კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზეწოლა თუშებზე

24 ოქტომბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში თუშებს, რომლებმაც სოფლის საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს, პოლიციის თანამშრომლები დაემუქრნენ. სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. პოლიციაში დაიბარეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე და მას პროტესტის გამოხატვის შეწყვეტა მოსთხოვეს, გაფრთხილებაზე ხელი მოაწერინეს და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის მაცხოვრებლებმა სოფლის საძოვრების გასხვისება 13 ოქტომბერს გააპროტესტეს. ზემო ალვანში თუშები ცხოვრობენ. მოსახლეობის უმრავლესობა მესაქონლეობას მისდევს. თუშებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის კორპორაციის წარმომადგენლებს საძოვრების მოხვნის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს და ისინი სოფლიდან გაყარეს. ზემო ალვანში 10 ჰექტარი საძოვარი უკვე მოხნულია. სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ ატარებს. კორპორაციის წარმომადგენლების თქმით, საძოვრის ტერიტორიაზე ფრანგული ჯიშის კაკლის ხეები უნდა დარგან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აქციის ამსახველი ვიდეომასალა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. იმავე დღეს, სოფელში, აქციის თითქმის ყველა მონაწილესთან, რომელთა ვინაობის ამოცნობაც ვიდეოდან შეძლეს, პოლიციელები მივიდნენ და მოსთხოვეს, პროტესტის გამოხატვა შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდათ.

სამართლდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ბაინდურაშვილი რამდენიმე საათით დააკავეს კიდეც. „ეგრე უთქვამს, კაკალი რა ფეხებად გვინდა, ჩვენ საქონელი გვყვავსო... ამის გამო დააკავეს, მაგრამ როგორც კი ხალხი შეგროვდა, მაშინვე გამოუშვეს“, - აღნიშნავს სოფელ ზემო ალვანის მაცხოვრებელი. მისივე თქმით, 15 ოქტომბერს, შაბათს, ზემო ალვანში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და ახმეტის გამგებელი კობა მაისურაძე ჩავიდნენ. შეხვედრა სოფლის ცენტრში შედგა, მაგრამ თუშების თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები ხალხს ლაპარაკს უკრძალავდნენ.

„ფრანგული კაკალი უნდა დაითესოს თურმე და თუშს მისგან უფრო მეტი სარგებელი ექნება, ვიდრე ტრადიციულად ცხვარ-ძროხის მოვლისგან. ვერ ვირწმუნეთ ეს ამბავი და განმარტება მოვითხოვეთ. მართლაც, მეორე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩამოვიდა, გუბერნატორი ახლდა და ჩვენი რაიონის გამგებელი. აქ იმყოფებოდნენ გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თუ სამხარეო პოლიციის თანამშრომლები ფორმაში თუ უფორმოდ და ამ ვითარებაში, ამ ფორმით კვეზერელმა ხალხთან გასაუბრება ჩაატარა. კაკლის ნიმუშები მოიტანა. ჩვეულებრივი კაკალი იყო... მან განაცხადა, რომ ეს იყო ჩვენთვის უკეთესი, ეს იყო რეგიონში ეკონომიკის წამოწევის საუკეთესო საშუალება და ალვანის მაგალითს მერე მთელი საქართველო გადაიღებდა. აქედან ექსპერიმენტს იწყებს მთავრობა და ჩვენ ვერ დავინახეთ ეს სიკეთე და იმის ნაცვლად, რომ მივსალმებოდით, პროტესტი გამოვხატეთ. თან აღნიშნა, რომ თუ ჩვენ ამას მივესალმებოდით, ეს კარგი იქნებოდა, თუ არ მივესალმებოდით, მაინც განხორციელდებოდა ეს პროექტი“, - ამბობს ზემო ალვანის მკვიდრი ზაზა ლაგაზიძე.

- ამ შეხვედრამდე, წინა დღეს, საპროტესტო აქციაში რომ მონაწილეობდით, პოლიციაში დაგიბარეს?

- კი, პოლიციაში გახლდით.

- რატომ დაგიბარეს?

