კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების განცხადება

7 მარტი, 2012

2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია. მისი თქმით, ალექსიძე იმიტომ გარიცხეს, რომ „დირექტორს გაექაჩა“. სააკაშვილის თქმით, ახლა სხვა დროა და სკოლებში კრიმინალური მენტალიტეტი აღარ არსებობს.

15 წლის მიხეილ ალექსიძე #53 საჯარო სკოლიდან 2011 წლის 13 ოქტომბერს გარიცხეს. სკოლის დირექტორმა, ტატო შავშიშვილმა, ის „დისიპლინური დარღვევის გამო“ გარიცხა. თუმცა, რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა, დირექტორის გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული.

მიხეილ ალექსიძის საკითხით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელმაც საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლით გაარკვია, რომ მოსწავლის დისციპლინური დევნა სამართლებრივი ნორმების დარღვევით განხორციელდა. ასევე, გამოვლინდა არაერთი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ ალექსიძე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაირიცხა 53-ე საჯარო სკოლიდან. სახალხო დამცველის აპარატმა, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება და  რეკომენდაციები საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს 2011 წლის 28 ნოემბერს გადაუგზავნა. 30 ნოემბერს კი სახალხო დამცველმა  დიმიტრი შაშკინს კვლავ მიმართა ალექსიძის მიმართ დარღვეული განათლების უფლების აღდგენის რეკომენდაციით.

ასევე, 2011 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 53-ე საჯაროს სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება კვლავ გრძელდება. მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს.

საიას შეფასებით, ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები.

იმ დროს, როდესაც მიხეილ ალექსიძის მიმართ არ არსებობს არათუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ იგი ბრალდებულიც კი არ არის სისხლის სამართლის საქმეში, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არღვევს  უდანაშაულობის პრეზუმფციას. ამავე დროს, პრეზიდენტის სიტყვის ეს ნაწილი არის ცუდი მაგალითი დანარჩენი მოზარდებისთვის, რომლებსაც ვასწავლით, პატივი სცენ კანონებს და არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო მსგავსი განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან გვიქმნის ვარაუდს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვის შედეგებზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა.

ასევე მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სესიაზე არასრულწლოვანის შემთხვევის საჯარო განხილვა მისი სახელისა და გვარის იდენტიფიცირებით,  ბავშვის უფლებების უხეში  დარღვევაა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე პრეზიდენტის მხრიდან.  განსაკუთრებული რისკის შემცველია ქვეყნის პირველი პირის მხრიდან არასრულწლოვანისთვის დამნაშავის სტატუსის მინიჭება. ეს არა მარტო ადამიანის უფლებების შელახვაა, არამედ ამ ფაქტმა შესაძლოა, 16 წლის მოზარდში ძლიერი ფრუსტრაცია და ფსიქოტრავმა  გამოიწვიოს. „ხულიგანის“ იარლიყის მიწებება,  საჯარო სტიგმატიზაცია,  საზოგადოებიდან გარიყვის ტოლფასია. არასრულწლოვნისადმი ასეთი ძალადობრივი დამოკიდებულება მიუღებელია იმ შემთხევაშიც კი, როცა პირი სასამართლოს მიერ დამნაშავედაა აღიარებული.  საბოლოო ჯამში კი, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებამ, სახელმწიფომ,  ქვეყნის პრეზიდენტმა იზრუნოს ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე,  შექმნილი პრეცედენტით -  მოზარდის საგანმანათლებლო სივრცის გარეთ დატოვება, მისთვის განათლების უფლების შეზღუდვა,  საჯარო გაკიცხვა/გარიყვა  არის წინაპირობები, რამაც  საბედისწერო ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს მოზარდის ფსიქიკურ, მორალურ და სოციალურ განვითარებაზე.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები ვგმობთ სასამართლო პროცესამდე არასრულწლოვნის დამნაშავედ მოხსენიების ფაქტს და მოვითხოვთ:

საქართველოს პრეზიდენტმა ეს შემთხვევა გაითვალისწინოს და სამომავლოდ აღარ დაარღვიოს კანონი, მით უფრო - არასრულწლოვნის მიმართ; პატივი სცეს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა ობიექტურად განიხილონ მიხეილ ალექსიძის საქმე და არ მოექცნენ პრეზიდენტის განცხადების გავლენის ქვეშ.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა ყურადღებით შეისწავლონ ეს შემთხვევა და მოახდინონ რეაგირება.

განცხადებას ხელს აწერენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი;
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
კავშირი „საფარი“;

ახალი ამბები