კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოქალაქეობის ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ანალიზი

30 დეკემბერი, 2011

მიხეილ შარაშიძე,
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი

ბოლო პერიოდში, საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა „მოქალაქის“ და, ზოგადად „მოქალაქეობის“ ცნების, მეტ–ნაკლებად სწორი კონსტიტუციურ–სამართლებრივი განმარტების საჭიროება. მიუხედავად ამისა, ძირითადი შეფასებები კონკრეტული ადამიანების „მოქალაქეობის“ ქონა–არქონის თაობაზე, უფრო მეტად პოლიტიკური მიზანშეწონილობის სფეროთი შემოიფარგლება და შესაბამისად, სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ნაკლები ყურადღება ეთმობა ამ ინსტიტუტის სიღრმისეულ სამართლებრივ ანალიზს.

იმ რამდენიმე იურისტისა და ორგანიზაციის შეფასებები კი, რომლებსაც ჩვენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავეცანით, ძირითადად, კონკრეტული პიროვნების მიერ მოქალაქეობის დაკარგვის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მხარის მართლზომიერების საკითხებს უფრო შეეხებოდა და არა ამ პრობლემის კონსტიტუციურ–სამართლებრივ ანალიზს. ამიტომ, მე ვაპირებ ვცადო, შეძლებისდაგვარად ობიექტურად განვმარტო ჩვენი  კონსტიტუციური კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სამართლის ნორმების განმარტებისას, იურიდიულ მეცნიერებაში ძირითადად რამდენიმე მეთოდი გამოიყენება: სისტემური, ლექსიკური ანუ გრამატიკული,ისტორიულ–პოლიტიკური და ლოგიკური. სამართლის ნორმის (კანონის) სისტემური განმარტებისას, მხედველობაში მიიღება თვითონ სამართლის მოცემული ნორმის (კანონის) ადგილი და როლი სამართლის საერთო სისტემაში; რა სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს იგი; რა ადგილი უჭირავს მას სამართლის ნორმათა იერარქიაში და ა.შ. ლექსიკური (გრამატიკული) განმარტებისას, ნორმის შინაარსის განსაზღვრა ხდება უშუალოდ სიტყვების ლექსიკური მნიშვნელობით და წინადადებათა გრამატიკული წყობის მეშვეობით. ისტორიულ–პოლიტიკური განმარტებისას, ყურადღება ექცევა ორ მნიშვნელოვან ფაქტორს, რა ისტორიული წინაპირობები უძღოდა სამართლის ნორმის მიღებას და რა სოციალურ–პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა კანონმდებელი. ლოგიკური მეთოდი მოიცავს სამართლის ნორმის შემეცნებას ფორმალური და დიალექტიკური ლოგიკის წესების გამოყენებით. ამ, ბოლო შემთხვევაში, ლექსიკური (გრამატიკული) განმარტებისგან განსხვავებით, კვლევის ობიექტს წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული სიტყვების მნიშვნელობა და წინადადებათა გრამატიკული წყობის მეშვეობით მათი შინაარსის განსაზღვრა, არამედ, ასევე, ნორმატიული აქტის დებულებების ლოგიკური სტრუქტურა და მათ შორის არსებული შინაარსობრივი კავშირი.

შევეცდები, საქრთველოს მოქალაქეობის თაობაზე არსებული კანონდებლობა, კერძოდ კი, საქართველოს კონსტიტუცია და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი გავაანალიზო მეტ–ნაკლებად ყველა ზემოაღნიშნული მეთოდების გამოყენებით (თუმცა, არა აუცილებლად იგივე თანმიმდევრობით).

მოქალაქეობის ინსტიტუტის სამართლებრივ-პოლიტიკური ბუნება და მნიშვნელობა

იმისათვის, რათა ზუსტად გავერკვეთ დასმული პრობლემის არსში, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ „მოქალაქეობის“ ინსტიტუტის სამართლებრივ–პოლიტიკური ბუნება და მისი მნიშვნელობა. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის თანახმად, „მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას“. ამრიგად, მოქალაქისა და სახელწიფოს კავშირი, ასევე, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც სახელმწიფოსა და პირის საერთო პოლიტიკური და სამართლებრივი მიზნების საფუძველზე წარმოშობილი გაერთიანება. თუ რას შეიძლება წარმოადგენდნენ საერთო პოლიტიკური და სამართლებრივი მიზნები, შეგვიძლია, დავასკვნათ საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი სულისკვეთებიდან გამომდინარე, რაც ასახულია მისსავე პრეამბულაში: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“.

აქვე, მხედველობაშია მისაღები საქართველოს კონსტიტუციის მე–5 მუხლით აღიარებული ე.წ. „სახალხო სუვერენიტეტის“ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“, მაშასადამე - მოქალაქეები. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთ წყაროდ წარმოდგენილია ხალხი, მოქალაქეები, რომლებიც ძალაუფლებას ახორციელებენ საკუთარი სუვერენული ნების შესაბამისად, რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების  მეშვეობით, კონსტიტუციის პრეამბულაში გაცხადებული მიზნების მისაღწევად. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოქალაქეობა წარმოადგენს ხალხის მიერ იმ საშუალებათა სრულყოფილ ფლობას, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ მათ უფლებებს, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოებრივად ორგანიზებული საზოგადოების მართვაში. სამართლის თანამედროვე მიდგომებიდან გამომდინარე, ამ უფლებებს სახელმწიფო კი არ ანიჭებს საკუთარ მოქალაქეებს, არამედ - მხოლოდ განამტკიცებს მათ შესაბამის კანონმდებლობაში და ხელს უწყობს მათ რეალიზაციას იმგვარად, რომ სახელმწიფოს ძალაუფლება იქცეს ამ კანონმდებლობის განხორციელების ინსტრუმენტად და არა პირიქით.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ მოქალაქეობის ინსტიტუტი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს კონკრეტული სახელმწიფოს სუვერენიტეტის რეალიზაციის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფორმას. მიუხედავად ამისა, მოქალაქეობის უფლება, როგორც პიროვნების სუბიექტური უფლება, განმტკიცებულია, ასევე, მრავალი საერთაშორისო–სამართლებრივი ნორმით. ასე, მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, „უფლება მოქალაქეობაზე“ ადამიანის განუყოფელ უფლებად მოიაზრება. მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო–სამართლებრივი ბაზა საკმაოდ ფართოა და მოიცავს მრავალ საერთაშორისო აქტს, რომლებიც მიღებულია, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა ფარგლებში, ისე უფრო ფართო ფორმატით. ეს კი, უდავოდ მოწმობს მოქალაქეობის ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულ სახელმწიფოთა საზღვრებით. მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ასევე, მეტყველებს საქართველოში მოქალაქეობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების განსაკუთრებული სატატუსიც, კერძოდ - საქართველოს კონსტიტუცია და კანონი.

მოქალაქეობის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა, ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული. ერთი მხრივ, მოქალაქეობის ინსტიტუტთან უშუალო და პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო სამართლით დაცული უმნიშვნელოვანესი უფლებები, ისეთი, როგორებიც, თუნდაც პოლიტიკური უფლებებია, რომლებიც განაპირობებენ საყოველთაო დემოკრატიული ღირებულებების უზრუნველყოფას. ხოლო, მეორე მხრივ, გლობალიზაციის პირობებში, იმ დროს, როცა სახელმწიფო საზღვრების ღიაობა და ეკონომიკური თუ სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები იწვევს მიგრაციის მაღალ დონეს, უფრო მეტად იზრდება კონკრეტული სახელმწიფოების დაინტერესება, მაქსიმალურად დაიცვას  საკუთარი მოქალაქეების უფლებები უკვე საერთაშორისო დონეზეც.

