოქალაქეობა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ პირველი განცხადება 11 ოქტომბერს გაავრცელა. მასში აღნიშნულია: „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“.

შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, სამოქალაქო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ საქართველოს გარდა რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეც იყო. კერძოდ, მან 7 ოქტომბერს გავრცელებულ საჯარო განცხადებაში აღნიშნა:  „და კიდევ ერთი: ჩემი კაპიტალის დაახლოებით მესამედი, სხვადასხვა ბიზნესის სახით, მდებარეობს რუსეთში. იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ამავე მიზეზით უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთის და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს“.

რატომ ახლა და არა მანამდე?!

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიხედვით, პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში არც პარტიის შექმნა შეუძლია და არც პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსება. კერძოდ, პარტიას ეკრძალება ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება: სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

ამასთან, პრეზიდენტად და დეპუტატად მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება აირჩეს.

ასევე, „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს პრეზიდენტობა, პრემიერ-მინისტრობა და პარლამენტის თავმჯდომარეობა არ შეუძლია.

ასევე, კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ახლა ქართული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი ლელა კუნჭულია ყურადღებას ამახვილებს ერთ საინტერესო დეტალზე: სამოქალაქო რეესტრის თავდაპირველ განცხადებაში არ კონკრეტდებოდა, თუ რომელ წელს მიიღო ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა, როდის დაინტერესდა ამ საკითხით  სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და, ასევე, როდის შეუწყდა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადება გვაცნობებს მხოლოდ იმას, რომ 2004 წელს, ანუ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, ის ასევე იყო რუსეთის მოქალაქე.

„სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის დამატებით საქართველოს მოქალაქეობის მიცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლო. მოქმედ კონსტიტუციაში ჩადებული გამონაკლისით, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა“, - ამბობს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და იქვე განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა აღარაფერს ამბობს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე: „უკვე არსებობს ეს გამონაკლისი, რომ რუსეთის მოქალაქე ივანიშვილს პრეზიდენტმა მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა... ამის შემდეგ ივანიშვილმა მიიღო, ვთქვათ, საფრანგეთის, ამერიკის, ბრიტანეთის თუ კიდევ სხვა ქვეყნების მოქალაქეობები. არსებითად რა იცვლება?! კანონში ხომ არ წერია, ეს არ შეიძლებაო?! როცა ვამბობთ, რომ პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიანიჭოს მოქალაქეობა, ზოგადად, აქ იგულისხმება ის, რომ ეს სხვა ქვეყანა შეიძლება იყოს ერთიც და სამიც“.

პარტია „საქართველოს გზამ“ სამოქალაქო რეესტრის განცხადების საპასუხო დოკუმენტი რეესტრის მონაცემთა ბაზაშივე აღმოაჩინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირდა პიროვნება, რომლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თვე, დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი (სოფელი ჭორვილა) ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს.

„მის სახელზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაცემული აქვს 2006 წლის 7 მარტს. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას მიეცა 2010 წლის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტია სამოქალაქო რეესტრს მოუწოდებს, დაადასტუროს ან უარყოს მათ მიერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩენილი პიროვნებისა და ბიძინა ივანიშვილის იდენტურობა.

ამგვარად, რეესტრის მიერ გავრცელებული პირველი განცხადების შემდეგ ლოგიკურად გაირკვა, რომ რაკი ივანიშვილმა 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არევნებში მიიღო მონაწილეობა, ე. ი. იმ დროს იგი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე იყო.

სამოქალაქო რეესტრის პირველი განცხადება იმდენად გაუმართავი იყო, რომ ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო. ალბათ, ასევე აღიქვა ეს რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას სხვა მნიშვნელოვან დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ივანიშვილმა 2006 წელს პირადობის მოწმობა აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის იგი ნამდვილად იყო საქართველოს მოქალაქე.

ლევან ბერძენიშვილი: „დასუსტებული ოპოზიციის ფონზე ივანიშვილი სააკაშვილის მართლაც რეალური კონკურენტია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამიტომაც იქცევიან ასე სულელურად. ვგულისხმობ, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმებას, რაც იურიდიულად სრულიად გაუგებარია. კაცმა საფრანგეთის მოქლაქეობა თუ 2004 წელს მიიღო და ავტომატურად გაუუქმდა საქართველოს მოქალაქეობა, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა როგორღა მისცეს? ამგვარი ხერხებით სააკაშვილი ივანიშვილს ვერ გაუმკლავდება. სხვათა შორის, არ მეგონა, თუ სააკაშვილი თავისი ფსევდოლიბერალი მეგობრების მოსაზრებას გაიზიარებდა, რომელიც „ფეისბუქის“ მეშვეობით მიაწოდეს და ურჩიეს, ივანიშვილისთვის მოქალაქეობა გაეუქმებინა. ის, რომ მიშას მდიდარი ადამიანები პანიკურად აშინებს, მისივე ბრალია, რადგან მან დანერგა ამ ქვეყანაში პოლიტიკური კორუფცია. ის მიიჩნევს, რომ ყველაფერი შეიძლება იყიდოს. ჰოდა, ახლა დაჯდეს და იფიქროს არა მხოლოდ საარჩევნო ხმების ყიდვა-გაყიდვაზე, არამედ იმაზეც, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გუნდი არავის მიეყიდოს. ივანიშვილის განცხადებაში ამის ნიშნებიც ჩანს“.

როგორც ჩანს, ხელისუფლება მიხვდა, რომ თარიღებთან დაკავშირებული ლაფსუსები კარგად უნდა შეესწავლა და საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებისთვის ეპასუხა. მართლაც, 13 ოქტომბერს ახლა უკვე პირადად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა მორიგი განცხადება.

გიორგი ვაშაძის განცხადებას უცვლელად გვთავაზობს „ინტერპრესნიუსი“: „საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს თანასწორი უფლებებითა და მოვალეობებით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი ან მათი ოჯახის წევრები. ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა. თუმცა, 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე - კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა“.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, ეკა ბესელია გამოეხმაურა. როგორც ბესელიას განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ კავშირშია მის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებულ ღია და კრიტიკულ განცხადებასთან. ეს კი, პირდაპირი სამხილი და მტკიცებულებაა, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და არა სამართლებრივ აქტთან.

„ბატონ ვაშაძეს შევახსენებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს წარდგენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულებით ან განკარგულების ფორმით. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, დადგენილია პასუხისმგებლობა მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეთა არაკომპეტენტური და უკანონო მოქმედებების გამო. 7 ოქტომბრის მიმართვაში, რომლითაც თურმე შეიტყო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ბიძინა ივანიშვილს იმავდროულად აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, ნათლად და გასაგებად აცხადებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომ უარს ამბობს საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის ჩააბაროს პასპორტები შესაბამისი პროცედურით. ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ რაიმე პროცედურის დაწყება, მეტადრე გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად დაუშვებელი და უკანონო იყო“, - აცხადებს ბესელია.

მისივე განცხადებით, ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლით აღიარებულია დაინტერესებული მხარის უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ადგენს, ცვლის, ზღუდავს ან აუქმებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთ პირს ეძლევა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. იმავე კოდექსის 98-ე მუხლი ადგენს დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, ასევე, უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე არ არის ინფორმირებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად უცნობია, რა სამართლებრივი გადაყვეტილებაა ამ დროისთვის მიღებული მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ბესელია.

ბესელიას განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება წარმოების წესების უგულვებელყოფით, შემაჯამებელი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ მოითხოვს კანონის მოთხოვნათა დაცვით სამართლებრივი აქტის გაცნობასა და ჩაბარებას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის დაკარგვის საკითხთან დაკავშირებით.

ბესელიას განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება ღიად და დაუფარავად გამოხატავს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების სამართლებრივ და პოლიტიკურ უმწიფრობას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC