კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადება კონტროლის პალატის მიერ გერმანიის მოქალაქის, ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით

1 ივნისი, 2012

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ფონდ „ქომაგისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელების მოტივით, შემოწირულობის ათმაგი ოდენობით - 900 000 ევროთი დააჯარიმა გერმანიის მოქალაქე, ბიძინა გიორგობიანი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხაზი გვინდა გავუსვათ რამდენიმე გარემოებას:
 
1.  საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება ბიძინა გიორგობიანის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულობის თაობაზე. ბატონი გიორგობიანის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, საჯაროდ გამოთქმული პოლიტიკური შეხედულებებით შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ განცხადების ავტორის პოლიტიკურ სიმპატია-ანტიპათიაზე და ეს განცხადებები არანაირად არ წარმოადგენს ამ ადამიანის რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირის იურიდიულ მტკიცებულებას.
 
2. კონტროლის პალატამ 17 მაისს გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, როცა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ გერმანიიდან ფული გადმოირიცხა  „საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ, რომელიც ამავდროულად არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი“. სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილი იყო, რომ თანხის გადმორიცხვის მომენტისათვის ბატონი ბიძინა გიორგობიანი იყო გერმანიის მოქალაქე. ხელისუფლება აცხადებს, რომ, თუკი საქართველოს მოქალაქემ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ის ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მას საქართველოს პრეზიდენტი არ მიანიჭებს ორმაგ მოქალქეობას. აქედან გამომდინარე,  ბატონი ბიძინა გიორგობიანი, გერმანიის მოქალაქეობის მიღების მომენტიდან, აღარ არის საქართველოს მოქალაქე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კი, „პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს“;  შესაბამისად, ბიძინა გიორგობიანი ვერანაირად ვერ იქნებოდა რომელიმე პარტიის წევრი, რის შესახებაც თავად ბიძინა გიორგობიანმაც გააკეთა  განმარტება. განცხადების გაკეთების მომენტისთვის ამის თაობაზე ცნობილი უნდა ყოფილიყო კონტროლის პალატისთვის, ან ამ საკითხის გარკვევისთვის განცხადების გაკეთებამდე უნდა მიემართა ბატონი ბიძინა გიორგობიანისთვის.
 
3. ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ  „შემოწირულობა გერმანულმა ფონდმა „Osteuropa – Medien & Gesselschaft“ განახორციელა და ის ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორია“. კონტროლის პალატა ამ შემთხვევაშიც არღვევს კანონს, რადგანაც ის ვალდებულია, არა ბატონი გიორგობიანის, არამედ ამ გერმანული ფონდის მიერ ფონდ „ქომაგისთვის“ თანხის გადმორიცხვის უკანონობა დაუმტკიცოს საზოგადოებას და  ჯარიმაც მას დააკისროს.
 
4. კონტროლის პალატამ ფონდ „ქომაგის“ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა გიორგობიანის ხელმოწერით შემოწირულობის გახორციელებიდან ერთი კვირის შემდეგ, 2012 წლის 18 მაისს მიიღო,  რის გამოც ბიძინა გიორგობიანს თანხის გადარიცხვის მომენტში არ შეიძლება სცოდნოდა ფონდ „ქომაგზე“ პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელებისა და, შესაბამისად, ამ გადარიცხვის უკანონობის შესახებ. ამასთან, კონტროლის პალატამ 18 მაისის გადაწყვეტილებით დააყადაღა ფონდ „ქომაგის“ ანგარიშები, რითაც,  კონტროლის პალატის გადაწყვეტილების კანონიერების აღიარების შემთხვევაშიც, არც შემომწირველს და არც შემოწირულობის მიმღებს  არ დაუტოვა ე.წ. კანონდარღვევის  გამოსწორების საშუალება.
 
თუნდაც ეს ფაქტები საკმარისია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ  საფუძვლიანი ეჭვი საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ამ გადაწყვეტილების კანონიერებასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობაში. ჩვენს მოსაზრებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ კონტროლის პალატა, რომელიც საოცარი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ორგანიზაციის ”ქართული ოცნებასთან” დაკავშირებულ პირად გამოცხადებისა და მათი ასტრონომიული თანხებით  დაჯარიმების თაობაზე, არანაირ რეაგირებას არ ახდენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონდარღვევის მრავალრიცხოვან ფაქტებზე. კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ჯერ კიდევ 3 მაისს მიმართა კონტროლის პალატას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან გამართულ შეხვედრებისას მმართველი პარტიის მიერ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის, მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტების თაობაზე და მტკიცებულების სახით წარადგინა შესაბამისი ვიდეო მასალა. კონტროლის პალატამ 7 მაისს მხოლოდ წერილობით გვაცნობა, რომ ის სწავლობს ამ მასალას. ამ პასუხიდან უკვე თითქმის თვე გავიდა, არც ჩვენს წერილში აღნიშნულ და არც მაისის განმავლობაში მომხდარ კიდევ არაერთ მსგავს ფაქტს კონტროლის პალატის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ზემოაღნიშნული გარემოებები გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში  არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს და საზოგადოების თვალში ჩამოყალიბდა ერთი კონკრეტული ოპოზიციური გაერთიანების სადამსჯელო ორგანიზაციად.
 
მივმართავთ უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას, დაინტერესდეს როგორც გიორგობიანის წინააღმდეგ კონტროლის პალატის შესაბამისი სამსახურის მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებით, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აშკარა კანონდარღვევის ფაქტებით,  ამ მიმართულებით კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უმოქმედობის მიზეზებით და ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნები ფართო საზოგადოებას გააცნოს.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

ახალი ამბები