კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი: „პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა“

15 დეკემბერი, 2011

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო „თავისუფლება“

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში, რომელშიც ასახულია 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გაზრდილია პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი და კვლავ აქვს ადგილი პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც 13 დეკემბერს გამოქვეყნდა, ეყრდნობა პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებულ ოთხასამდე ვიზიტს. 

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თქმით, არასათანადო მოპყრობა კვლავ წარმოადგენს პენიტენციარული სისტემის მნიშვნელოვან პრობლემას: „საუბარია უშუალოდ პატიმრების ცემაზე და სხვადასხვა სახის არასათანადო და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტები დაფიქსირებული იქნა საანგარიშო პერიოდში სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში. მათ შორის ფიგურირებს: ქსნის მე-15 დაწესებულება, პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება და გლდანის მე-8 დაწესებულება“.

გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს პატიმარი მიხეილ ი., რომელსაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები 2011  წლის 5  სექტემბერს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდნენ. პატიმარმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში ყოფნისას  სისტემატურად სცემდნენ: „მიხეილ ი.-ს მონახულების დროისთვისაც ეტყობოდა დაზიანებები. მეორე დღეს #18  სამკურნალო დაწესებულებაში მივლინებულ იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის სამედიცინო ექსპერტი,  რომელსაც აღნიშნული დაზიანებები უნდა აღეწერა,  თუმცა მასთან შეხვედრისას პატიმარმა განაცხადა,  რომ, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ახსოვდა, თუ რა ახსნა–განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს და მოითხოვა,  რომ მის ახსნა–განმარტებას რეაგირება არ მოჰყოლოდა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დახმარებას არ საჭიროებდა“.

პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობაზე ამახვილებს ყურადღებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც, გარდა იმისა, რომ ჩართულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფში, პატიმართა უფლებებს იურიდიული დახმარების ცენტრის საშუალებითაც იცავს. ასოციაციის წარმომადგენლის ნინო გობრონიძის თქმით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი პატიმარ კახაბერ ბ-ს მიმართაც, როდესაც ის რუსთავის მე-17 დაწესებულებიდან  მე-18-ში სამკურნალოდ  გადაიყვანეს.

„ჰქონდა ტკივილები, ითხოვდა ექიმის მისვლას და მის ამ მოთხოვნას მოსულიყო ექიმი და გაეკეთებინათ ტკივილგამაყუჩებელი, მოჰყვა ის, რომ ჩაიყვანეს პროზექტურაში და სასტიკად სცემეს. ასევე გააშიშვლეს და ცივი წყლის ჭავლი მიუშვეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ“, უთხრა ნინო გობრონიძემ რადიო თავისუფლებას.

ანგარიშის მიხედვით, ცალკეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, პატიმრებისთვის კვლავ მიუწვდომელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რასაც უფლებათა დამცველები სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ. სახალხო დამცველის თქმით, საგანგაშოა, რომ 2010 წლის პირველ ნახევარში 56 პატიმარია გარდაცვლილი, 2011 წლის პირველ ნახევარში კი - 77.

პატიმართა რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ის პრობლემები, რომლებიც არსებობდა 2010 წელს, სათანადოდ გაანალიზებული არ ყოფილა. შემთხვევათა ნახევარი კვლავ დაკავშირებულია ტუბერკულოზთან. ამასთან, დასკვნათა უმეტეს ნაწილში ჩვენ წავაწყდით ისეთ პრობლემებს, როდესაც დაავადება იდენტიფიცირებული არ ყოფილა პირის სიცოცხლეში. იყო შემთხვევა, როცა გარდაიცვალა ქალი პატიმარი და სერიოზული ეჭვია იმაზე, რომ დროულად ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება პრობლემის, თორემ, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა მისი გადარჩენა“, - უთხრა გიორგი ტუღუშმა რადიო „თავისუფლებას“.

გიორგი ტუღუშის თქმით, კვლავ ფიქსირდება სასჯელაღსრულების ზოგიერთი დაწესებულების გადატვირთულობა, რისი უმთავრესი მიზეზიც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ არაერთხელ გაცემული რეკომენდაციის უგულებელყოფაა. ამ რეკომენდაციის მიხედვით, თითოეულ პატიმარზე სულ მცირე 4 კვადრატული მეტრი ფართობი მაინც უნდა იყოს გამოყოფილი, თუმცა საქართველოში ეს მაჩვენებელი კვლავინდებურად ორი კვადრატული მეტრია.

ამასთან, ირკვევა, რომ განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, რომელთა სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება როგორც ტრანკვილიზატორები, ასევე  ფიზიკური დათრგუნვის მეთოდები.

სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ რთულ ვითარებას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ასეთ ახსნას უძებნის: „არის არაპროფესიონალიზმი და შიდასტრუქტურული, კორპორაციული დაინტერესება, რომ ამ სფეროში არ განხორციელდეს რეფორმა. მთავარი მიზეზი ნაკლები პროფესიონალიზმი და უუნარობაა! სამთავრობო სტრუქტურები უფრო მაღალ დონეზე უნდა დაინტერესდნენ ამ მოვლენით.“

თუმცა ოპონენტთა კრიტიკას არ იზიარებს სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, რომელიც, როგორც წესი, გაურბის პრობლემებზე საუბარს, რის დასტურადაც გამოდგება მინისტრ ხათუნა კალმახელიძის მიერ ანგარიშის პრეზენტაციის ნაადრევი დატოვება და ზედაპირული კომენტარი. მინისტრი ფიქრობს, რომ სამინისტროში რეფორმები წარმატებით ხორციელდება.

აი, რა განაცხადა ამ ერთი თვის წინ ხათუნა კალმახელიძემ ესტონეთიდან ჩამოსული დელეგაციის მასპინძლობისას: „ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი პირობები პენიტენციარულ სისტემაში, რომლის ჩვენებაც შეგვიძლია ევროკავშირის ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც არის ესტონეთი. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა!“

ახალი ამბები