კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აუდიტორებსა და ბუღალტრებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა დაევალათ

13 თებერვალი, 2012

თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთი

ქართველ ბუღალტრებსა და აუდიტორებს მიმდინარე წლის თებერვლიდან, კომერციული ბანკების მსგავსად, დაეკისრათ ვალდებულება, გამოარკვიონ, მათი კლიენტი მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ისინი ვალდებულნი არიან, ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდონ.

აღნიშნული ვალდებულება აუდიტორებსა და ბუღალტრებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №12 ბრძანების საფუძველზე დაეკისრათ. მიხეილ როინიშვილმა ბრძანება „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის,  დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე 2012 წლის 31 იანავრს გამოსცა.

მიხეილ როინიშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით ცალკე არის გამოყოფილი მეექვსე მუხლი.  ამ მუხლის შესაბამისად, ბუღალტერი ან/და აუდიტორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, აუდიტორი და ბუღალტერი ვალდებულნი არიან, ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა აიღონ, ასევე, მიიღონ გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად და განახორციელონ ასეთ პირთან თავიანთი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანების მიხედვით, თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბუღალტერი ან/და აუდიტორი ვალდებულია, ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე, ქონების წარმომავლობის დასადგენად, განახორციელონ ასეთ პირთან თავიანთი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.

ახალი რეგულაცია ასევე ადგენს, რომ ბუღალტერს ან/და აუდიტორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც ის პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე, საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.

ბუღალტრებისა და აუდიტორების მსგავსად, ანალოგიური ვალდებულება დაეკისრათ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსაც. ბანკებთან დაკავშირებით მსგავსი რეგულაცია საქართველოს ფინანსური სამსახურის მონიტორინგის უფროსმა მიხეილ როინიშვილმა 2012 წლის 18 იანვრის ბრძანებით შემოიღო.

როინიშვილის ორივე ბრძანებაში განმარტებულია პოლიტიკურად აქტიური პირის მნიშვნელობა.

პოლიტიკურად აქტიურ პირს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას.

დებულებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურად აქტიური პირები ასევე არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე, მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე, მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში.

ორიგინალი

ახალი ამბები