- თანამშრომლები გამოგზავნეს, დამიბარეს და წავედი. მითხრეს, რომ მე და ჩემისთანები ქვეყნის აღმშენებლობას ვეწინააღმდეგებით და არ გვესმის ამ პროექტის სიკეთის მნიშვნელობა. მე მათ ვუთხარი, რომ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ჯერ ერთი, ვეძებდით ვინ იყო ამ პროექტის ავტორი, ანუ ვინ წაიღო საძოვრები. მერე ჩემგან მოითხოვეს, რომ დებოში არ ამეტეხა ზემო ალვანში ბაკურ კვეზერელის სტუმრობისას. მე ვუთხარი, რომ დებოშისკენ მიდრეკილება ისედაც არ მაქვს, მითუმეტეს თუშებმა სტუმარ-მასპინძლობა ვიცით-მეთქი. ამ პროცესს ესწრებოდა ახმეტის რაიონის პოლიციის უფროსი და კუდის თუ სოდის ერთ-ერთი მესვეური, დავით ლორთქიფანიძე. სხვებს არ ჰქონიათ პოლიციაში წაყვანის პატივი, მაგრამ როგორც ბიჭებმა მითხრეს, ყველასთან, ვინც მაშინ ხმა ამოიღო და იაქტიურა, ღამე სახლში მივიდნენ სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები და ისეთივე ფორმით გაუფრთხილებიათ, როგორც მე გამაფრთხილეს. თუ გავიმეორებდით წინა დღის აქციას და იმ ხალხს დავუშლიდით ამ პროექტის განხორციელებას და ტექნიკის მუშაობას, პასუხს სისხლის სამართლის წესით ვაგებდით.

ბრალდება წამომიყენეს - კონკრეტულად შენზე დაწერილია საჩივარი, რომ იქ მიუვარდი, შეურაცხყოფა მიაყენე და ტექნიკა დაუმტვრიე, სამი ადამიანი წერს ამასო. ვუთხარი ასეთი არაფერი გამიკეთებია-მეთქი. გადაღებულიც არის და ადვილი გამოსარკვევი იყო. მოვითხოვე, რომ დაეპირისპირებინათ ის ხალხი. მახსოვდა, ვისაც ვესაუბრე. მაგათ მომახსენეს, კანონიდან საერთოდ ამოღებულია ეს დაპირისპირება და აბსურდულ რამეებს ნუ ითხოვო. მერე ხელი მომაწერინეს გაფრთხილებაზე, რომ იმ საძოვარზე აღარ მივსულიყავი, პროტესტი აღარ გამომეთქვა და მათთვის ხელი აღარ შემეშალა. თუ არ მოვაწერდი ხელს, მაშინ მითხრეს, რომ მსვლელობას მისცემდნენ იმ ხალხის საჩივარს და სამ თვემდე პატიმრობა და 2 000 ლარიანი ჯარიმა მემუქრებოდა. ასეთი არჩევანის წინაშე დავდექი და მოვაწერე გაფრთხილებას ხელი“, - აღნიშნავს ზაზა ლაგაზიძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე მაია ლაგაზიძე ამბობს, რომ ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ შეხვედრის დროს ერთ-ერთ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა და დედა შეაგინა.

„დიმიტრი ბაინდურაშვილი დააკავეს იმის გამო, რომ თქვა, რა ფეხებად მინდა თქვენი კაკალიო... მაშინ გამგებელმაც უნდა აგოს პასუხი იმ სიტყვებისთვის, რა სიტყვებითაც ასაკიან ქალებს მიმართა და შეურაცხყოფა მიაყენა. მაყვალა ჯოხაძემ უთხრა გამგებელს, ქორეთში ბევრი ნაკვეთია თავისუფალი და კაკალი იქ დათესეთო. გამგებელმა ძალიან უშვერი სიტყვებით დაუწყო გინება. მე კიდევ საღამოს სახლში მომივარდა ჩვენი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით ქააძე და მიყვირა, რა გალაპარაკებს, დაეტიე შენს ადგილზეო. პირდაპირ, ღრიალებდა“.

ახმეტის პოლიციის სამმართველოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარი არ გააკეთეს.

ახალი ამბები