კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოშათა ხმა წინასაარჩევნო მარათონში

30 ივლისი, 2012
ნათია ბილიხოძე, ქუთაისი

მისამართი ასეთია: ავანგარდი - ბოშათა დასახლება. მიუხედავად იმისა, რომ დასახლება ქუთაისში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზეა, იქ მოხვედრისას თვალში გეცემათ უნომრო სახლები, რაც კონკრეტული პიროვნების მოძებნას ართულებს. 

ეს უცნაური დასახლება შერეულია. აქ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ოჯახები ცხოვრობენ, მათ შორის - ქართველებიც. თუმცა, ამ ადგილს ქუთაისში ყველა „ციგნების“  უბანს ეძახის. „უბანი“ ყოფილ ნაგავსაყრელზეა გაშენებული. 

„მე პირადად, თავშესაფარი არსად მქონდა. აქ თავისუფალი მიწა იყო, მოვედი და დავსახლდი“, - ამბობს ბოშათა დასახლების ქართველი მაცხოვრებელი ციალა ჩხარტიშვილი. იგი ყოფილ ნაგავსაყრელზე 1959 წელს დასახლდა. მას იქ ბოშები უკვე დახვდნენ და მას შემდეგ ქალბატონი ციალა ერთადერთი ადამიანია ქუთაისში, რომელიც ბოშათა უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის იბრძვის. უფრო მეტიც, იგი ბოშურ ენას ზედმიწევნით კარგად ფლობს და შესაბამისად, ერთადერთი მედიატორია ბოშებსა და ხელისუფლებას შორის.

ძნელი დასადგენია კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხვდნენ ბოშები ქუთაისში. ამის შესახებ არ არსებობს რაიმე ჩანაწერი. ადგილობრივი ეთნოგრაფების თქმით, ბოშების ეთნიკური აღწერა არასოდეს მომხდარა. არც უშუალოდ ბოშებს შეუძლიათ კონკრეტულ თარიღებზე საუბარი. ამის საშუალებას მათ განათლების დაბალი დონე არ აძლევთ. 

„დავიბადე მაშინ, როდესაც მდინარე ადიდდა“ - დაახლოებით ასე იწყება, განსაკუთრებით უფროსი თაობის ბოშების ავტობიოგრაფიები. ბუნებრივია, მსგავსი „გამოთვლა“ კანონის ენაზე არაფრისთქმელია. მთავარი პრობლემაც, მათი რეგისტრაციისას, დაბადების კონკრეტული თარიღის არცოდნაა. მით უმეტეს, წინათ მშობიარობითაც ოჯახებში მშობიარობდნენ. ახლა ეს პრობლემა, მეტნაკლებად, მოგვარებულია და ბოშა ქალები სამშობიარო სახლებს მიმართავენ. თუმცა, გარკვეული პრობლემა იქაც იჩენს თავს - ბოშა ცოლ-ქმარი ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან, რაც დამატებით თავსატეხს წარმოშობს ახალშობილის რეგისტრაციისას. 

„ისედაც ხდება, რომ ზოგჯერ ნათესავების საბუთებით გამოყავთ ბავშვები სამშობიარო სახლებიდან“, - ამბობს ციალა ჩხარტიშვილი.

ავანგარდელი ბოშებისთვის ხელმიუწვდომელია განათლებაც. თუმცა, სკოლების ადმინისტრაციის მხრიდან მათ წინააღმდეგობა არ ექმნებათ. აქ ისევ და ისევ საბუთების არქონაა მთავარი ბარიერი, და კიდევ - საზოგადოების განწყობა. როგორც ქალბატონი ციალა ამბობს, „ჯერ კიდევ მყარია საზოგადოებაში სტერეოტიპები. ხალხი ერიდება იმ სკოლაში შეიყვანოს შვილი სასწავლებლად, სადაც ბოშები სწავლობენ“.

თავად ბოშები განათლებაზე ხელმიუწვდომლობის მთავარ მიზეზად ეკონომიურ სიდუხჭირეს ასახელებენ. „სკოლაში როგორ უნდა იარონ, როცა საკვებითა და ჩასაცმელითაც ვერ ვუზრუნველყოფთ ბავშვებს. უცოდინარი ვის რაში ჭირდება?!“ - ამბობს მამაჩი იბრაგიმოვიჩი და თავის დედიშობილა შვილიშვილზე მიგვითითებს. 

მამაჩი ქართულად კარგად საუბრობს. როგორც თავად ამბობს, მამა ქართველი, გვარად მახარაძე ჰყოლია, მაგრამ, რადგანაც დედის დედამ გაზარდა, გვარსაც ბებიისას ატარებს. არა მარტო გვარს, ის ნამდვილი ბოშაა - მრავალრიცხოვანი ბოშური ოჯახით. ხუთი შვილი და თხუთმეტი შვილიშვილი მამაჩის მონაგარია. მიწაზე დადგმული მათი სახლი ოთხ პატარა ოთახს მოიცავს. სახლში მხოლოდ ორი საწოლი დგას, ერთიც - ეზოში. არც ერთ საწოლს არა აქვს ლეიბი, აქა-იქ დახეული საბნების გროვას თუ მოკრავ თვალს. როგორც მამაჩის ცოლი ამბობს, საღამოობით იატაკზე აფენენ საბნებს და ისე წვებიან დასაძინებლად. იბრაგიმოვიჩების ოჯახის, ისევე როგორც მათი მეზობელი ბოშების ძირითადი შემოსავლის წყარო ჯართის ჩაბარებაა. არიან ისეთებიც, რომლებიც ბაზრობაზე ვაჭრობით ირჩენენ თავს. 

მამაკაც ბოშებს ჯარშიც არ იწვევენ. ციალა ჩხარტიშვილი იხსენებს ერთადერთ შემთხვევას საბჭოთა პერიოდიდან, როდესაც ბოშა მოტყუებით გაუშვა ჯარში: „იყო ერთი ბოშა, რომელმაც კითხვაც არ იცოდა. მე ვუთხარი, ჯარში თუ წავიდოდა, ავტომატს აჩუქებდნენ. ეს მოტივი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ბოშა დამეთანხმებინა. მაშინ ყველას პირზე ეკერა, რომ ბოშა ჯარში წავიდა და ქალაქმაც სახელი გაითქვა ამით. მეც მიხაროდა, რომ ეს მოვახერხე“. 

პირადობის მოწმობების აღებაში ბოშებს არასამთავრობო სექტორი, კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისი დაეხმარა. ახალგაზრდა იურისტების ძალისხმევით, ათმა პატარა ბოშამ უკვე აიღო პირადობის მოწმობა, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი სკოლაში სიარულს შეძლებენ. 

„ეს უბანი, მეტნაკლებად ინტეგრირებულია. ქუთაისში ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებული კიდევ ორი დასახლებაა, სადაც მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პრაქტიკულად, მათ არა აქვთ თავშესაფარი. ნაწილი ამორტიზირებულ კორპუსებში, ნაწილი კი კარვებში ცხოვრობს“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო თვალთვაძე. იურისტების რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ ძირითადად, შემდეგ საკითხებს მოიცავს: დასახლებამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება, წყალ-კანალიზაციის სისტემის გამართვა, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა-უტილიზაცია. ორგანიზაციამ ასევე მოითხოვა, რომ 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ ეს საკითხები, რაც არ შესრულდა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, ნოდარ ჯიქია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის საკითხთან დაკავშირებით ამბობს:  „სახელმწიფომ, მთავარია, მიიღოს სამოქმედო გეგმა და კონცეფცია. უნდა შესრულდეს 1999 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ აღებული ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები, რისთვისაც საჭიროა ეროვნული უმცირესობების შესახებ ქარტიის ხელმოწერა და რატიფიცირება, რაც საგრძნობლად შეცვლის ამ ადამიანების ყოფას“.

მოახლოებულ საპარტლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საინტერესოა ბოშების პოლიტიკური ჩართულობაც. როგორც თავად ბოშები ამბობენ, ისინი პოლიტიკით მაინცდამაინც არ ინტერესდებიან. მათი ერთადერთი გზავნილი ხელისუფლებისადმი არის დასაქმება და სოციალური დახმარება. თუმცა, საქართველოში მცხოვრები აპოლიტიკური ბოშების ხმა, მაინც მნიშვნელოვანია ნებისმიერი საარჩევნო პროცესისათვის. ამდენად, ისიც მნიშვნელოვანია, რამდენ არარეგისტრირებულ ბოშას მოუგვარებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემას და ამ გზით რჩეული პოლიტიკური პარტიისა თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმის მიცემის საშუალებასაც მისცემს.   

„მათ არჩევნებში მონაწილეობის არანაირი პრობლემა არა აქვთ. სამივე დასახლებიდან  მონაწილეობენ ისინი, ვინც რეგისტრირებულია და პირადობის მოწმობები აქვთ“, - ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი, მერაბ მეშველიანი. ციალა ჩხარტიშვილიც ადასტურებს ავანგარდის ბოშათა დასახლების საარჩევნო აქტივობას და ამბობს, რომ იგი თავად უკეთებს ორგანიზებას ამ პროცესს. ბევრმა მათგანმა კითხვა არ იცის. ამიტომ თარჯიმნობასაც ქალბატონი ციალა ითავსებს. თუმცა, დანარჩენ ორ დასახლებას „თარჯიმანი“ არა ჰყავს. 

ავანგარდში - ბოშათა დასახლებაში, მართალია, მწყრალად არიან თარიღებთან, მაგრამ კარგად ახსოვთ კომუნისტური პარტიის ქუთაისის კომიტეტის პირველი მდივანი, სოლიკო ხაბეიშვილი, როგორც ხელისუფალი, რომელმაც ბოშებს ხელი ჩამოართვა, მათი გაცნობა და პრობლემების გაზიარება უშუალოდ მოინდომა. ძნელი სათქმელია, იმ დროს მდინარე ადიდებული იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, ეს წლების წინ - წინა საუკუნეში იყო.

ახალი ამბები