06:35, Thursday, 24.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟის ცემისთვის დაკავებულის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარება სთხოვა

22.05.2012

თამთა ბელიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრს ივანე ერგემლიძის ოჯახის წევრებმა დახმარება სთხოვეს. საქმე ეხება 2011 წლის დეკემბერში მომხდარ გახმაურებულ ფაქტს - პარლამენტის დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟზე თავდასხმას, რომელიც საზოგადოებაში დღემდე ტოვებს კითხვებს.

ივანე ერგემლიძეს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. იგი უკვე 5 თვეა, გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები თვლიან, რომ დანაშაულისთვის სასჯელი საკმარისად აქვს მოხდილი და დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილისგან ცილისწამებისა და ღირსების შელახვისათვის ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

2011 წლის 14 დეკემბერს 00:30 წთ-ზე ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვისა“ და „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟს ზურაბ ცაგარეიშვილს სახლის სადარბაზოსთან ივანე ერგემლიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფიზიკური ძალადობის ფაქტს გიორგი ცაგარეიშვილმა პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა. მან განაცხადა, რომ თუ იგი ცდება და ხელისუფლება საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, საჯაროდ მოიხდიდა ბოდიშს.

ივანე ერგემლიძის მშობლები ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებენ, რომ სრულიად აპოლიტიკური ოჯახი აქვთ და აღნიშნული ინციდენტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. მათივე თქმით, გიორგი ცაგარეიშვილი დღეს თვოთონაც დარწმუნებულია, რომ არავითარი პოლიტიკური დაკვეთა არ ყოფილა, მაგრამ ივანე ერგემლიძე კვლავ რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში და პოლიტიკოსიც ბოდიშს არ იხდის.

ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი რესტორან HB-ში დაიწყო. როგორც ივანე ერგემლიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. რესტორანში ზურაბ ცაგარეიშვილი და მისი მეგობრები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ივანე ერგემლიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, HB-ის მომსახურე პერსონალის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ზურაბ ცაგარეიშვილი და მისი თანმხლები პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და არცთუ ისე კორექტულად იქცეოდნენ.

ივანე ერგემლიძის მეუღლე, ანა ქაჯაია ადამიანის უფლებათა ცენტრთან ჰყვება, რომ ზურაბ ცაგარეიშვილის ერთ-ერთი მეგობარი ივანე ერგემლიძეს ნიშნისმოგებით უკრავდა თვალს. იგი დაინტერესდა, რატომ უკრავდნენ თვალს და კითხვაზე შემდეგი პასუხი მიიღო: „მინდა და გიკრავ!“ ამ დროს, საუბარში გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟი ჩარეულა. ივანე ერგემლიძემ მას მოუწოდა, თქვენს სუფრას მიხედეთო, რაზეც ზურაბ ცაგარეიშვილისგან, როგორც ახალგაზრდის ოჯახის წევრები აცხადებენ, უხეშად მიუღია პასუხი: „მე რომ მიხედული მაქვს, ნეტავ, ისე გქონდეთ თქვენ მიხედული...“ ამ ყველაფერს ივანე ერგემლიძე გაუბრაზებია და რესტორნიდან გასულა, რადგან შენობაში არ ამტყდარიყო აჟიოტაჟი. მან გადაწყვიტა, ზურაბ ცაგარეიშვილს გაყოლოდა და გარეთ „გაესწორებინა ანგარიში“. ივანე ერგემლიძე მეგობრის მანქანით გაჰყოლია პოლიტიკოსის ვაჟს სახლამდე. მეგობრები კი მიხვდნენ, რა ჰქონდა განზრახული მას და უკან გაედევნენ. აღნიშნული ფაქტი სხვადასხვანაირად გავრცელდა და გაშუქდა მედიაში. თითქოს წინასწარ ჩაუსაფრდნენ და ორ-ორად დახვდნენ ივანე ერგემლიძე და მისი თანმხლები პირები ზურაბ ცაგარეიშვილს და სხვა. ცაგარეიშვილების სახლთან სხვადასხვა მხრიდან სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული და ივანე ერგემლიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სიმართლის გარკვევა ადვილად არის შესაძლებელი.

თინათინ და ეკა ერგემლიძეები, დაკავებულის დედა და და არ ამართლებენ ძალადობის ფაქტს. თუმცა, აცხადებენ, რომ შემთხვევა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ ყოფილა. ამავე დროს დაზარალებულისგან იყო ინსპირირებული. დაკავებულის ოჯახი მოითხოვს, ცილისწამებისათვის გიორგი ცაგარეიშვილმა ბოდიში მოიხადოს და ეს ყველა მედიასაშუალებაში გაავრცელოს, ისევე, როგორც მანამდე გააცნო ივანე ერგემლიძე ყველას „ზონდერად“.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უწოდა გიორგი ცაგარეიშვილმა მომხდარს პოლიტიკური, ივანე ერგემლიძის ოჯახის ინფორმაციით, გახდა დაკავებულის 2007-2009 წწ-ის სამსახური. ივანე ერგემლიძე აღნიშნულ წლებში საქართველოს კონტრდაზვერვაში მუშაობდა. ეს ფაქტი პოლიტიკოსს მოუძიებია და ერთ-ერთ მიზეზად დაუსახელებია, რატომ იყო ძალადობის ფაქტი პოლიტიკური დაკვეთა.

ივანე ერგემლიძე 2011 წლის 17 დეკემბერს დააკავეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა გიორგი ცაგარეიშვილს. სატელეფონო საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვითარება იმდენად გაურკვეველია, მას კვლავ პოლიტიკური დაკვეთის შთაბეჭდილება რჩება. დეპუტატმა გვითხრა, რომ საქმე სასამართლოშია და იმედოვნებს, რომ მალე გაირკვევა ყოველივე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენჯერმე შეეცადა თავად ზურაბ ცაგარეიშვილისგან მოესმინა შეფასებები. თუმცა, მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ივანე ერგემლიძის ოჯახის წევრები თვლიან, რომ შესაძლოა, გიორგი ცაგარეიშვილს ხელს აძლევს აღნიშნული ინციდენტის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შერაცხვა თავისივე პოლიტიკური მიზნებისა თუ ამბიციებისათვის. ისინი აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტით მანიპულირება ყოვლად დაუშვებელია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC