კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები ნებაყოფლობითი რეზერვის ქურქში

4 აპრილი, 2012

ალეკო ცქიტიშვილი

ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ - სამეგრელოს რეგიონში არაფორმალური შეიარაღებული რაზმების წვრთნის შესახებ და აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლება მოსალოდნელი დემონსტრაციების დამრბევ სპეციალურ კონტინგენტს ამზადებს. ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მხოლოდ 15 მარტს მოჰყვა, როცა პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს სთხოვა, მოეხდინათ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ამ გზით შეეჩერებინათ სამეგრელოში შეიარაღებული რაზმების მომზადების პროცესი.

„სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ კიდევ ერთი ჰომსი  არ მივიღეთ ზუგდიდში ან სხვა ადგილას, გთხოვთ, თუ შეიძლება, დაიწყეთ რეაგირება; ჯერ კიდევ შეგვიძლია იმ დრამატული მოვლენების შეცვლა, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდებით, თუ ეს ოქტომბრამდე გაგრძელდება... კრიტიკულ ნიშნულს ვუახლოვდებით და თქვენი ჩარევა უკიდურესად აუცილებელია“, – ინგლისურ ენაზე მიმართა ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს 15 მარტს გამართულ შეხვედრაზე. 

სისხლიანი პარალელები

ჰომსში და სირიის სხვა ქალაქებში გაჩაღებული სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი ამჟამად მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ზუგდიდისა და ჰომსის პარალელმა და საქართველოში მოსალოდნელი სამოქალაქო ომის წინასწარმეტყველებამ ხელისუფლების წარმომადგენლები აღაშფოთა. საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი ალასანია პროვოკატორად შერაცხა, ოპოზიცია კი იქით დაადანაშაულა, რომ თითქოს არეულობა მისი და რუსეთის საერთო სცენარში ჯდება.

ალასანიას განცხადებას ორი დღის შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მის ემოციურ კომენტარში ტრადიციულად გაიჟღერა პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა: „მინდა, ყველას გავახსენო, რომ ახლა 2012 წელია და არა 1992 წელი. ეტყობა, ვიღაცეებმა ჭკუა ვერ ისწავლეს. „მხედრიონის“ თარეშმაც კი ვერ ააღებინა სამეგრელოს საზოგადოებას ხელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე... ასე რომ, ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ ძალიან დიდი უზნეობაა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის იდიოტიზმი. თუმცა, ძალიან კარგად ეხმიანება ერთი კონკრეტული ქვეყნის გეგმებს და მე მინდა, ყველას ვუთხრა: რაც გინდათ ილაპარაკეთ, მაგრამ კარგად გამოირეცხეთ პირი, სანამ ახსენებდეთ სამეგრელოს და ზოგადად ქართველ ხალხს და დაანებეთ თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი, თქვენს ფანტაზიაშიც კი, და თუ აზრად გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ“.

გასამხედროებული შეიარაღებული ფორმირების, „მხედრიონის“ პარალელს 1990-იან წლებში მივყავართ. „მხედრიონი“ აქტიურად მონაწილეობდა 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში, 1992-93 წლებში კი - გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და აფხაზეთის ომში. ამ სამოქალაქო დაპირისპირებამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1995 წლიდან „მხედრიონის“ საქმიანობა აიკრძალა. თუმცა, საქართველოს ცხელ წერტილებში სხვა არაფორმალური შეიარაღებული რაზმების არსებობა კიდევ დიდხანს უქმნიდა საფრთხეს ქვეყნის სტაბილურობას. ასეთი რაზმები მოქმედებდნენ გალის რაიონში („ტყის ძმები“, მეთაური დავით შენგელია), სვანეთში (ნახევრადარაფორმალური რაზმი „მონადირე“, ემორჩილებოდა პრეზიდენტ შევარდნაძის რწმუნებულს ემზარ კვიციანს) და პანკისის ხეობაში (გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც რუსეთი ჩეჩენ ბოევიკებთან აკავშირებდა). ეტაპობრივად ყველა ამ ჯგუფის არსებობა შეწყდა. 

„მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო, რა ხდება დასავლეთ საქართველოში; რატომ იქმნება გასამხედროებული ჯგუფები?! ვინ აიარაღებს მათ?!“ – ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, - „ეს გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი არ ამზადებს ნიადაგს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის; იგი ამზადებს ნიადაგს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ოფიციალურად დასაჯოს. სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა მიანიშნებს, რომ იგი სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის ემზადება“.

რეაქცია

20 მარტს ირაკლი ალასანიამ ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენციაც მოიწვია და  კიდევ რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებები სააკაშვილის დავალებით „ახალაიების კლანმა“ შექმნა. კერძოდ - სამეგრელოს სამხარეო პროკურორმა როლანდ ახალაიამ და მისმა შვილებმა: თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და დათა ახალაიამ, რომელიც „შსს-ს ქვედანაყოფებს აკონტროლებს“.

„ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს პიროვნებებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს. ეს პიროვნებები აკონტროლებენ, აიარაღებენ და აფინანსებენ შეიარაღებულ ფორმირებებს. საუბარია, დაახლოებით, 500–მდე ადამიანისთვის იარაღის დარიგებაზე, რომლებიც 50–75 კაციან ჯგუფებად არიან დაყოფილები და იღებენ „უკანონო, ნაღდ ფულს“. ამ ჯგუფებში შედიან ყოფილი მებრძოლები; კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, ხოლო ნაწილი ფინანსური მოტივებითაა გაწევრიანებული. ეს ადამიანები არც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში არ არიან დარეგისტრირებულები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ სხვა დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს და სრულ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს უშიშროების საბჭოს შესასწავლად.

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს „ბოდვა“ და „სისულელე“ უწოდა.  ალასანიას ბრალდებების კომენტირებისას ბაჩო ახალაიამ „ნებაყოფლობითი სარეზერვო ძალებზე“ გაამახვილა ყურადღება, რომლის ფორმირებაც „უკვე რამდენიმე თვეა“, მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტრომ პირველი განცხადება ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველთათვის გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გაავრცელა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ადამიანები „თვითონ გამოთქვავენ სურვილს, იყვნენ სარეზერვო სამსახურში, გამომდინარე თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებიდან“ და ისინი ანაზღაურებას არ იღებენ. „ჩვენ შეგნებულად კონკრეტული რეგიონებიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს არის ადმინისტრაციული საზღვრები, კონფლიქტისპირა რეგიონები და როგორც ჩვენი, ისე მოსახლეობის ინტერესები ამ რეგიონებში უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან... ვისაც მოესურვება რაიმე სხვა სისულელეები ამ ყველაფერში ნახოს, მე ეხლა ამ სისულელების ბოდვას ვერავის დავუშლი. იბოდიალოს რამდენიც უნდა“, – დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

ამგვარად, თავდაცვის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების არსებობის ფაქტი დაადასტურა. თუმცა, ისინი „ნებაყოფლობით რეზერვად“ წარმოადგინა. მსგავსი პოზიცია გაახმოვანა საქართველოს უშიშროების საბჭომ 23 მარტს, როდესაც თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ირაკლი ალასანიასგან მიღებული დოკუმენტაცია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„სივილ ჯორჯიას“ ცნობით, უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მასალა შეიცავს ალასანიას წერილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელზე და იმ პირთა თანდართულ სიას, რომლებიც ალასანიას თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობენ, ასევე - რამდენიმე მისამართს ზუგდიდში და რამდენიმე სოფელს სამეგრელოს რეგიონში, სადაც, სავარაუდოდ, ეს ჯგუფები არიან განთავსებულნი; მაგალითად, ერთ–ერთი დაჯგუფების შესახებ ალასანიას წერილში ნათქვამია: „350-კაციანი დაჯგუფება (სპეცრაზმი); დისლოკაციის ადგილი: ზუგდიდი, კერძო სახლები, ხელმძღვანელი კობა ახვლედიანი (როლანდ ახალაიას ყოფილი დაცვის უფროსი)“.

„მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის  არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი განაცხადა: „სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. მითუმეტეს, აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში“.

რას წარმოადგენს ნებაყოფლობით რეზერვი

სამოქალაქო საზოგადოება შიშობს, რომ ირაკლი ალასანიას შეშფოთებას საფუძველი აქვს. როგორც ირკვევა, სამეგრელოში არსებობენ შეიარაღებული ადამიანები, რომლებსაც თავდაცვის მინისტრი „ნებაყოფლობით რეზერვად“ გვაცნობს, უშიშროების საბჭოს მდივანი კი - „ჩვენი ქვეყნის პოლიციად და შეიარაღებულ ძალებად“. 

რას წარმოადგენს ნებაყოფლობითი რეზერვი და რამდენად უსაფრთხოა მასში გაერთიანებული ადამიანების წვრთნები სამეგრელოს რეგიონში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალის - HRIDC.TV-ს ჟურნალისტი შეეცადა. სიუჟეტის მიხედვით, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად, მოქალაქეებს ნებაყოფლობითაც შეუძლიათ რეზერვში სამსახური, ექსპერტებისა და უფლებადამცველების შეშფოთებას იწვევს.

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის“ შესახებ კანონში ახალი ცვლილებები 2012 წლის მარტში მესამე მოსმენით დაამტკიცეს. კანონის თანახმად, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი. ახალი კანონის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებული პირები რეზერვში ნებაყოფლობით წასვლას შეძლებენ. ნებაყოფლობით რეზერვში წასვლის საშუალება კი მიეცა 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მათ შორის - იმ პირებსაც, ვინც მანამდე სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებულები იყვნენ.

ესენი არიან: ქალები; სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა; მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან პირები, რომლებიც მოძრავი შემადგენლობის და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებით და რემონტით არიან დაკავებულნი. ჩამონათვალში ასევე არის: საზღვაო ფლოტის შემადგენლობა, სოფლად დასაქმებული პედაგოგები და ექიმები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები; თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები; მოსამართლეები; პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური; საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები; დიპლომატიური თანამდებობის პირები; სასულიერო პირები; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირები და საქართველოს პარლამენტის წევრები.

კანონში კვლავ დარჩა ნორმა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირები სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღებიან. „პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება“, - პირდაპირ ნათქვამია კანონში.

ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვის შემოღების კამპანია თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს წამოიწყო. იმავე პერიოდში პარლამენტმა თავდაცვის სამინისტროს დაჩქარებული წესით დამატებით 45 მილიონი ლარი გამოუყო. 2012 წლის მარტში კი დამტკიცდა ცვლილებები „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტების გამოძახების უფლება მიეცა. მანამდე რეზერვისტების გაწვევაზე უფლებამოსილი იყო  თვითმმართველობის ორგანოები - ე.წ. გამგეობები. კანონი განსაზღვრავდა, რომ გამგეობებს უნდა შეეკრიბათ რეზერვისტების გასაწვევი კონტიგენტი და მას შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტრო ახორციელებდა რეზერვისტების წვრთნას.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის ამ უფლების გადაცემა სამოქალაქო საზოგადოებას შეშფოთების საფუძველს აძლევს. კერძოდ, 2007 წლის ნოემბერში სამოქალაქო მღელვარებისას რუსთაველის გამზირზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი გამოჩნდა და გაჩნდა რისკი, რომ  დემონსტრანტების დასარბევად ხელისუფლება სამხედრო ძალებს გამოიყენებდა. თეონა აქუბარდიას თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის რეზერვისტთა გამოძახებისა და შეკრების უფლების მიცემით ასეთი რისკები კიდევ უფრო იზრდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი  კანონში შეტანილი ცვლილებებიდან ყურადღებას იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც კანონმდებელმა გააფართოვა იმ მოქალაქეთა წრე, რომელთა გამოძახებაც რეზერვში უკვე დაშვებულია. ამ პირთა შორის მოხვდნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოსამსახურეები და მოსამართლეები.

„ჩემთვის გაუგებარია, რა საჭიროა, ამ ადამიანებმა გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური?! თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე მოსამართლეებს ისედაც საკუთარი ფუნქცია და საკუთარი მოვალეობები გააჩნიათ და გაუგებარია რატომ არის აუცილებელი, ისინიც ჩართული იყვნენ ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურში“, - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

სამხედრო ექსპერტი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სარეზერვო სისტემა სრულიად არაეფექტურია და ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც გამოაშკარავდა. ხოლო ხუთდღიანი ნებაყოფლობითი სარეზერვო სამსახური ამ სისტემას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის. „ამავე დროს, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სხვადასხვა რეგიონებში არც თუ ისე კარგი წარსულის მქონე პირებს პირდაპირ სთავაზობენ ამ ნებაყოფლობით რეზერვში მონაწილეობას. ეს თუ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ კეთდება, ხელისუფლება მალე მიხვდება, რომ ამ სახით ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა რესურსის, ენერგიისა და დროის ფუჭი ხარჯვაა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ექსპერტები იმედს იტოვებენ, რომ სამეგრელოში გაწვრთნილი „ნებაყოფლობითი რეზერვი“ იმ მგლის ამპლუაში არ მოგვევლინება, რომელსაც ცხვრის ქურქი აქვს შემოცმული, მაგრამ მისთვის საჭირო დროს ნამდვილ სახესაც გამოაჩენს. ხელისუფლებისგან, რომელიც წინასაარჩევნოდ არაორდინალური კანონების მიღებით გამოირჩევა, მსგავსი მტკივნეული სიურპრიზები მოულოდნელი არ არის.

ახალი ამბები