კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო აშშ–ის ანგარიშში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ

21 ივნისი, 2012

სივილ ჯორჯია

საქართველო სექსუალური ექსპლოატაციის და იძულებითი შრომის თვალსაზრისით ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააუმჯობესა ტრეფიკინგთან ბრძოლისკენ მიმართული ძალისხმევა, ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 19 ივნისს გამოქვეყნდა და რომელიც 2011 წლის პერიოდს მოიცავს.

უკვე ექვსი წელია ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშში საქართველო „პირველ ჯგუფში“ ხვდება – უმაღლეს კატეგორიაში, რომელიც მართალია არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

2012 წლის ანგარიშში მოხვედრილი 185 ქვეყნიდან, 33–მა სრულად დააკმაყოფილა თავიანთი კანონმდებლობით გათვალისწინებული ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ოთხსაფეხურიანი სარეიტინგო სისტემის თავში მოექცა.

თუ ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშებში მოხსენიებული იყო, როგორც ადამიანთა ტრეფიკინგის „წყარო და სატრანზიტო ქვეყანა“, გასული წლის ანგარიშში, რომელიც 2010 წელს მოიცავს, ნათქვამია, რომ საქართველო დანიშნულების ქვეყანაც იყო „უფრო ნაკლები ხარისხით“. ახალ ანგარიშში კი საქართველო მოხსენიებულია, როგორც „წყარო, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანა“.

„ქალები და გოგონები საქართველოდან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და ასევე თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში“, – ნათქვამია 2012 წლის ანგარიშში, „ქალებს უზბეკეთიდან და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც საქართველოში კომერციული სექსის ინდუსტრიაში იძულებით პროსტიტუციაში აბამენ“.

ანგარიშის თანახმად, იყო შემთხვევები, როდესაც მამაკაცები და ქალები საქართველოს ფარგლებში იძულებითი შრომის მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო ქართველები იძულებით შრომაში ჩააბეს რუსეთში, თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოში დაფიქსირდა უცხოელების ექსპლოატაციის შემთხვევები სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და საშინაო მომსახურების სფეროებში, ხოლო თურქი მამაკაცები იძულებითი შრომის მსხვერპლნი გახდნენ „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ გაუმჯობესებას მიაღწია ტრეფიკინგის წინააღმდეგ სამართალწარმოების საქმეში და ტრეფიკინგთან დაკავშირებით გამოძიებული საქმეების რაოდენობაც გაზარდა. 2011 წელს 16 საქმე აღიძრა 18 პირის მონაწილეობით, საიდანაც ხუთი გასამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალური ექსპლოატაციის საქმეში, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, 2010 წელს 11 ანალოგიური საქმე იყო აღძრული ასევე 18 პირის მონაწილეობით და მხოლოდ ერთი ადამიანი დაისაჯა.

თუმცა, 2012 წლის ანგარიში ასევე აღნიშნავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენის დინამიკის შემცირებას, ვინაიდან ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გაწეული ძალისხმევა „არ იყო ეფექტური“ 2011 წლის პირველ ნახევარში. სულ 18 მსხვერპლი იქნა გამოვლენილი და უმეტესობა მათგანი 2011 წლის ბოლოს, 2010 წელს იდენტიფიცირებული 19 და 2009 წელს – 48 მსხვერპლის ნაცვლად.

„ქვეყნის ექსპერტებმა შეშფოთება გამოხატეს მსხვერპლთა იდენტიფიცირების დაბალი დონის გამო და ზოგადად იმ წარუმატებლობის გამო, რომ ვერ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა ადგილის დადგენა“, – ნათქვამია ანგარიშში.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს ხელისუფლებამ გაზარდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაფინანსება თითქმის 50%–ით, მათ შორის 302 000 აშშ დოლარი გამოყო ტრეფიკინკის მსხვერპლთა ორი სახელმწიფო თავშესაფრის დასაფინანსებლად.

ფოტო:primetimrnews.ge

ახალი ამბები