კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ბანკს შეუტია

20 ოქტომბერი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუ“ პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია სალაროს გამაგრების საბანკო ოპერაციის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება.

18 ოქტომბერს „ქართუ ბანკის“ ინკასაციის მანქანა, რომელსაც „საქართველოს ბანკიდან“ ნაღდი ფული მიჰქონდა, პოლიციამ გააჩერა; პოლიციის მიერ 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო, ასევე  კუთვნილი VOLKSWAGEN-ის ტიპის საინკასაციო ბრონირებული მანქანა იქნა ჩამორთმეული, ხოლო „ქართუ ბანკის“ ექვსი თანამშრომელი და მათი თანმხლები დაცვის პოლიციის თანამშრომელი  დაკავებული.  მოგვიანებით, დაკითხვის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს.

შსს-მ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით – ეს არგუმენტი და „ბანკი ქართუ“–ს ხელმძღვანელობის შეცვლის ფაქტი დაასახელა ეროვნულმა ბანკმა 19 ოქტომბერს თავისი ზედამხედველობის ფუნქციის ფარგლებში ბანკის საქმიანობის შესწავლის დაწყების მოტივაციად.

„ქართუ ბანკი“ 19 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ მან 18 ოქტომბერს „სალაროს გამაგრების მიზნით“,  „საქართველოს ბანკთან“ გააფორმა ორი სტანდარტული ბანკნოტური გარიგება 2 მილიონ აშშ დოლარზე და 1 მლნ ევროზე ამ ორ ბანკს შორის „სახაზინო ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ“ არსებული გენერალური ხელშეკრულების  ფარგლებში.

„საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის  მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) განსაკუთრებით დიდი ოდენობით). სს „ბანკი ქართუს“ ადმინისტრაციისათვის  გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეიძლება ჩაითვალოს საბანკო პრაქტიკაში ასე ფართოდ გავრცელებული სალაროს გამაგრების ოპერაცია ფულის გათეთრებად“, – ნათქვამია „ბანკი ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე დროს, განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ 18 ოქტომბერს დღის 17 საათზე „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისიდან გამოსული „ბანკი ქართუს“ ინკასაციის მანქანა პოლიციამ გააჩერა, როდესაც მას „დიდი ოდენობით“ თანხა გადაჰქონდა. მათ დააკავეს „ბანკი ქართუს“  6 თანამშრომელი, მათ შორის ოთხი მოლარე ქალბატონი და წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა.

ივანიშვილის პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ეს „ძალადობრივი აქტი“ იყო პირდაპირი თავდასხმა „ბანკ ქართუზე“, რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული  ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებას და "ბანკი ქართუს" მიტაცებული ქონების დაბრუნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი 19 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკის“ გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე „მნიშვნელოვან“ ფაქტს შეისწავლის.

ეროვნული ბანკის წერილობითი განცხადება ბევრ დეტალს არ შეიცავს. თუმცა, იმ ორ ფაქტს ასახელებს, რითაც ბანკის გადაწყვეტილებაა მოტივირებული – ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წამოყენებული ბრალდება და „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელობის შეცვლა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ამოცანაა ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს. კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„ბოლო პერიოდში სს „ბანკი ქართუს“-თან მიმართებაში რამდენიმე ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ: საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ჩრდილელს, რომელიც ასევე „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი იყო, გადადგომა მოუწია, როგორც კი ივანიშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა ის ხელისუფლების „აგენტობაში“.  ჩრდილელის შემდეგ თანამდებობები ასევე დატოვეს ბანკის კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა.

„გარდა ამისა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს სს. „ბანკ ქართუში“ მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის [სისხლის სამართლის კოდექსის] 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დეტალებს არ შეიცავს.

„ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება ადგილზე, დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს სს „ბანკ ქართუში“ შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.

სტატია მომზადებულია www.civil.ge-ს მიხედვით

ახალი ამბები