03:54, Tuesday, 16.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კეზერაშვილი ბენზინის ბაზარსაც აკონტროლებს

17.02.2012

მარიამ თოდაძე, presage.tv

„როგორც ჩვენი პრეზიდენტი დგას უცხოეთში ხელგაშლილი და ამტკიცებს, კორუფცია დავამარცხეთ, აბა, სადღაა კორუფციაო, ასევე ხელგაშლილი ვეუბნები, აქ, არის, ბატონო კორუფცია, ჩვენთან, საქართველოში“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე, სადაც ნავთობპროდუქტების ბაზრის მონოპოლიზებისა და საწვავზე ფასების ხელოვნურად ზრდის სქემა წარმოადგინა.

„სააკაშვილმა შექმნა ერთპიროვნული მართვის რეჟიმი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ე.წ. ელიტური კორუფცია, რომელსაც სხვა სფეროებთანერთად, მონოპოლიზებული აქვს საწვავის ბიზნესიც“-განაცხადა იზორიამ.

იზორიას გათვლებით ბენზინის ღირებულება რეალურზე 20-25 თეთრით მეტია. საქართველოში 1 ლიტრი რეგულარის ფასი საშუალოდ 2.05-2.10 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა მეზობელ სომხეთში, სადაც ბენზინი საქართველოს გავლით შედის, ფასი 15-20 თეთრის ექვივალენტით ნაკლებია. „თავისუფალი დემოკრატები“ თვლიან, რომ დამატებული ღირებულების გადასახადისა და მოგების მარჟის გათვალისწინებით, საწვავი დღეს საქართველოში, მაქსიმუმ, 1,85 ლარი უნდა ღირდეს“.

იზორიას ანცხადებით, მონოპოლიურ საქმიანობასა და კონკურენციის შეზღუდვაში პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე, რადგან მან შექმნა სისტემა, რომელმაც 100-ზე მეტი იმპორტიორი გააძევა ბაზრიდან და საქართველოში საწვავის შემოტანა-რეალიზაცია ხუთი კომპანიის ხელში მოაქცია. ამ ხუთიდან კი ორში კვლავ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, აწ უკვე დიდი ბიზნესმენის დავით კეზერაშვილის ინტერესები ფიგურირებს.

საწვავის ფასი

საქართველოში საწვავზე ფასის მუდმივ ზრდას ზოგჯერ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირებით ხსნიან, ზოგჯერ - ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნით ან აღმოსავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური პრობლემებით. ეს მიზეზები ხალხისთვის სახელდება, სინამდვილეში კი ფასის მუდმივი ზრდა ბაზრის მონოპოლიზაციის დამსახურებაა.

მართალია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იდეოლოგი კახა ბენდუქიძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ მრავალი ექსპერტისა თუ ეკონომისტის მოსაზრებით, ბენზინი და დიზელის საწვავი აუცილებელი მოხმარების პროდუქტებია და მათი გაძვირება ირიბად ყველა სხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე აისახება. საბოლოო შედეგით კი დაზარალებულია მომხმარებელი, რომელსაც მაგალითად, სურსათი ან მგზავრობა უძვირდება.

არსებობს ინფორმაცია, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე ერთმანეთში გადაყიდვებს აწარმოებენ, რაც საცალო ქსელში საწვავის ფასს კიდევ უფრო ზრდის.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 45% აზერბაიჯანიდან შემოდის, 55% კი ევროპიდან. არაოფიციალური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ საქართველოში შემოსული  საწვავის დიდი წილი აზერბაიჯანულია.

იმპორტიორები ამბობენ, რომ „სუპერი“ და „პრემიუმ“ კლასის საწვავი, მთლიანად ევროპული წარმოებისაა, თუმცა ცნობილია, რომ ამ სახეობის საწვავს აზერბაიჯანიც აწარმოებს. ამდენად, სურვილის შემთხვევაში რუმინეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან ტრანსპორტირების ხარჯების თავიდან აცილებაც თავისუფლად არის შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ ზემოგებების მიღების ინტერესი უმაღლეს სახელისუფლებო დონეზეა აყვანილი.

როდესაც საწვავის ფასს ითვლიან, ითვალისწინებენ საწვავის საერთაშორისო პლატსის ფასს, რომელსაც ემატება ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯები. აქვე განვმარტავთ, რომ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, კომპანიის მოგება შეიძლება იყოს საწვავის ღირებულების მაქსიმუმ 5%.

ევროპაში გაცილებით მაღალი ხარისხის, ევრო 5 სტანდარტის საწვავს მოიხმარენ, ხოლო საქართველოში ყველაზე მაღალი წილი აზერბაიჯანულ საწვავზე მოდის, რომელიც ევრო 1-ს სტანდარტსაც არაკმაყოფილებს (მასში გოგირდის შემცველობა 50-ჯერ მაღალია, შესაბამისად, 50-ჯერ მეტად აბინძურებს გარემოს). თუმცა საქართველოში ამ ფაქტორს არავინ ითვალისწინებს და საწვავის ფასი საერთაშორისო პლატსის ფასის მიხედვით ითვლება.

როგორც ლევან იზორია აცხადებს, თუ ავიღებთ ერთი ტონა (ითვლება სიმკვრივის მიხედვით 15-20 გრადუს ტემპერატურაზე და უდრის საშუალოდ 1340 ლიტრს) საწვავის ღირებულებას- 1595 ლარს (960$), მივუმატებთ ტრანსპორტირების 40 ლარს, ასევე გავითვალისწინებთ ხარჯებს ყველაზე მაღალი - 10%-ით და შესაბამისად, 150 ლარს დავუმატებთ, ასევე გავითვალისწინებთ 5%-ან მოგებას - 75 ლარს და 18%-იან დღგ-ს გადასახადს, რომელიც 380 ლარს შეადგენს, ჯამში მივიღებთ 2590 ლარს. თუ ამ თანხას 1340 ლიტრზე გავყოფთ, მივიღებთ 1,85 ლარს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ხარჯისა და მოგების მარჟის გათვალისწინებით საქართველოში შემოტანილი ბენზინი 1,85 ლარად უნდა იყიდებოდეს.

როგორც ლევან იზორია განმარტავს, მათ გათვლებისთვის აიღეს ხარჯების მაქსიმალური რაოდენობა და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კომპანიები ყოველთვის ცდილობენ მეტი ეკონომია გასწიონ, შესაძლოა საწვავის რეალური ფასი კიდევ 10-15 თეთრით იაფიც იყოს და კომპანიებს დაახლოებით 1,70 ლარი უჯდებოდეს.

ლევან იზორია: „მოგების მაქსიმიზაცია ხდება. ანუ იკრიბება გარკვეული წრე, ელიტა, მისი წარმომადგენელია ბატონი კეზერაშვილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. მათი შეთანხმებით ხდება ფასების დადგენა, მოდი დღეს შენთან საწვავი 5 თეთრით მეტი იყოს, შენთან ნაკლებიო. იმიტომ, რომ გადათამაშება მოხდეს და შეიქმნას წარმოდგენა, რომ თითქოს კონკურენცია არსებობს. სინამდვილეში არანაირი კონკურენცია არ არსებობს. უამრავ პიროვნებას ვიცნობ, ვისაც სურვილი აქვს საქართველოში საწვავი შემოიტანოს, მაგრამ მათ ამის უფლებას არ აძლევენ. ერთი გზა აზერბაიჯანიდან გადაიკეტა, სადაც „სოკარი“ დომინირებს, მეორე გზა კი ფოთის ტერმინალით, ორივე გზას ერთი პოლიტიკური ელიტა აკონტროლებს.

ჩნდება კითხვა, უღირს თუ არა სახელმწიფოს ასეთ „მსხვერპლზე“ წასვლა, თუმცა აქვეა ლოგიკური პასუხიც, რომელიც ძალზე მარტივი და გასაგებია. ზემოგებები არა სახელმწიფოს, არამედ რამდენიმე კაცის კერძო ინტერესებში ჯდება, მათი ინტერესები კი რატომღაც ვარდებითა და გამჭვირვალე შენობებით გაბრწყინებული საქართველოსთვის გადამწყვეტია“.

როგორც იზორია განმარტავს,  საქართველო წელიწადში დაახლოებით 60-70 მილიონ ლიტრ საწვავს მოიხმარს, ამ კომპანიების ზემოგება თვეში დაახლოებით 15-20 მილიონი ლარია. ზოგჯერ სხვაობა რეალურსა და გასაყიდ ფასს შორის 30-35 თეთრსაც შეადგენს, შესაბამისად, მოგება 30-35 მილიონ ლარზე ადის. უხეში გათვლებით კომპანიების ზემოგება წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარია.

ელიტური კორუფცია

საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება შპს „სოკარენერჯი ჯორჯიას“ აქვს. კომპანიის 51%-ან წილს – „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია“ ფლობს. საინტერესოა, ვის ეკუთვნის ქართული 49%, თუმცა, ესეც, ისე როგორც სხვა მრავალი კომპანიის კვალი ოფშორულ ზონაში „დაიკარგა“.

თავის დროზე სოკარის 24,5%-ან წილს  საქართელოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი ფლობდა, 24,5%-ს კი კომპანია „პერტოტრანსი“ .შარშან, ზაფხულში, ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი 5 მილიონ დოლარად „პეტროტრანსს“ მიჰყიდა. „პერტო ტრანსი“ სულ ოთხიოდე თვე იყო სოკარის აქციების 49%-იანი წილის მფლობელი. შემოდგომაზე ისე „გაუჭირდა“, აქციების  ერთი ნახევარი 5 მილიონ დოლარად გაყიდა, მეორე ნახევარი კი (24,5%) 245 ათას დოლარად. წილები ოფშორში რეგისტრირებიულმა კომპანიებმა – Heritage General Traiding FZE-მ და Intersun Holding FZCO-მ შეიძინეს.

ასე „ჩამოცილდა“ „სოკარს“ ვანო ჩხარტიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელები, სამაგიეროდ, კვლავ აქტუალურია დავით კეზერაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სარეკლამო ბაზრის მონოპოლისტად დაასახელა.

დღეს საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარს 5 კომპანია აკონტროლებს „ვისოლი“, „სოკარი“, „რომპეტროლი“, „გალფი“ და „ლუკოილი“ და როგორც იზორია აცხადებს, ამ ხუთივეს სათავეში კეზერაშვილი უდგას.

გასული წლის ოქტომბრის სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „გალფის“ 100%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ნინუა, როგორც ლევან იზორია აცხადებს: „ნინუა არის დავით კეზერაშვილის ბავშვობის მეგობარი, კლასელი და მეჯვარე. პრაქტიკულად გადაწყვეტილებები კეზერაშვილის უშუალო ჩარევისა და მონაწილეობის გარეშე არ მიიღება“.

მსგავსი სქემები რომ მიზანდასახულად არის შექმნილი და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთამაშე კომპანიები სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობენ, სხვადასხვა ფაქტებითაც დასტურდება. მაგალითად, ბიზნესმენად ქცეული ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების პრივილეგია სახელმწიფო შესყიდვების ტენდერში გამარჯვებაც არის.

„ 2012 წლის 18 იანვარს ჩატარდა ე.წ. კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც N2 ოქმის თანახმად, სამი გამარჯვებული კომპანია დასახელდა, მათგან ორი - „გალფი“ და „ უნიგრუპი“ (ლუკოილის დისტრიბუტორი კომპანია) კეზერაშვილს ეკუთვნის. „უნიგრუპის“ 50%-ანი წილის მფლობელი კეზერაშვილი ოფიციალურადაა“ - აცხადებს იზორია. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ოფიციალური ტენდერების გარეშე, მხოლოდ მათგან  შეისყიდის საწვავს.

თუმცა, როცა ყველა კომპანიას სახელმწიფო აკონტროლებს, იქ სამართლიან ტენდერზე ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც იზორია ამბობს, დანარჩენი კომპანიების მფლობელებიც პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეული. მაგალითად „რომპეტროლის“ მფლობელი ლიპარტელიანი ყოფილი პარლამენტარი და ნაცმოძრაობის წევრია ხოლო „ვისოლის“ მფლობელი ძმები ფხაკაძეები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობისთვის ემზადებიან. რაც შეეხება „ლუკოილს“, როდესაც ამ კომპანიის მიერ შემოტანილ საწვავს კეზერაშვილის კომპანია ყიდის და ანაწილებს, ცხადია, რომ ისიც მისი მფარველობის ქვეშ მოიაზრება.

იმ სქემის მიხედვით, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა წარმოადგინეს საწვავის ბაზარს ფაქტობრივად ორი კომპანია, „სოკარი“ და „გალფი“ აკონტროლებს. იზორიას განმარტებით, „რომპეტროლსა“ და „ვისოლს“ კი შემოაქვთ  საწვავი მაგრამ, ფასის დადგენა საქართველოში, მრვალი მაგიდის ირგვლივ ხდება, სადაც თამაშის მკაცრად განსაზღვრული წესებია და ვინც არ დაემორჩილება იცის, რაც მოელის.

„ადრე არსებობდა კორუფციის კომბინირებული ფორმა დაბალ დონეზე და მაღალ დონეზე. ჩართული იყვნენ პოლიციელი, მებაჟე და მაღალი თანამდებობის პირები. დღეს კორუფციამ უკვე წმინდა ელიტიური სახე მიიღო. საზოგადოებაში თითქოსდა არაკორუმპირებულობის იმიჯის შესაქმნელად პოლიცია და მებაჟე აღარ არიან პროცესში ჩართული, თუმცა ზედმეტი ხალხი რაღად უნდათ, როდესაც მთელი მოგება ხელოვნურად გაზრდილი ფასებით ისედაც მათთან მიდის“-აცხადებს იზორია.

სად ილექება ეს თანხები, ამაზეც მარტივი პასუხი არსებობს, ცხადია, მხოლოდ კეზერაშვილის გასამდიდრებლად სააკაშვილი არაკორუმპირერბული ქვეყნის იმიჯს სასწორზე არ დადებდა.

ლევან იზორია განმარტავს, რომ თანხების ათვისების ორი გზა არსებობს. ერთი თანხების ბიუჯეტში მიმართვა, შემდეგ ბიუჯეტიდან გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, და იქიდან „ატკატებით“ ფულის უკან დაბრუნება. მეორე გზაა, როცა გარკვეული, თანხა ბიუჯეტში შედის დანარჩენი კი  ჯიბეში, თუმცა ამას შიდა რევიზია სჭირდება. როგორც იზორია აცხადებს, მომავალში, როდესაც მიეცემათ ასეთი რევიზიების ჩატარების შესაძლებლობა, აუცილებლად შემოგვთავაზებენ ელიტური კორუფციის დეტალებს და ამ კორუფციაში ჩართული ჩინოვნიკების ვინაობასაც.

პარადოქსია, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკში ერთი საინტერესო წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, „როგორ დაამარცხა კორუფცია საქართველომ“, სადაც მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტებს ამაყად იღებდა, ყოველ შემთხვევაში, ქართულ ტელეარხებზე ასე ჩანდა. მართლაც სასიამოვნო იქნებოდა ასეთი ქვეყნის ნახვა, თუმცა ქართველებს სამწუხაროდ, სააკაშვილის მიერ დახატული საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC