16:23, Friday, 10.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გირგვლიანის საქმე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში

26.10.2011

ლელა კუნჭულია, რადიო „თავისუფლება“

სანდრო გირგვლიანის ხმაურიანი საქმე აქტუალურობას არ კარგავს და ამჯერად მან უკვე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გადაინაცვლა. ეს სწორედ ის ორგანოა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას უწევს ზედამხედველობას.

რამდენად დიდია ალბათობა, რომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, საქართველოს სახელმწიფოს გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება მოუწევს?

საქმეს, სახელწოდებით ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”, იოლად მოძებნით აღსასრულებელ საქმეთა ნუსხაში, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. დაახლოებით ერთი თვის ვადაში მინისტრთა კომიტეტი საქმეს დაარეგისტრირებს და, ამავე დროს, შეარჩევს, თუ რომელი პროცედურით შეუდგება სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზრუნვას. გზა ორია - მარტივი ან არასტანდარტული პროცედურა.

როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი განმარტავს ჩვენთან საუბრისას, მინისტრთა კომიტეტის თავდაპირველ არჩევანს პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც მარტივი პროცედურა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო არის მზად უპრობლემოდ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგრამ თუკი სახელმწიფო უარს იტყვის ამაზე, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა, უკვე არასტანდარტული პროცედურის ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის სამდივნოს ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდება.

ადვოკატი ჯანდიერი შეგვახსენებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ 26 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების ვადა 26 ოქტომბერს იწურება, თუმცა ამ ეტაპისთვის სახელმწიფომ მხოლოდ ერთადერთი ნაბიჯი გადადგა და, ევროპული სასამართლოს პირდაპირი მითითების საფუძველზე, სანდრო გირგვლიანის მამის, გურამ გირგვლიანის, საბანკო ანგარიშზე 50 ათასი ევრო ჩარიცხა.

მეტის გაკეთება  არსებითად მოსალოდნელი არც იყო იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც 26 აპრილის შემდეგ არაერთხელ გააკეთა, მაგალითად, თინათინ ბურჯალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველმა. პასუხად გირგვლიანის ოჯახის ადვოკატთა და უფლებადამცველთა კატეგორიული მოთხოვნისა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღმოჩენილი მსხვილმასშტაბიანი დარღვევების საფუძველზე, დაწყებულიყო საქმის ხელახალი გამოძიება, თინათინ ბურჯალიანი ამბობდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსგავსი რამ არ დაუვალებია.

რადიო თავისუფლება 25 ოქტომბერს უშედეგოდ ცდილობდა ბურჯალიანთან დაკავშირებას. თუმცა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ამ მხრივ აზრი რომ არ შეუცვლია, ეს ტელეეთერით გაკეთებულ ბოლოდროინდელ კომენტარშიც კარგად ჩანს: „ჩვენი მხრიდან გამორიცხულია გამოძიების ხელახლა დაწყება. სასამართლოს ჩვენთვის ეს არ დაუვალებია და ჯერჯერობით არავის არ დაუვალებია ეს. ჩვენ დაგვავალეს თანხის გადახდა და თანხა გადავიხადეთ - მხოლოდ ის გავაკეთეთ, რისი გაკეთების ვალდებულებაც გვქონდა“.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში პირდაპირ არასოდეს  წერია, რომ საქმე ხელახლაა გამოსაძიებელი, თუმცა იმ რანგის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, რაც 26 აპრილის გადაწყვეტილებაში აისახა, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ამას გააკეთებდა“, - განმარტავს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი, რომელიც 10 წლის მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს აუცილებლად მოუწევს 47 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ორგანოს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ნებას დაჰყვეს და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

„მინისტრთა კომიტეტი საქმეს ვერ ჩათვლის აღსრულებულად, თუ არ აღმოიფხვრა ყველა ის ნაკლი, რაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის გამორიცხული. მთავრობის მცდელობა, რომ ფულის გადახდის შემდეგ მინისტრთა კომიტეტს ეს საქმე დაახურინოს და ამით შემდეგ იტრაბახონ, ეს უბრალოდ მათი ოცნებებია და სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება, რადგანაც ეს გამოიწვევდა სერიოზულ ინსტიტუციურ კონფლიქტს სტრასბურგის სასამართლოსა და მის აღმასრულებელი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტს შორის, რაც წარმოუდგენელია“, - უთხრა რადიო „თავისუფლებას“ თეა წულუკიანმა.

გავიხსენოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით,  სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას „აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებით, რომელსაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მიმართავდნენ“, რათა „ამ საზარელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ხელისუფლების ოპონენტები ასევე საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ 26 აპრილის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო „გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ“.

სტრასბურგის სასამართლოს ამ და სხვა მწვავე შეფასებებიდან გამომდინარე და მინისტრთა კომიტეტის ძალისხმევის იმედით, თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოება ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიტყობს სიმართლეს და ნამდვილი დამნაშავეებიც აუცილებლად დაისჯებიან. მომავალს იმედით უყურებს ადვოკატი დავით ჯანდიერიც და მაგალითად მოჰყავს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ხელახალი გამოძიება და სიმართლის დადგენა სწორედ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ფარგლებში მოხერხდა.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC