11:19, Monday, 28.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოვითხოვთ ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას

12.03.2012

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას და ვაპროტესტებთ 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული ადამიანების კონსტიტუციური უფლებების შელახვას, რაც აშკარად იკვეთება მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია დაკავებულთა გაუჩინარების, წამებისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევები, როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიების ეტაპზე. 

2011 წლის 26 მაისს, დილით  ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. დაკავების  მიზეზად დასახელდა შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად. სპეცოპერაცია ფართოდ გაშუქდა ტელევიზიებით და გავრცელდა თითქოსდა სპეცოპერაციის დროს ამოღებული იარაღის ვიდეოკადრები. შსს-ს მაღალჩინოსნები სიუჟეტებში აცხადებდნენ, რომ დაკავებულები ამზადებდნენ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას.

შეშფოთებას იწვევს „ყინწვისის საქმის“ შემდგომი განვითარება. კერძოდ, ყინწვისის სპეცოპერაციის შესახებ  შსს-ს საიტზე - http://www.police.ge/ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს-ს თანამშრომლებმა  ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით და ბრალდებულებმა  დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს... დღეისათვის ასეთი შინაარსის ინფორმაცია შსს-ს საიტზე აღარ დევს, ხოლო პროკურატურა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ უარყოფს ყინწვისის სპეცოპერაციას. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყინწვისში არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებში „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის“ ლიდერის, ნიკოლოზ გოგუაძისა და სხვა ბრალდებულების დაკავების ვადის ათვლა დაწყებულია არა ყინწვისში დაკავების მომენტიდან, არამედ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიყვანიდან. როგორც მასალების შესწავლისას იკვეთება, სინამდვილეში, ნიკოლოზ გოგუაძე და სხვა ბრალდებულები მართლაც ყინწვისში დააკავეს, ოღონდ სპეცოპერაცია სერიოზული დარღვევებით ჩატარდა - ისე, რომ ადგილზე არც შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია არ შეუდგენიათ. ეს საბუთები პოლიციამ მეორე დღეს - 27 მაისს თბილისში შეადგინა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს მათი დაკავება მოხდა ამ დროს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ 24 ადამიანი ყინწვისიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იძულებით კი არ მიიყვანეს, არამედ საკუთარი სურვილით მივიდა „მოწმის სტატუსით“.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს იარაღის მთელი არსენალი ჰქონდათ და შეიარაღებულ გადატრიალებას ამზადებდნენ. სინამდვილეში, სასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, 24 დაკავებულს შორის იარაღი მხოლოდ ერთს, ამჟამად უკვე გასამართლებულ ყოფილ პოლიციელს, მიხეილ ცილიკაშვილს აღმოაჩნდა. იგი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი გახლდათ და კანონმდებლობის თანახმად, ტაბელური იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა. სასამართლო პროცესზე საქმეში სხვა არანაირი იარაღი არ ფიგურირებდა. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რაზეც პროკურატურამ სასამართლო პროცესზე პასუხი ვერ გასცა: თუკი ბრალდებულებს იარაღი არ ჰქონდათ, როგორ აპირებდნენ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას?

დაკავებულებს აღენიშნებოდათ სხეულის მძიმე დაზიანებები, განსაკუთრებით - ნიკოლოზ გოგუაძეს, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი და ნაწამები. ეს კარგად ჩანს იმ ე. წ. აღიარებით ვიდეოჩვენებაშიც, რომელიც ოპერატიულად გაავრცელეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელევიზიებმა. ამ კადრებში ნიკოლოზ გოგუაძეს უჭირს ლაპარაკი, სახეზე და თითებზე ეტყობა მძიმე დაზიანებებისა და წამების კვალი, დათრგუნულია ფსიქოლოგიურად.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ გოგუაძეს 26 მაისს ღამის 12 საათიდან  27 მაისის დილის 6:10 საათამდე ჰკითხავდნენ. 6:12 წუთზე კი გამომძიებელმა, როგორც ბრალდებული, ისე დააკავა. მანამდე იმავე გამომძიებელმა თვითონვე დააფიქსირა, რომ დაკავებულს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახესა და სხეულზე, ასევე - მენჯის დაზიანება. სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ გამომძიებელს ჰკითხა, რატომ დაკითხა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი. პასუხად მიიღო, რომ დაკითხვის პროცესში მას დაზიანებები არ ეტყობოდა. არადა, როგორც აღვნიშნეთ, დაკითხვამდე ოქმში თავად აქვს დაფიქსირებული ეს დაზიანებები.

შემაშფოთებელია, რომ გოგუაძის გარდა, სხეულის დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდათ სხვებსაც. თუმცა, მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან ითანამშრომლეს და საპროცესო გარიგება გააფორმეს, ჩვენებაში დააფიქსირეს, რომ მათ თითქოს კი არ სცემეს, არამედ დაზიანებები ყინწვისში ყოფნისას ზოგმა ხეზე ფეხის წამოკვრით, ზოგმა მანქანაზე თავის ჩამორტყმით და ზოგმა წაქცევით მიიღო.

საბოლოო ჯამში, გოგუაძისა და კეშელავას გარდა, ყველა დაკავებულმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, ამის მიუხედავად, განსაკუთრებული შეღავათი არც ერთს არ უგრძვნია. დამატებით სასჯელად პირობითი მსჯავრი ყველას შეეფარდა, ერთს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, უმრავლესობას კი 4, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უფრო კონკრეტულად: ბადრი ელდარის ძე ჩიგოგიძეს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბაქარ ელდარის ძე ჩიგოგიძეს - 5 წლით, ბორის ბონდოს ძე გურულს - 4 წლით, გიორგი ვასილის ძე აღაჯანაშვილს - 4 წლით, გიორგი გოდერძის ძე ბეროშვილს - 4 წლით, დავით გიორგის ძე თუთარაშვილს - 5 წლით, დავით მიხეილის ძე შუკაკიძეს - 3 წლით, დავით ანტონის ძე ჩიტრეკაშვილს - 4 წლით, ვარლამ ჯემალის ძე ჩარკვიანს - 4 წლით, ზაზა ვიქტორის ძე გვიმრაძეს - 4 წლით, ზურაბ გივის ძე გელაშვილს - 4 წლით, ზურაბ ანტონის ძე ჩიტრეკაშვილს - 4 წლით, თეიმურაზ კარლოს ძე ცამბაიას - 5 წლით, ირაკლი თამაზის ძე ჩარბაძეს - 4 წლით, კახაბერ ნუგზარის ძე თოდაძეს - 4 წლით, მამუკა ჯემალის ძე ბესელიას - 4 წლით, მახარე დავითის ძე სისაურს - 4 წლით, მიხეილ არსენის ძე მაისურაძეს - 4 წლით, მიხეილ ავთანდილის ძე ცილიკიშვილს - 4 წლით, რამაზ ზაალის ძე ღვალაძეს - 5 წლით, ჯემალ ბუდიკოს ძე გუნდიშვილს - 4 წლით, ჯემალ აკაკის ძე სურამელაშვილს - 4 წლით.

2011 წლის 12 აგვისტოს ნიკოლოზ გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას სასამართლო პროცესიც დასრულდა. ნიკა გოგუაძეს ორი ბრალდების - შეთქმულების მოწყობისა და იარაღის უკანონოდ ტარების  საფუძველზე, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ კეშელავას კი - 8 წლით. ნიკოლოზ გოგუაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პატიმრების დიდი ნაწილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნებს, მეორე ნაწილი კი, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ძირითადად, დუმილს ამჯობინებს. ეს უკანასკნელები ფიქრობენ, რომ ამ საქმის დეტალების გახმაურებით და პრეტენზიების გამოთქმით კიდევ უფრო დაიმძიმებენ მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტელევიზიებით გავრცელებულ ინფორმაციებში სახელმწიფო გადატრიალების დამკვეთებად სახელდებოდნენ მოსკოვში მცხოვრები ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც თითქოსდა ამ ჯგუფთან დანაშაულებრივ კავშირი ჰქონდათ. შსს-მ ისე წარმოაჩინა, რომ 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების დროს რუსეთის სპეცსამსახურები ამ ჯგუფის დახმარებით გეგმავდნენ შეიარაღებულ გადატრიალებას. გავრცელებულ ინფორმაციებში ყინწვისში დაპატიმრებულთა ხელმძღვანელებად ფიგურირებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების ყოფილი მინისტრები - თემურ ხაჩიშვილი და იგორ გიორგაძე, „რუსი და ქართველო ხალხების ერთობის“ ფონდის პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი, ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელიც იმ დროს სულ სხვა საქმეზე იძებნებოდა და რუსეთს აფარებდა თავს. არც ერთი ეს პირი შემდგომში სისხლის ამართლის საქმის მასალებში აღარ ფიგურირებს. მათი სახელების გამოყენება შსს-ს მხოლოდ პიარისთვის დაჭირდა. მათზე არც ძებნაა გამოცხადებული და ცალკე წარმოებად არც სხვა საქმეა გამოყოფილი.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ, კერძოდ - 2012 წლის 20 თებერვალს შსს-მ დააკავა ვალერი გელბახიანი 2008 წლის ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც იგი იძებნებოდა. თუმცა, ამ საქმეს ყინწვისის სპეცოპერაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს. გელბახიანი კი გირაოს წესით სასამართლო დარბაზიდან მალევე გაათავისუფლეს ისე, რომ ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით მისთვის ბრალიც არ წაუყენებიათ.

აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიდან არ მტკიცდება მოსკოვში გადახვეწილი ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი ყინწვისში დაკავებულ ადამიანებთან. შესაბამისად, არ არსებობს „შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების“ დამკვეთი და სავსებით შესაძლებელია, მსგავსი რამ არც იგეგმებოდა. უბრალოდ, ხელისუფლების მიზანი იყო პოლიტიკურად აქტიური ჯგუფის განეიტრალება და მათი დისკრედიტაცია.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს და მოვითხოვთ:

1) 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული 24 ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი ჩაითვალოს დაუსაბუთებლად და უკანონო პატიმრები გათავისულდნენ საპატიმროებიდან.

2) დაისაჯონ ამ ძალადობრივი აქციის ინიციატორები და შემსრულებლები, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას და ყინწვისის მონასტრიდან უსაფუძვლოდ გაიტაცეს ადამიანები - ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო;

3) ობიექტურად გაირკვეს, რა ვითარებაში მიიღეს სხეულის დაზიანებები ბრალდებულებმა და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ისინი აწამეს.

4) დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც პროცესუალური ნორმების დარღვევით მიიღეს ე. წ. აღიარებითი ჩვენებები და შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება.

5) დაისვას იმ მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

6) თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამდებობის პირები, რომლებიც სამინისტროს ოფიციალური საიტისა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეარხების საშუალებით გამიზნულად ავრცელებენ დეზინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

განცხადებას ორგანიზაციების სახელით ხელს აწერენ:

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ნაზი ჯანეზაშვილი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრი;
ალექს შოშიკელაშვილი, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი;
ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის;
ირინა ფუტკარაძე, საზოგადოებრივი დამცველი;
ეკა ბესელია, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“;
ზაქარია ქუცნაშვილი, „კანონი ხალხისათვის“;
გიორგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
არნოლდ სტეფანიანი, სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. 

მურმან პატარაია, მიგრანტთა უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი;
ნიკა კვარაცხელია, „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC