კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლოგიკას სქესი არა აქვს!“ - საპროტესტო აქცია „ქალური ლოგიკის“ წინააღმდეგ

28 მარტი, 2012

თამთა ბელიაშვილი

26 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ გადაცემა „ქალური ლოგიკის“ შეწყვეტას ან მისი ფორმატის ისე შეცვლას, რომ იგი არ ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს. აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპროტესტო აქციას მრავალი მედიასაშულება გამოეხმაურა, მათ შორის: ნეტგაზეთი, ლიბერალი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, პალიტრა TV, Media.ge და მაესტრო. 

გადაცემის წინააღმდეგ გამომსვლელებმა ტელეკომპანია „იმედს“ საჩივარი გადასცეს, სადაც მოყვანილია არგუმენტები, თუ რატომ არღვევს „ქალური ლოგიკა“ პროფესიულ სტანდარტებს და რატომ უწევს პროპაგანდას სექსიზმს. საჩივარს ხელი სამოქალაქო საზოგადოებამ წინა დღეებში სოციალურ ქსელების საშუალებით მოაწერა. 26 მარტისთვის 950-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. როგორც აქციის ინიციატორებმა განაცხადეს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ 4 დღეში საჩივარს 900-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

„გადაცემას ვაპროტესტებთ რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, იგი ეწინააღმდეგება მაუწყებლის ქცევის კოდექსს. აგრეთვე, შეურაცხყოფს ქალებს, არღვევს მათ უფლებებს და ეწევა დისკრიმინაციას. „ქალური ლოგიკა“ ამყარებს სტერეოტიპს და აღრმავებს საზოგადოებაში, რომ ქალი, განსაკუთრებით - ლამაზად დავარცხნილი და შეღებილი, აუცილებლად შტერია. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადაცემის დახურვას ან ფორმატისა და შინაარსის შეცვლას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინია კაკაბაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

აქციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. მან ისაუბრა სამართლებრივ ნორმებზე, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ არღვევს „ქალური ლოგიკის“ ეთერში გაშვებით.  კერძოდ, გადაცემა  ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტს, სადაც აღნიშნულია, თუ რით უნდა ხელმძღვანელობდეს მაუწყებელი.

„იმედის“ იურისტი „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო აუცილებლად განიხილავს საჩივარს: „თუ გამოვლინდა, რომ ქალთა უფლებები ირღვევა, რა თქმა უნდა, გადაცემის პროდუსერებთან ერთად ვიმსჯელებთ იმ თემაზე, თუ როგორ შეიძლება ეს იყოს  მოდერნიზებული ისე, რომ აღნიშნული მტკივნეული საკითხი აღარ იყოს წამოჭრილი“.

„ქალური ლოგიკა“ „იმედის“ ეთერში პირველად 4 მარტს გავიდა. გადაცემის ანონსში აღნიშნულია, რომ ეს არის ჰოლანდიური პროექტი, სადაც მამაკაცები ცდილობენ, სწორად გამოიცნონ, რა პასუხს გასცემენ ქალები ამა თუ იმ კითხვებს.

ახალი ამბები