14:57, Friday, 10.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დავსაჯოთ თუ ვუმკურნალოთ?

28.10.2011

სალომე აჩბა

დავსაჯოთ თუ ვუმკურნალოთ? - ეს კითხვაა ნარკოტიკების მომხმარებლებთან  დაკავშირებით სულ უფრო ხშირად ისმის. განვითარებული მსოფლიო თანდათან მიდის დასკვნამდე, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის გავრცელებული მეთოდები აზრს კარგავს და საჭიროა განსხვავებული, უფრო ლიბერალური მიდგომები.

„ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოცხადებული გლობალური ომი  წარუმატებლად დასრულდა“, - ვკითხულობთ  გაეროს 2011 წლის  ანგარიშში, ნარკოპოლიტიკის შესახებ. ამ ანგარიშში გაერო თავის წევრს სახელმწიფოებს მოუწოდებს, შექმნას უფრო ლიბერალური კანონმდებლობა და შეწყვიტოს ნარკოტიკების მომხმარებელთა  სისხლის სამართლებრვი დევნა.

დღეს არსებული ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკებზე დამოკიდებული  ყოველი ადამიანი პოტენციური პატიმარია. პირი  ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე პირველად დაკავების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 500 ლარით ჯარიმდება. თუ მას განმეორებით დაუდასტურდება ერთი წლის განმავლობაში ნარკოტიკის მოხმარება ან შეძენა-შენახვა, მაშინ მის წინააღმდეგ ამოქმედდება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს: 2000 ლარამდე ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე.

ექიმი-ნარკოლოგი,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი დავით ოთიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებელთა  დასჯაზე და არა მკურნალობაზე: „ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ და არ არიან ჩართულნი ნარკოტიკების გასაღებაში, ვფიქრობ, არათუ სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ ადმინისტრაციული სამართლითაც არ უნდა ისჯებოდნენ. ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა დასჯა კარგ ეფექტს ვერ გვაძლევს. ამიტომ აუცილებელია კანონის ლიბერალიზაცია. კანონის ლიბერალიზაციის პარალელურად კი, ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის  ზრდაც უნდა მოხდეს.  უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში კანონმდებლობის ლიბერალიზაციას არ მოჰყოლია ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა“.

იურისტ ალექსი შოშიკელაშვილის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს: „საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის - გაეროს სისტემის დოკუმენტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, გვეუბნება, რომ არ შეიძლება არავის დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, მათ შორის იმ ნიშნითაც, თუ პირი მიეკუთვნება ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯგუფს. ეს სტანდარტი საქართველოში უგულებელყოფილია და ნარკოტიკების მომხმარებლებს ჩამორთმეული აქვთ რიგი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები“.

დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ასეთია: ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისთვის დაწესებული მკაცრი სადამსჯელო ზომები მომხმარებელს ნარკოტიკებზე უარის თქმისკენ უბიძგებს და ამავე დროს მუშაობს, როგორც პრევენცია ახალგაზრდებში.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც კანონს არღვევს, მათ შორის - ნარკოტიკების მომხმარებელიც. ხოლო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობა, მისი აზრით,  ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე უფრო ლიბერალურია: „ციხეში უნდა იჯდეს ყელა, ვინც კანონს დაარღვევს. ნარკოტიკების მომხმარებელი არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობით, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობითაც ისჯება. ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არაა. უფრო მეტსაც გეტყვით - ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობა ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობაზე ბევრად უფრო ლიბერალურია. თანაც, ვინ თქვა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელზე სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება?!  მათ პირველ ფაქტზე ჯარიმა ეკისრებათ. მხოლოდ მეორე და მესამე ფაქტზე აღიძრება ხოლმე სისხლის სამართლის საქმე. ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს გამოსასწორებლად არ სვამენ ციხეში. მათ იქ საზოგადოებისგან იზოლაციის მიზნით სვამენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებები არ ხორციელდება, არსებობს ბევრი სარეაბილიტაციო სამკურნალო პროგრამაც“.

სერთაშორისო სტანდარტები და ევროპის განვითარებული ქვეყნების ნარკოპოლიტიკა საქართველოსგან მკვეთრად განსხვავებულია. ევროპის რიგ ქვეყნებს ლიბერალური კანონმდებლობის კარგი გამოცდილება უკვე აქვს. ამის მაგალითი პორტუგალიაა, სადაც დეკრიმინალიზაცია 2001 წელს მოხდა და ამან მალევე გამოიწვია ნარკოდანაშაულის შემცირება. ასევე საინტერესოა შვედეთის მაგალითიც, სადაც, სახელმწიფო  სტრატეგიის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ გადახდილი ჯარიმა მისსავე მკურნალობას ხმარდება.

„განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ორიენტირებულია ამ ადამიანთა უფლებების დაცვაზე. ამ  ქვეყანებში არა მარტო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, არამედ რიგი ნარკოტიკული საშუალებების საკუთარი მოხმარების მიზნით შენახვის ფაქტიც კია დეკრიმინალიზებული. შედეგად,  სახელმწიფოს ჩარევა ამ ჯგუფის ადამიანების პირად ცხოვრებაში მინიმალიზებულია, რაც უზრუნველყოფს ამ პირთა უფლებების მაღალი სტანდარტებით დაცვას.  გარდა ამისა, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში (მაგ: შვეიცარიაში)  ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირებისთვის უზრუნველყოფილია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ფსიქოლოგის დახმარება და სოციალური მუშაკის ჩართულობა. ამ ქვეყნებში  ჩანაცვლების თერაპიის პროგრამებიც ფართო სპექტრისაა. მაგალითად მეტადონის, ბუპრენორფინის (სუბოტექსის), ჩანაცვლებითი პროგრამების გვერდით,  ფუნქციონირებს ჰეროინით ჩანაცვლების პროგრამაც“, - აცხადებს იურისტი ალექსი შოშიკელაშვილი.

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და კანონდმებლობის ლიბერალიზაციის მიზნით, პარლამენტს ორი კანონპროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს წარედგინა. ერთი კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, მეორისა კი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ზიანის შემცირების ქსელია“. სხვათა შორის,  არასამთავრობოების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს 58 ათასი მოქალაქე აწერს ხელს.

წარდგენილი კანონპროექტებიდან პარლამენტმა 2008 წელს მხოლოდ  ჯანდაცვის კომიტეტის კანონპროექტი განიხილა პირველი მოსმენით. მას შემდეგ ეს პროცესი გაიყინა და საკანონმდებლო ორგანომ ორივე კანონპროექტი თაროზე შემოდო.

„ზიანის შემცირების ქსელში“ შემავალი ერთ-ერთი ორგანიზაციის „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორის, დავით ოთანაშვილის თქმით, კანონის ლიბერალიზაციას ხელისუფლებაში ბევრი ოპონენტი ჰყავს: „კანონის ლიბერალიზაციას განსაკუთრებით ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. ისინი თვლიან, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა ეფექტურია და შეცვლას არ საჭიროებს“.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის აზრით კი, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ ჯერ საზოგადოებრივი აზრის კვლევაა საჭირო: „ამ საკითხზე კამათი და მსჯელობა პარლამენტში დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს.  მე დავსვამდი ასეთ კითხვას: უნდა კი ჩვენს საზხოგადოებას ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა დეკრიმინალიზაცია?“

პარლამენტისთვის წარდგენილი ორივე კანონპროექტი ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოიცავს. მთავარი განმასხვავებელი ჯანდაცვის კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს შორის არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, ადმინისტრაციული ჯარიმების შემცირებასაც გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანონპროექტის წარდგენიდან თითქმის 3 წელი გავიდა, პარლამენტს არც ერთი მათგანი არ მიუღია. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განგვიცხადა, კანონში „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილში, რომელიც ნარკოდანაშაულს შეეხება, გარკვეული ცვლილებების შეტანა უახლოეს მომავალში იგეგმება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ალა
2011-10-28 18:43
დავით ოთიაშვილი - სწორი გვარი. სტატია კარგია, მადლობა მისი გაკეთებისათვის. თოიძე ჩვეულებრივი კომუნისტური პაიკია და სრული არაკომპეტენტი საკითხებზე. რაც ურფო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დაუთმობს ამ საკითხებს ყურადღებას მით უკეთესი.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC