კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

7 მაისი, 2024
 
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომლის ძალითაც 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ გააუქმებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ლაზარე გრიგორიადისს და მისი ოჯახის წევრებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საქმეზე საერთო სასამართლოების ზედა ინსტანციებში განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას და ასევე, ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელს "ქართული ოცნების" ლიდერების, ყოფილი და ახლანდელი პრემიერ მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელთა საჯარო განცხადებებმა შელახეს ლაზარე გრიგორიადისის ღირსება. ამ სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი თქვა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპიდან იცავს. ორგანიზაციის იურისტი სამოქალაქო აქტივისტის დაცვას ახორციელებდა როგორც გამოძიების მიმდინარეობისას ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე. 

ახალი ამბები