კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში - სააკაშვილის მორიგი ბავშვური გართობა თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

9 ნოემბერი, 2011

ინტერპრესნიუსი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრეზიდენტისგან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სიურპრიზს ელოდება.

როგორც 8 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, 26 მაისისათვის ქუთაისში პარლამენტის „პირველი სხდომის“ გამართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინა დღის განცხადება მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ, უმრავლესობა დაბნეული იყო. „უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა იმ ე.წ. მესიჯ-ბოქსთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან პრეზიდენტის ამ განცხადების შესახებ უნდა გაჟღერდეს“.

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სიურპრიზს ლორთქიფანიძე იანვარ-თებერვალში, პრეზიდენტის წლიური ანგარიშით პარლამენტში გამოსვლისას ელოდება. მისი თქმით, პრეზიდენტი კარგი იურისტია და შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ მისი განცხადება ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შესახებ მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდგებოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობამ ვადამდელი არჩევნები კიდევ ერთხელ გამორიცხა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პრეზიდენტის განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ „2012 წლის 26 მაისს პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში აშენებული პარლამენტისთვის და არა – ახალი მოწვევის პარლამენტისთვის გაიმართება“.

მან ოპოზიციას დამშვიდებისკენ მოუწოდა: „არავის არანაირი ვადამდელი არჩევნები არ ემუქრება. იყავით მშვიდად. ეს პარლამენტი მუშაობას საკონსტიტუციო ვადებში გააგარძელებს“.

დეპუტატ აკაკი ბობოხიძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაცხარებულიყო ოპოზიცია, პრეზიდენტს მართლაც ის რომ ეთქვა, რაც თავად იფიქრეს. მისი თქმით, ოპოზიცია ყოველდღე სთხოვდა ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებს: „ახლა კი საკმარისი იყო, პრეზიდენტის ნათქვამი სწორად ვერ გაეგოთ და არიქა, რიგგარშე ტარდებაო - ატეხეს ერთი ამბავი. ხალხი ლამისაა, სიწითლისგან ისეა, ასანთი რომ მიადოთ, აინთება“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომის 26 მაისს გამართვის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ თადარიგს იჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუკი ამის საჭიროება შეექმნება.

„არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანა, მაგრამ ნამდვილად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამ საკითხს განიხილავენ, როგორც შესაძლო ტაქტიკურ მანევრს. თუ ჩათვლიან, რომ რაც მეტი დრო გავა, მით უფრო ცუდად წავა მათთვის საქმე და ადრე უნდა ჩაატარონ არჩევნები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიებისთვის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მზად უნდა იყონ ამ ტიპის პოლიტიკური მანევრისთვის.

„სააკაშვილი ცნობილია ბავშვური გართობებით, უყვარს რაღაც სიმბოლოები, თარიღების დამთხვევა, არაფრად მიიჩნევს იმას, თუ რა სჭირდება რეალურად მშენებლობის დასრულებას და ტექნოლოგიურ პროცესს. მე ვისურვებდი, რომ 26 მაისს ის შენობა არ ჩამოინგრეს, რადგან მშენებლებისა და ექსპერტებისგან რაც ვიცი, ეს არარეალისტური ვადებია, ისევე როგორც იყო თბილისის აეროპორტის, ბათუმის თეატრის და სხვა შემთხვევაში“, - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა.

უსუფაშვილის შეფასებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა არის სააკაშვილის ახირება. იგი დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი საბოლოოდ სხვაგვარად მოგვარდება.

უსუფაშვილის აზრით, საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს თბილისში, ხოლო პარლამენტის შენობას ქუთაისში სათანადო დატვირთვა უნდა მოეძებნოს.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 26 მაისს გაიმართება. ასეთივე განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინაც გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ამ სხდომას სიმბოლური ხასიათი ექნება.

კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია, თუმცა აღნიშნული ნორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან უნდა ამოქმედდეს.

კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის დროებით შეცვლა, სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არის დასაშვები.

ახალი ამბები