კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადება

28 ნოემბერი, 2011

თბილისის მერიამ დედაქალაქში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად მორიგი აუქციონი გამოაცხადა, რამაც თბილისში არსებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დახურვის საფრთხის ქვეშ დააყენა. აღმოჩნდა, რომ მერიამ აუქციონი, ძირითადად, იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც უკვე წლებია,  პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დგას. შესაბამისად, აუქციონის დასრულების შემდეგ, გამავრცელებლებს ამ ჯიხურების აღება მოუწევთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელების რამდენიმე სამსახურს უკვე დაუკავშირდნენ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და ზეპირი მითითებით, არსებული ჯიხურების აღება მოსთხოვეს ისე, რომ ჯერ აუქციონი დასრულებული არ არის.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები და თვეების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ პროცესის ამგვარი განვითარება შემთხვევითი არ არის. ეჭვს წარსული გამოცდილებაც გვიძლიერებს - წლების განმავლობაში ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო, პრესის გავრცელებას პრობლემები არაერთხელ შეექმნა. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ რიტორიკულად აცხადებს, რომ მზადაა საარჩევნოდ მედია გარემო გააუმჯობესოს, პარალელურად კი, ამ მოქმედებით ბეჭდური მედიისა და წიგნის გავრცელებას უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს.

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლების მიზანი წინასაარჩევნოდ ბეჭდური მედიის განეიტრალებაა, რათა საზოგადოებამდე მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას ნაციონალური არხებით მიეწოდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამას ასეულობით წვრილი მოვაჭრისა და ჯიხურის მფლობელის უმუშევრად დატოვებითა და მათი სოციალურად განადგურების ფასად აკეთებენ.

ვშიშობთ, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის დასრულების შემდეგ პრესის გავრცელებას კვლავ პრობლემები შეექმნება. დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჟურნალ-გაზეთების მიწოდება მნიშვნელოვნად გართულდება. შესაბამისად, მერიის ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც მედიაზე ზემოქმედების კიდევ ერთ მექანიზმს, რაც მისი პარალიზებისთვის არის გამიზნული.

ვაცნობიერებთ რა ამ საფრთხეს, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ გამოდის ინიციატივით:

1. შედგეს შეხვედრა საკითხით დაინტერესებულ პირებსა და თბილისის მერს შორის,რათა მან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განგვიმარტონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა;

2. ამ საკითხების გარკვევამდე შეჩერდეს ყოველგვარი აუქციონი და ის განახლდეს მხოლოდ მაშინ, როცა შეიქმნება პრესის გავრცელების მყარი გარანტიები;

3. საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მედიაექსპერტების მიერ მომზადებული და პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვა, რომლებიც ამ და სხვა ბევრი საკითხის მოგვარების მექანიზმებს სთავაზობს ხელისუფლებას.

ახალი ამბები