შემდეგი საკითხი, რაზეც მსურს გავამახვილო ყურადღება, ესაა, კონკრეტულად, მოქალაქეობის როგორ ფორმებს აღიარებს შესაბამისი ქართული კანონმდებლობა. საქართველოს კონსტიტუციის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე...“ იგივე შინაარსის დებულებაა მოცემული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტშიც. ამ საკანონმდებლო დებულებებიდან გამომდინარე, საქართველო არ ცნობს ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“, „ბიპატრიდის“ ცნებას.   ამ საკანონმდებლო დებულებას ამყარებს, აგრეთვე, ორგანული კანონის 32–ე მუხლის „დ“ პუნქტი, რომლის შესაბამისად, „...პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:... დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას“. ყოველივე აღნიშნული, ცალსახად უნდა გამორიცხავდეს საქართველოს მიერ ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ აღიარების შესაძლებლობას, არსებული კანონმდებლობის პირობებში. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე–12 და კანონის პირველი მუხლების შესაბამის დებულებათა სრულად წაკითხვის შემთხვევაში, იბადება სამართლიანი შეკითხვა, რას გულისხმობს კანონმდებელი ამ ნორმებში, როდესაც ამბობს: „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან“. და მაინც, იცნობს, თუ არა, საქართველოს კანონმდებლობა ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ ინსტიტუტს?

ორმაგი და მრავალმხრივი მოქალაქეობა

იმისათვის, რათა დასმულ კითხვას გავცეთ სრულყოფილი პასუხი, მიზანშეწონილად მიმაჩნია, განვიხილო ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ ინსტიტუტის, როგორც სამართლის თეორიაში გავრცელებული განმარტება, ისე სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკაში დამკვიდრებული მისი წარმოშობის პირობები, ფორმები და ამ ინსტიტუტის სამართლებრივ–პოლიტიკური მიზნები. 

სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული განმარტების თანახმად, ორმაგი მოქალაქეობა წარმოადგენს კონკრეტული პირის იმგვარ სამართლებრივ მდგომარეობას, რომ იგი ერთდროულად არის ორი ან მეტი სახელმწიფოს მოქალაქე, ამავე სახელმწიფოთა, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. მრავალმხრივი (მულტი) მოქალაქეობის ნორმატიული განსაზღვრება, ასევე მოცემულია მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის მე–2 მუხლის „ბ“ პუნქტშიც. კერძოდ, „მრავალმხრივი მოქალაქეობა წარმოადგენს ერთი და იმავე პირის ორი ან მეტი სახელმწიფოს ერთდროულ მოქალაქეობას“.

„მრავალმხრივი მოქალაქეობის“ ცნების განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ პირის ამგვარი სტატუსი წარმოიშობა შესაბამისი სახელმწიფოების კანონმდებლობის საფუძველზე და არა მათი დარღვევის, ან კონკრეტული პირის მიერ უფლებათა ბოროტად გამოყენების შედეგად. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა, თავი იჩინოს იმ დროსაც კი, როცა შესაბამისი სახელმწიფოები არ აღიარებენ, ან უბრალოდ ერიდებიან მრავალმხრივი მოქალაქეობის დაშვებას. თუმცა, მათ არ გააჩნიათ პირდაპირი იურიდიული საფუძველი, მოქალაქეობა შეუწყვიტონ კონკრეტულ პირს, თუნდაც - მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობის მიზეზით, ვინაიდან იგი კანონიერად ფლობს ორივე ქვეყნის მოქალაქეობას.

ამგვარ შემთხვევებს, ძირითადად, ადგილი აქვს, როცა საქმე გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფოების მოქალაქეობის მომწესრიგებელ ნორმებს შორის არსებულ განსხვავებულ რეგულირებებთან (ამის მაგალითია, როცა ერთი ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვი უჩნდებათ სხვა სახელმწიფოში ყოფნის დროს და ამ ქვეყანაში მოქმედებს მოქალაქეობის ე.წ. „მიწის (დაბადების ადგილის მიხედვით მოქალაქეობის წარმოშობის) პრინციპი“.

დაახლოებით ანალოგიურ, ანუ კანონმდებლობათა განსხვავებული რეგულირებით განპირობებულ მდგომარეობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ასევე, ქორწინების შემთხვევაშიც, როცა ერთ–ერთი მეუღლე ქორწინების საფუძველზე მოიპოვებს მეუღლის მოქალაქეობას ისე, რომ ეს არ იწვევს ადრინდელი მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტას. ამ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები, ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებული საერთაშორისო აქტები, რომლებიც ადრინდელი მოქალაქეობის შეწყვეტას, მხოლოდ ქორწინების საფუძველზე წარმოშობილი ახალი მოქალაქეობის გამო, დისკრიმინაციის გარკვეულ ფორმადაც კი მიიჩნევენ.

„მრავალმხრივი მოქალაქეობის“ შემდეგ მაგალითს წარმოადგენს, რიგი სახელმწიფოების მიერ ე.წ. „ბიპატრიდობის“ შეგნებული ინსტიტუციონალიზაცია. აღნიშნული მიდგომები სხვადასხვა, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და ა.შ. მოტივებით განისაზღვრება და ძირითადად, გლობალიზაციის პროცესებითაა ნაკარნახევი. ასეთ შემთხვევებთან საქმე გვაქვს, როდესაც სახელმწიფო, კონკრეტული პირის მხოლოდ ერთი სახელმწიფოსადმი  ლოიალურობის მოთხოვნის დათმობის ხარჯზე, მიდის ფაქტობრივად დამდგარი ორმაგი (მრავალმხრივი) მოქალაქეობის სამართლებრივ ინსტიტუციონალიზაციაზე, ან შესაბამისი კანონმდებლობით, პირიქით, ახალისებს მას. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ცდილობს, მოიზიდოს ფინანსური, ინტელექტუალური, კულტურული და ა.შ. კაპიტალი და შეუქმნას მას, მათ შორის, მოქალაქეობის თვალსაზრისითაც, ინტეგრაციისათვის მაქსიმალურად კომფორტული პირობები. მეორე მხრივ კი, საზღვარგარეთ წასულ თავის მოქალაქეებთან (განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება კულტურული, ინტელექტუალური ან ფინანსური კაპიტალის გადინების შემთხვევებს) არ გაწყვიტოს სამართლებრივი კავშირი, მათ შორის - მოქალაქეობით განპირობებული. მიუხედავად ამისა, ორმაგ მოქალაქეობასთან მრავალი სამართლებრივი პრობლემებიცაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ესაა ორმაგი მოქალაქეების დიპლომატიურ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, მათი დაბეგვრის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის, ისევე, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოებს შორის იდება მრავალი ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებები, მათი აქტუალურობიდან გამომდინარე, ქვეყნების უმეტესობა მაინც მონდომებულია, თავიდან აიცილოს, ან შეძლებისდაგვარად შეამციროს მრავალმხრივი მოქალაქეობის შემთხვევები, მაგრამ არა აუცილებლად საკუთარი მოქალაქეობის უპირობოდ დაკარგვის ფასად. ასე, მაგალითად, კულტურული, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით ერთმანეთთან მეტ–ნაკლებად ინტეგრირებული სახელმწიფოები ცდილობენ, შექმნან ე.წ. სახელმწიფოთაშორისი სტრუქტურების მოქალაქეობის ინსტიტუტები, როგირიცაა მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეობა, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოების მოქალაქეობის პარალელურად წარმოიშვება და ვითარდება.

ზემოაღნიშნულ მაგალითთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობის წარმომშობი ისეთი ფაქტორის გათვალისწინებაც, როგორიც არის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული მოსახლეობის ე.წ. სოციალური პრობლემებით განპირობებული მიგრაცია, ძირითადად - დასავლეთის (ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკის) განვითარებულ სახელმწიფოებში. ამგვარი მიგრაცია გამოწვეულია დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ადამიანის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უფლებათა გარანტირებულობის მაღალი სტაბილურობით. ამ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოდან ჩასული ემიგრანტების ინტეგრაციის ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს შესაბამის სახელმწიფოთა მოქალაქეობის მიღება და ამით საკუთარი სტატუსის სამართლებრივად გამყარება. ამგვარად, პირობითად, შეგვიძლია, ვისაუბროთ ემიგრანტების ე.წ. „გამცემ“ და „მიმღებ“ სახელმწიფოებზე, რა დროსაც, შესაძლებელია, ასევე, ვისაუბროთ ემიგრანტების ე.წ. „გამცემი“ ქვეყნების ერთგვარ მორალურ, ზნეობრივ პასუხისმგებლობაზე, თუნდაც - მოქალაქეობის შენარჩუნების გზით, არ მოხდეს ამ ადამიანების სამართლებრივი მოწყვეტა წარმოშობის სახელმწიფოსგან, რომელთანაც მრავალი მათგანი ისედაც ინარჩუნებს მჭიდრო ოჯახურ თუ სხვა სახის კავშირებს. ამგვარი ზნეობრივი პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაშინ არის აქტუალური, როდესაც წარმოშობის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავის მოქალაქეთა უფლებრივი დაცვის ისეთ მაღალ დონეს, როგორსაც ევროპისა და ამერიკის შესაბამისი სახელმწიფოები. ამასთან, წარმოშობის სახელმწიფოებმა უნდა ეცადონ, აღნიშნული მდგომარეობით გამოწვეული ემიგრაციის ფონზე, მაინც შეინარჩუნონ ამ კატეგორიის მოქალაქეები და შეძლებისდაგვარად, დაიცვან მათი უფლებები საზღვარგარეთაც, რის ყველაზე ეფექტურ საშუალებადაც, საკუთარ მოქალაქეებად მათი დატოვება წარმოადგენს. ამგვარი მიდგომის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითს იძლევა თურქეთი და მისი დამოკიდებულება ევროკავშირის სახელმწიფოებში მცხოვრები თურქებისადმი. 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მრავალმხრივი მოქალაქეობა (ორმაგი მოქალაქეობა) შეგვიძლია, შემდეგნაირადაც განვსაზღვროთ: ეს არის პიროვნებასა და ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის არსებული სამართლებრივი კავშირი, რომელიც განპირობებულია კომპლექსური, საერთო პოლიტიკური, სოციალურ–ეკონომიკური, კულტურული და ზნეობრივი უფლებებითა და ურთიერთ–ვალდებულებებით.

ამასთან, ორმაგი მოქალაქეობა, ჩემი აზრით, არ უნდა განვიხილოთ ჩვეულებრივი მოქალაქეობის მომწესრიგებელი ნორმების ჭრილში, როგორც მისი გამონაკლისი. მიმაჩნია, რომ უფრო მიზანშეწონილი და მართლზომიერი იქნებოდა, თუკი მას განვიხილავდით, როგორც ჩველუბრივი მოქალაქეობისაგან, არა მხოლოდ, ფაქტობრივად განსხვავებულ, არამედ, ასევე, როგორც მისგან დამოუკიდებელ სამართლებრივ ინსტიტუტს. ამგვარი მიდგომა, სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ერთი მხრივ, მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისაგან მოქალაქეობის ეს ორი ფორმა და მათი სამართლებრივი სტატუსი, ხოლო, მეორე მხრივ, მათი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით, უფრო მეტად რაციონალურად მოაწესრიგოს როგორც მთლიანად ეს ინსტიტუტი, ისე მისი დადებითი, თუ უარყოფითი მხარეები.


საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის შესახებ

და მაინც, მოქალაქეობის როგორ ფორმებს ცნობს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა? იმისათვის, რათა ამ კითხვას გავცეთ კვალიფიციური პასუხი, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გავაანალიზოთ კონსტიტუციის მე–12 და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლების შესაბამისი დებულებები. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე, როგორც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი, უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის ქართული მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ, როგორც გამონაკლის შემთხვევას. მაშასადამე, ქართული მოქალაქეობის მოპოვების ეს გზა ხორციელდება დადგენილი საერთო წესისგან განსხვავებული ფორმით. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ: 1) კონკრეტულად, რა წესთან მიმართებით არსებობს ეს გამონაკლისი; 2) აღნიშნული გამონაკლისი ხომ არ გულისხმობს ამ კონკრეტული სამართლებრივი სტატუსის ჩვეულებრივი მოქალაქეობისაგან, ანუ საერთო წესისაგან, განსხვავებულ საკანონმდებლო რეგულირებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე–12 და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლების შესაბამისი დებულებები გამონაკლისს ადგენენ მხოლოდ ერთ წესთან მიმართებით (კერძოდ - „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე...“). აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. ამ შემთხვევაში გამონაკლისი უკვე ადგენს წესს, რომლის მიხედვით, გარკვეული კატეგორიის პირებზე შეიძლება აღარ გავრცელდეს ის კონსტიტუციური და კანონის დებულებები, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე, იმავდროულად, არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. ამ გამონაკლისით დადგენილ წესს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქისთვის, „რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან“.

საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, ასევე უნდა გაირკვეს არის შემდეგი: მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს პრეზიდენტი მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას, კონსტიტუციის მე–12 მუხლი და კანონი გამორიცხავენ თუ არა აღნიშნული პირისათვის მესამე სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვრცელდება თუ არა ამ სტატუსის მქონე მოქალაქეზე იგივე საკანონმდებლო რეგულაციები (მათ შორის, მოქალაქეობის დაკარგვის წესიც), რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კანონით ჩვეულებრივი, საერთო წესით (დაბადებით, ნატურალიზაციით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით) მოპოვებული მოქალაქეობისათვის.

ამ თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვან დებულებას შეიცავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი, რომლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა“. მაშასადამე, ორგანული კანონის პირველი მუხლის მე–2 პუქტი ადგენს რა ორმაგი მოქალაქეობის დაუშვებლობას, იქვე მიუთითებს, რომ ამისგან გამონაკლისი წესი დადგენილია არა იმავე კანონით, არამედ საქართველოს კონსტიტუციით. იგივეს ამბობს ორგანული კანონის 33–ე მუხლიც, რომლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება“, მათ შორის, „...ე) საქართველოს კონსტიტუციით (და არა ამ კანონით მ.შ.) გათვალისწინებულ  შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე“. მხედველობაშია მისაღები, ასევე, კანონის მე–2 მუხლის პირველი წინადადებაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის უფლებაზე, მხოლოდ „...ამ კანონით დადგენილი წესით...“ საუბრობს.

ამრიგად, ზემოაღნიშნულის გაანალიზების საფუძველზე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობას ადგენს არა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი, არამედ, საქართველოს კონსტიტუცია. აღიშნული კი იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არსებობს საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული და შესაბამისად მოწესრიგებული, მოქალაქეობის მიღების საერთო წესი, ხოლო, მეორე მხრივ კი, მოქალაქეობის მიღების, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი, გამონაკლისი წესი. იმ შემთხვევაში კი, როდესაც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი არ ადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობას და ამ შემთხვევაში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი, ასევე, ვერ მოაწესრიგებს იმ სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც არ შედის მისი რეგულირების სფეროში და რომელსაც (თუნდაც გამონაკლისის სახით) ითვალისწინებს სხვა და უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი. მხედველობაშია მისაღები, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 26–ე მუხლი, რომელიც ადგენს „საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის შესაბამისად“ მიღების პირობებს. იგივე კანონის 27–ე მუხლი კი, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, კონკრეტული „პირი“ და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებული (და არა გამონაკლისი წესით), კერძოდ, 26–ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, მიიღოს საქართველოს მოქალაქედ (ამ შემთხვევაში, საუბარია მოქალაქედ მიღების და არა მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. ამრიგად, ჩვენ ამაში არ უნდა მოვიაზროთ კონსტიტუციის მე–12 მუხლით გათვალისწინინებული გამონაკლისი შემთხვევა).

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის ყველა ზემოაღნიშნული დებულების ანალიზის შედეგად ირკვევა ის გარემოება, რომ ამ კანონის არც–ერთი ჩვენს მიერ მოყვანილი დებულება, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ინსტიტუტზე. ამდენად, საქართველო ცნობს მოქალაქეობის წარმოშობისა და მისი არსებობის ორ ფორმას, კერძოდ, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი საერთო წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობას და, მეორე მხრივ, მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობას. უნდა აღინიშნოს, რომ, ჩემი აზრით, ზუსტად მოქალაქეობის ამ ორ ფორმას შორის არსებული ფაქტობრივი და ფორმალური განსხვავებები, ასევე უნდა განაპირობებდნენ, მათ განსხვავებულ საკანონმდებლო რეგულაციას.

პასუხი სადავო საკითხზე

საკითხი, რომელიც ასევე უნდა გაირკვეს, არის შემდეგი: საქართველოს კონსტიტუცია და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი, გამორიცხავენ თუ არა, კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი წესით მოქალაქეობა მინიჭებული პირის უფლებას, მიიღოს მესამე ქვეყნის მოქალაქეობა. პირველ რიგში, რაზეც მსურს ყურადღების გამახვილება, არის ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–12 მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიცავს არანაირ შეზღუდვას იმასთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეში უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ერთი, თუ ასევე, ერთზე მეტი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა. მიმაჩნია, რომ ამგვარი შეზღუდვის არარსებობა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ვინაიდან ამ გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო შეგნებულად მიდის კონკრეტული პირის მხოლოდ ერთადერთი ქვეყნისადმი უპირობო ლოიალურობის მოთხოვნის, ანუ, მხოლოდ ერთი სახელმწიფოსადმი ერთგულების პრინციის დათმობაზე. ამგვარი დათმობის, მაშასადამე, საერთო წესისგან გადახვევის ე.წ. „კანონიერ“, კონსტიტუციურ მიზანს წარმოადგენს საქართველოს წინაშე უცხო ქვეყნის მოქალაქის განსაკუთრებული დამსახურება, ან სახელმწიფო ინტერესები და მათგან გამომდინარე, ამ პირისთვის ქართული მოქალაქეობის მინიჭება. ამრიგად, იმისათვის, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, მას საქართველოს წინაშე უნდა გააჩნდეს „განსაკუთრებული დამსახურება“, ანუ მის მიერ საქართველოს წინაშე გამოხატული ლოიალურობა, ანუ ერთგულება იმდენად ძლიერია, რომ ყოველივე ეს გადაწონის სახელმწიფოს „ორმაგი მოქალაქეობის“ დაუშვებლობის ინტერესს. მოქალაქეობის მინიჭების მეორე შემთხვევაში, ადგლი აქვს, სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ შეგნებულ არჩევანს ორ სახელმწიფო ინტერესს შორის. ერთი მხრივ, ეს არის საქართველოს მოქალაქის იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ ყოფნის დაუშვებლობის ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული პირისთვის მოქალაქეობის მინიჭების სახელმწიფო ინტერესი. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფო შეგნებულად თმობს მხოლოდ ერთი სახელმწიფოსადმი პირის ერთგულების პრინციპს, ვინაიდან მას გადაწონის სახელმწიფოს სხვა ინტერესი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ამრიგად, სახელმწიფო აკეთებს არჩევანს, ერთი მხრივ, მკაცრად მისდიოს საქართველოს მოქალაქის იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ ყოფნის დაუშვებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, გააკეთოს გამონაკლისი აღნიშნული საერთო წესისგან, მიუხედავად იმისა, კონკრეტული პირი ერთი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა, თუ ერთზე მეტის.

ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს, იმ უცხო სახელმწიფოთა, როგორც რაოდენობას, ისე მათ თვისობრივობას, რომლის მოქალაქეც არის კონკრეტული პირი, არა აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა შეიძლება მიეცეს ამ გარემოებას,  უკვე ქართული მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ და რამდენად არის იგი ქართული მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, ამის რაციონალური ახსნა, მოქმედ კანონმდებლობაში მოცემული არ არის.


1.  უნდა აღინიშნოს, რომ „ორმაგი მოქალაქეობის“ ცნებას მე პირობითად ვიყენებ და მასში შესაძლებელია, ასევე, მოვიაზროთ არა, მხოლოდ ორი, არამედ, უფრო მეტი სახელმწიფოს ერთდროული მოქალაქეობა (ე.წ. „მრავალმხრივი მოქალაქეობა“).

2.აქ იგულისხმება, ევოპის საბჭოს ფარგლებში მიღებული კონვენცია დაქორწინებული ქალების მოქალაქეობის თაობაზე.

ახალი ამბები