კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფიკო ნიკოლაშვილს პატიმრობა შეეფარდა

6 თებერვალი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულ ჟურნალისტს სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე სოფიკო ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისმა ადვოკატებმა მაგული ღვალაძემ და მამუკა ნოზაძემ კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, სოფიკოსთვის გირაოს შეფარდება მოითხოვეს 10 000 ლარის ოდენობით, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის თქმით, სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მისთვის პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოძიებას ხელი შეეშალოს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება არაობიექტურია, რადგან მარტო ის, რომ მას წარდგენილი აქვს ბრალდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, არ შეიძლება აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძველი გახდეს. სოფიკო ნიკოლაშვილი არის 20 წლის, აქვს საცხოვრებელი სახლი, ჰყავს მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ სოფიკო თავს დამნაშავედ არ სცნობს და ვიშუამდგომლეთ, რომ არ უნდა შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიება, მაინც შევთავაზეთ 10 000 ლარი და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა იყო კანონიერი და მოსამართლეს უნდა დაეკმაყოფილებინა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ.

ბრალდებულის მეორე ადვოკატის მამუკა ნოზაძის თქმით, რაიონული სასამართლოს განჩინება უკვე გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. „ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო რამეს შეცვლის, მაგრამ პროცედურა უნდა გავიაროთ, რადგან საქმეს აუცილებლად წავიღებთ სტრასბურგის სასამართლოში“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.

მისივე თქმით, საქმეში არსებობს სოფიკო ნიკოლაშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ უნდოდა გიორგი სიბაშვილის მოკვლა. „ეს ჩვენება მიღებულია კანონდარღვევით. გოგონა მისი თხოვნის მიუხედავად ადვოკატის გარეშე დაკითხეს. მოსამართლემ ეს ფაქტორი არ გაითვალისწინა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდებულის მამამ დავით ნიკოლაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ დაგებული ხაფანგი, რომელშიც სოფო გაება.

სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში. ბრალდებული რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს. წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 9 მარტს, 13:00 საათზეა დანიშნული.

23 წლის გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელია. მისი მამა, გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. ბიძა - გიორგი სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეა.

ბრალდებულ სოფო ნიკოლაშვილის მამა ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. მანამდე ის „ქართული პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

ახალი ამბები