კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება კარალეთში მომხდარი ინციდენტის თაობაზე

17 ივლისი, 2012

12 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლებაში „ქართული ოცნების“ ლიდერების ჩასვლას ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალებიდან ნათლად ჩანს, რომ მოქალაქეების ერთი ჯგუფი გამოხატავდა აშკარა აგრესიას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩასული აქტივისტების მიმართ. ამ დაპირისპირების ინიციატორთა, მათ შორის - ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა (საჯარო მოხელეთა) და ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ ბადრი ბასიშვილთან სავარაუდოდ დაახლოებულ პირთა აშკარა მიზანს წარმოადგენდა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა, ასევე - ამ შეხვედრის გაშუქებაში ჟურნალისტებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა. ინციდენტის დროს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც დაშავდნენ.

ინტერნეტ-გამოცემა qartli.ge-ს რედაქტორის, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის განცხადებით, იგი აწარმოებდა  აღნიშნული შეხვედრის გადაღებას, რა დროსაც ქალაქ გორის მაცხოვრებლებმა - გიგი და გოგიტა გოჩაშვილებმა, ასევე, ქურთის თემის გამგეობის თანამშრომელმა, ლევან მაისურაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სააგენტო „ინფო-9“-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ცალკეული პირები მასმედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ესროდნენ ქვებსაც, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის - ჟურნალისტები, კერძოდ, სააგენტო „ინფო-9“-ის წარმომადგენლები: თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები: ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლები: ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. სამწუხაროდ, აღნიშნული ინციდენტის დროს, ისევე, როგორც ადრე მომხდარი ანალოგიური ინციდენტებისას, ადგილზე კვლავ არ იმყოფებოდა პოლიცია.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142.2-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს, როგორიცაა, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი პოლიტიკური შეხედულების გამო, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება. აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 154-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს - ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას. აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. კერძოდ - შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების არსებობა, პოლიციამ დააკავა ამ დაპირისპირების ინიციატორი მხოლოდ ორი პიროვნება, რომლებსაც მოგვიანებით სასამართლოს მიერ შეეფარდათ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ პოლიციის მიერ დაკავებულთა უმეტესობა, კერძოდ - 4 ადამიანი, რომლებიც ასევე ხულიგნობის მოტივით არიან გასამართლებულნი, წარმოადგენენ ამ, ჩვენი აზრით, დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლს, კერძოდ - წინასაარჩევნო შეხვედრის ორგანიზატორი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად მათ მიერ ორგანიზებული აქციის წინააღმდეგ და მის ჩასაშლელად განხორციელდა, სავარაუდოდ, წინასწარ დაგეგმილი ხელის შეშლა და აშკარა ფიზიკური აგრესია.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოხდა ამ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრის, ძალადობის გამოყენებით ჩაშლა. წინა, რამოდენიმე შემთხვევაშიც, ინციდენტის დროს პოლიცია არ იმყოფებოდა ადგილზე. მხოლოდ, მოგვიანებით, პოლიციის მიერ იქნენ დაკავებული, როგორც შეხვედრისათვის ხელისშემშლელი, და ისიც, ინციდენტის მონაწილე, მხოლოდ ზოგიერთი პიროვნება და ასევე, ამ ძალადობის ობიექტი - ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის რამოდენიმე აქტივისტი. სუყველა მათგანს, ისევე, როგორც კარალეთის ინციდენტის შემთხვევაში, თანაბრად დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომელიც გათვალისწინებულია წვრილმანი ხულიგნობისათვის (ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია, ასევე, იხილოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც შეფასებულია აღნიშნული ინციდენტები).

ჩვენს შეშფოთებას ასევე, იწვევს ის გარემოებაც, რომ კარალეთის ინციდენტის გამო, პოლიციის მიერ დაკავებულ ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს, სასამართლომ ისე შეუფარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - 15-დღიანი პატიმრობა, რომ მათ არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება, რათა ეფექტურად განეხორციელებინათ საკუთარი თავის დაცვა. სასამართლო სხდომა ჩატარდა თითქმის მათი დაკავებისთანავე, ღამის საათებში (ღამის 01 საათიდან დილის 05 საათამდე), დაკავებულები მოკლებულნი იყვნენ დაცვის ეფექტურ საშუალებას. ამასთან, ზოგიერთი მათგანის დაკავების ადგილი და სასამართლო განხილვის დრო ხელისუფლების მხრიდან არ იყო გასაჯაროებული. ამის გამო დაკავებულთა ახლობლები მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში ძებნის შემდეგ და ისიც მხოლოდ შემთხვევით იგებდნენ როგორც ამ პირების დაკავების თაობაზე ინფორმაციას, ისე მათი საქმის სასამართლო განხილვის ზუსტ დროს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ თითქმის ყველა სასამართლო განხილვა ტარდება დახურული ფორმით და ხშირ შემთხვევებში, უფლებათა დამცველები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, თვალი ადევნონ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის სამართლიანობას.

ყოველივე ზემოაღნიშნული, კერძოდ, სასამართლო პროცესების ნახევრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარება, ასევე - ამ სასამართლო განხილვების სამართლიანობა და გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობა, ბადებს სამართლიან კითხვებს და ქმნის ერთგვარ საფუძვლიან ეჭვს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების სამართლიანობის თაობაზე , ხოლო, მერე მხრივ კი, როდესაც საქმე ეხება ფიზიკური დაპირისპირების აშკარა პროვოცირებისა და წინასაარჩევნო შეკრებისა თუ ჟურნალისტური საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევებს, პასუხისმგებლობის უსამართლოდ შემსუბუქებისა და დაუსჯელობის წახალისების კუთხით. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი მიდგომა აშკარად ეწინააღმდეგება სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულებას, ამასთან, იგი ნამდვილად ხელს არ უწყობს ამგვარი ინციდენტების გამეორების თავიდან აცილებას და მოქალაქეებში ზრდის უსამართლობის განცდას.

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების, განსაკუთრებით კი - პოლიციის უმოქმედობა, როგორც კარალეთში მომხდარი ინციდენტის, ისე ანალოგიური სხვა შემთხვევების დროსაც. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის - საწინააღმდეგო აზრის მქონე მოქალაქეებისგანაც. ეს ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს, როგორც შესაბამისი ქართული კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შინაარსიდან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, მათ შორის - ამ ინციდენტებში მონაწილე საჯარო მოხელეების, როგორც აქტიური მოქმედებები, ისე უმოქმედობა ხელს უწყობს წინასაარჩევნო პროცესის გასვლას სამართლებრივი ფარგლებიდან და ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

• შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ინციდენტში მონაწილე იდენტიფიცირებული საჯარო მოხელეები, რათა მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ სხვა მოხელეთა ანალოგიური ქმედება;

• ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური ძალის უფლება, უსაფრთხო გარემოში გამართოს წინასაარჩევნო შეხვედრები;

• ხელისუფლებას და სამართლდამცავ ორგანოებს, თავისი უმოქმედობით, ხელი არ შეუწყონ წინასაარჩევნო პროცესის გასვლას სამართლებრივი სივრციდან, კონკრეტული პირების დაუსჯელობის გრძნობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მოქალაქეებში უსამართლობის განცდას;

• „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას, არ დაუშვას საკუთარი აქტივისტების მხრიდან კონკურენტი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქციებზე დაპირისპირებების პროვოცირება;

• ასევე, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიათა წევრებმა უარი თქვან ამგვარ ძალადობაში მონაწილე ადამიანების გამართლებაზე, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცესის სრული პარალიზება გამოიწვიოს.

ახალი ამბები