08:49, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

იეჰოვას მოწმის შვილის მართლმადიდებლად მონათვლის ისტორია

13.06.2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info   

ონში მცხოვრები იეჰოვას მოწმე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ გასულ კვირას ონში მასთან შეთანხმების გარეშე მართლმადიდებლად მონათლეს მისი 13 წლის გოგონა. გოგონას დედა ამბობს, რომ მართლმადიდებლად მონათვლა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ინა შერაზადიშვილის უშუალო ჩარევით, დედასთან შეთანხმების გარეშე მოხდა.

იეჰოვას მოწმე ქალბატონის თქმით,  მასწავლებელი გოგონაზე თავდაპირველად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ბიოლოგიის გაკვეთილზე რელიგიურ თემებს მიმოიხილავდა. ამ ზეწოლისა და მართლმადიდებელი თანატოლების ზეგავლენის შედეგად გოგონამ მართლმადიდებლად მონათვლა გადაწყვიტა. თუმცა, მოზარდის დედა აცხადებს, რომ იმ წუთებში მისი შვილი კარგად ვერ აცნობიერებდა საქციელს და ახლა ის ძალიან ნანობს თავის გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც - ნათლობის შემდეგ რამდენჯერმე  თვითმკვლელობაც სცადა.

ონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და ინა შერაზადიშვილი, რომელიც სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, მშობლის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ნათლობის ცერემონიალი მათ  ჩაურევლად ჩატარდა. ინა შერაზადიშვილის თქმით, იგი გაკვეთილზე მხოლოდ ბიოლოგიაზე საუბრობს, არ განიხილავს რელიგიურ თემებს და გოგონაზე, მისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, არასოდეს ახორციელდებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

Religiebi.info გთავაზობთ გოგონას დედის, ბიოლოგიის მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის ვერსიებს მომხდართან დაკავშირებით. ასევე იურისტისა და ბავშვთა ფსიქოლოგის კომენტარებს.

მოზარდის დედა აცხადებს, რომ ნათლობა სკოლის დირექტორისა და ბიოლოგიის მასწავლებლის ინიციატივა იყო.

„ჩემს გოგონაზე ზეწოლა ბიოლოგიის მასწავლებლის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინა შერაზადიშვილი თავდაპირველად ჩემი შვილის კლასს რელიგიის ისტორიას ასწავლიდა და გაკვეთილების მიმდინარეობისას მუდმივად შეურაცხყოფდა ჩვენს რელიგიურ მრწამს და ჩემს შვილს პირჯვრის გადაწერასაც კი აიძულებდა. ბავშვი სახლში ძალიან დათრგუნული მოდიოდა ხოლმე. გადავწყვიტე, თავად მივსულიყავი მასწავლებელთან და დავლაპარაკებოდი. ჩვენ პერევიდან ვართ, 2008 წლის ომმა ამ ბავშვის თვალწინ გაიარა, იმავე პერიოდში მამაც გარდაეცვალა. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი ტარვმა გადაიტანა. მასწავლებლეს ვთხოვე, ნუ ახდენთ ჩემ შვილზე ზეწოლას და კიდევ ერთ ტრავმას ნუ მიაყენებთ-მეთქი. მაშინ ამ საუბრით  სიტუაცია მეტნაკლებად მოგვარდა.

რაც შეეხება ჩემი შვილის მართლმადიდებლად მონათვლას, ეს 31 მაისს მოხდა.  ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადავიტანეთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო. მე ამ ნათლობის შესახებ არაფერი ვიცოდი. მართალია წელს ინა შერაზადიშვილი კლასს რელიგიის ისტორიას აღარ ასწავლიდა, მაგრამ ბიოლოგიის გაკვეთილზეც ხშირად მსჯელობდა რელიგიურ საკითხებზე და ქადაგებდა მართლმადიდებლური რელიგიის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი გზის შესახებ.

ჩემი შვილის გადმოცემით, ერთ დღესაც ინა შერაზადიშვილი გაკვეთილზე გარდაცვალებაზე და სულებზე საუბრობდა და ბავშვისთვის უთქვამს - მამაშენი ზეცაში ძალიან წუხს, შენ რომ მართლმადიდებელი არ ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ბავშვზე. ხომ გესმით, მამა ძალიან ენატრება...

მასწავლებელთან საუბრის შემდეგ, ბავშვს თავისი კლასელისთვის უთქვამს მართლმადიდებლად მინდა მონათვლაო. მერე ამავე თემაზე ინა მასწავლებელიც დალაპარაკებია. ბავშვი ფულს აგროვებდა და ამ მასწავლებელს უთქვამს, შენ  მართლმადიდებლად რომ მოინათლები, ალბათ, ბევრი პრობლემა შეგექმნება და  შეგიძლია, პერევში წახვიდე და იქ იცხოვროო. ანუ  13 წლის მოზარდს მასწავლებლმა მიმართულება მისცა და ურჩია, რომ მონათვლის შემდეგ სახლიდან წასულიყო.

ამ საუბრის შემდეგ, ინა შერეზადიშვილი ეკლესიაში წასულა, მოძღვარს დალაპარაკებია და ბავშის ნათლობა დაუგეგმავთ. სკოლის დირექტორიც ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო. მან მეორე დღეს გოგონა გაკვეთილებიდან გაათავისუფლა და ხელი შეუწყო ნათლობის რიტუალის ჩატარებას.  მართალია, ინა შერაზადიშვილი უარყოფს, მაგრამ ნათლობის დროს ისიც ეკლესიაში იმყოფებოდა. ის  და დირექცია ინფორმირებული იყვნენ ამ ყველაფრის შესახებ. სამწუხაროა, რომ საჭიროდ არავინ ჩათვალა, ჩემთვის აზრი მაინც ეკითხათ.

ეს ამბავი რომ მოხდა, ჩემს შვილს პირველ დღეს არაფერი უთქვამს, თუმცა მთელი ღამე შფოთავდა და ვიგრძენი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. დილით ვკითხე, რას ნერვიულობ, რას განიცდი-მეთქი და მომიყვა ყველაფერს. საშინლად იყო ბავშვი. ჩემი შვილი გარდატეხის ასაკშია და ის არ იყო მზად ჩემგან დამოუკიდებლად ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ყველაფრის შედეგად ბავშვმა სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო. ნათლობის შემდეგ მითხრა: საკუთარი თავი მეზიზღება იმის გამო, რაც გავაკეთეო. ორჯერ თვითმკვლელობაც  სცადა.

ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი იყო და იმდენ პატივს მცემდა, რომ მას არ გაუკეთებია ასეთი რამ და ბავშვი მართლმადიდებლად არ მოუნათლავს. ჩვენ გვქონდა ასეთი შეხედულება, რომ ბავშვი რომ გაიზრდებოდა, თავად მიიღებდა გდაწყვეტილებას, საით წავიდოდა. მიუხედავად ჩემი მრწამსისა, იეჰოვას მოწმედაც კი არ მოვნათლე ჩემი შვილი. ჯერ  ბავშვია, არა აქვს ჩამოყალიბებული ხედვები. ვფიქრობდი, რომ გაიზრდებოდა და თავად გადაწყვეტდა იეჰოვას მოწმედ მოინათლებოდა თუ მართლმადიდებელ ქრისტიანად. ჩემი ჩარევის გარეშე კი, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, წაიყვანეს და მართლმადიდებლად მონათლეს. რატომ არ ჩამთვალა სკოლის დირექციამ არაფრად, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებდა და ჩემ შვილს ნათლავდა?!“

ინა შერაზადიშვილი: „იეღოველი მშობლის შვილი არის ჭური - რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს“

ინა შერაზადაშვილი: „ერთი კვირის წინ ეს ბავშვი თავის კლასელებთან ერთად ჩემთან მოვიდა, მითხრა - მონათვლას ვაპირებო და დახმარება მთხოვა. მე წინასწარვე გავაფრთხილე, რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა მის მართლმადიდებლად მონათვლას. მოვუყვანე წმინდა ბარბარესა და სხვა წმინდანების მაგალითიც და ვურჩიე, რომ დედისთვის მოეყოლა ამ გადაწყვეტილების შესახებ.  ბავშვი შემპირდა, რომ დედას ეტყოდა ყველაფერს. ამის შემდეგ მთხოვა, რომ მეუფესთან შემეხვედრებინა. 31 მაისს გოგონა მეუფეს შევახვედრე“.

- ეს შეხვედრა გაკვეთილების პერიოდში მოხდა?

- არა, დილით, გაკვეთილების დაწყებამდე.

- ანუ 9 საათამდე? 7 საათზე, 8 საათზე?..

- დიახ. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას და მეუფემ გოგონას ურჩია, გადაწყვეტილების შესახებ მშობლისთვის ეთქვა. გოგონა მეუფეს დაპირდა, რომ მონათვლის თაობაზე  მშობელს ეტყოდა. იმავე დღეს, გაკვეთილების შემდეგ, ჩემ გარეშე, ჩემგან დამოუკიდებლად გოგონამ მოიფიქრა, რომ თავის თანატოლ ნათლიებთან ერთად ეკლესიაში წასულიყო და მონათლულიყო. მე საქმის კურსში არ ვიყავი.  მე იმავე ეკლესიაში ვგალობ, სადაც ნათლობის რიტუალი ჩატარდა. ლოცვაზე რომ მივედი, გოგონა უკვე მონათლული დამხვდა. მე ნათლობის პროცესს არ დავსწრებივარ. 

- მეუფეს როცა ახვედრებდით, გამოდის, რომ მაშინ უკვე იცოდით ბავშვის გადაწყვეტილების შესახებ, თქვენ როგორც მასწავლებელმა, რატომ რა ჩააყენეთ მისი მშობელი საქმის კურსში?

- მეც და მეუფესაც ბავშვი დაგვპირდა, რომ დედას თვითონ ეტყოდა და რატომ უნდა გამეფრთხილებინა? ჩემი ჩარევა არ ჩავთვალე საჭიროდ. მე ამ შემთხვევაში სულაც არაფერი მესაქმება მის მშობელთან - ის იაღოველია, მე მართლმადიდებელი.

- გოგონა და მისი მშობელი ამბობს, რომ თქვენ გაკვეთილის მიმდინარეობისას რელიგიურ თემებს მიმოიხილავდით ხოლმე... გოგონას თქმით, თქვენ მას უთხარით, რომ მისი გარდაცვლილი მამის სული წუხს, რადგან გოგონა იეჰოვას მომწეა.

- მსგავსი არაფერი მითქვამს და ამას მთელი კლასი დაადასტურებს. რაც შეეხება რელიგიურ თემებზე საუბარს, ჩემ გაკვეთილზე მხოლოდ ბიოლოგიაზე ვსაუბრობ.  ფიზიკურად დროც არ მრჩება, რომ სხვა თემებს შევეხო. ასე რომ, მათი ბრალდებები უსაფუძვლოა. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს გოგონა ძალიან მიყვარს, ძალიან სათნო ბუნების ადმიანია. საერთოდ, იეღოველი მშობლის შვილი არის ჭური - რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. 

სკოლის დირექტორი: „ბავშვი გაკვეთილების შემდეგ მოინათლა“

ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე: „ამ ბავშვმა თავის კლასელებს უთხრა - მამაჩემი  მართლმადიდებელი იყო და მეც მინდა, მართლმადიდებლად მონათვლოო. ამის შემდეგ მას თავისი სამი კლასელი გაკვეთილების შემდეგ ეკლესიაში გაყვა და იქ მოინათლა. ნათლიებიც ეს კლასელები იყვნენ. იმ დღეს გოგონამ მთხოვა, გაკვეთილებიდან გამათავისუფლეო. თუმცა, მე არ გავუშვი. ნათლობა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს არ მომხდარა და არც ბიოლოგიის მასწავლებელი გაჰყოლიათ ნათლობაზე. მე, როგორც ამ სკოლის დირექტორი, ვამბობ, რომ ჩვენს სკოლაში გაკვეთილებზე სხვადასხვა რელიგიაზე საუბარი და ქადაგებები არ ხდება. შესაბამისად, გამოვრიცხავ ყოველგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ამ გოგონაზე. ამას ადასტურებენ სხვა მოსწავლეებიც. რატომ უნდა დავუჯეროთ ერთ მოსწავლეს და მის მშობელს, და რატომ არ უნდა დავუჯერო დანარჩენ 35 ბავშვს?!“

იურისტი: „ნათლობა არ უნდა შესრულებულიყო არასრულწლოვანი ბავშვის მშობლის თანხმობის გარეშე“

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი:  „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ბავშვი  თავისი რელიგიური მრწამსის შესაბამისად აღზარდოს. პაქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ადრესატია სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ თავად არის ვალდებული, ხელი არ შეუშალოს მშობელს ბავშვის სხვა რელიგიური მრწამსით აღზრდაში, არამედ იმავდროულად, ვალდებულია, აღკვეთოს მშობლის უფლების დარღვევა მესამე პირების მხრიდან - იქნება ეს სხვა რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირი თუ სკოლის მასწავლებელი. ცხადია, რომ ამგვარი ნათლობა, როგორც რელიგიური რიტუალი, არ უნდა შესრულებულიყო არასრულწლოვანი ბავშვის მშობლის თანხმობის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინციდენტი ისე მოხდა, როგორც ამას მოზარდის დედა აღწერს, სკოლის პედაგოგებმა დაარღვიეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც მითითებულია: „დაუშვებელია, საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება“. ამის გამო მათ უნდა დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა“.

რაც შეეხება მართლმადიდებელი სასულიერო პირის პასუხისმგებლობას, რომელმაც გოგონა მშობლების თანხმობის გარეშე მონათლა, გიორგი გოცირიძის თქმით, ეს საკითხი ეკლესიის შინაგანაწესით რეგულირდება. სახელმწიფოს კანონებით კი არ არსებობს რაიმე აკრძალვა, რითაც მღვდელს მსგავს შემთხვევებში შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.

ბავშვთა ფსიქოლოგი: „ბავშვი მარტო არ უნდა დავტოვოთ ამ პრობლემასთან“

ბავშვთა ფსიქოლოგის,  კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის, ნატა ზაზაშვილის კომენტარი: „ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ბავშვი უდავოდ ტრავმირებულია და ამაზე უნდა დაფიქრდეს ორივე მხარე - სკოლაც და ოჯახიც. ახლა მთავარია, დავეხმაროთ მას, რათა დაძლიოს ეს ტრავმა. ბავშვი მარტო არ უნდა დავტოვოთ ამ პრობლემასთან. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება კრიზისული მომენტები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს, პრობლემის დაძლევა კი ადამიანს კიდევ უფრო აძლიერებს.  კონფლიქტი ოჯახსა და სკოლას შორის ყველაზე უარყოფითად გოგონაზე იმოქმედებს, ეს ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს. ეს კონფლიქტი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ყველა მხრიდან ბავშვს უნდა შეექმნას მხარდამჭერი გარემო. ის რომ მასწავლებლები მართლამდიდებლები არიან და დედა იეჰოვას მომწე, ეს ამ წუთში მეორეხარისხოვანია“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC