კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს

26 ოქტომბერი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ახალ ინიციატივაზე პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ერთობლივი განცხადების თანახმად, 22 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები პოლიტიკურ გაერთიანებათა დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით. სამინისტროების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისას, სამინისტრო გაითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (GRECO, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ ინიციირებული იქნება დამატებითი რეგულაციები, რომელთა ნაწილიც პოლიტიკურ პარტიებს შორის 2011 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ დებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მუხლობრივი ფორმულირებები, შესაბამისად, რთულია სამართლებრივი ანალიზის გაკეთება.

„მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სისტემაში არსებული პრობლემები გასული (2008 და 2010 წლის) არჩევნების პერიოდშიც მწვავედ ისმებოდა, GRECO-ს რეკომენდაციები კი ჯერ კიდევ 2011 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა, მმართველი გუნდის მიერ მათი გათვალისწინება დღემდე არ მომხდარა და არც ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტში ასახულა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პარტიათა დაფინანსების შეზღუდვების მიმართულებით ხელისუფლების ინიციატივები შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი თანმიმდევრული და გამჭვირვალე უნდა იყოს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პარტიების ჩართულობა. მით უმეტეს, რომ რამდენიმე თვის წინ პარტიების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით, შეთანხმება სწორედ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივებს, განცხადების მიხედვით, მათი ნაწილი პოზიტიურია, თუმცა, არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემის დახვეწით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვით უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პარტიათა დაფინანსების შეზღუდვის შემოღება საარჩევნო გარემოს არსებითად ვერ გააუმჯობესებს.

განცხადების მიხედვით, საპარლამენტო მანდატების განაწილების არსებული წესის გადასინჯვის გარეშე (მაგალითად, საარჩევნო ხმებისა და პარლამენტში მიღებული მანდატების თანაფარდობის შეცვლა და მაჟორიტარულ ოლქებში კენჭისყრის პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 30%-იანი ზღვრის გაზრდა 50%-მდე), ის პარტია, რომელსაც ადმინისტრაციულ რესურსებთან მეტი წვდომა აქვს, ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში იქნება, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნას შეუძლებელს გახდის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები