კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა

6 აგვისტო, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

5 აგვისტოს ბათუმში საოცრებათა მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციამ ექსესების გარეშე ჩაიარა. 30 ათასზე მეტი მოქალაქე აქციისათვის ანბანის კოშკთან, საღამოს 7 საათისათვის შეიკრიბა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა, აქციაზე ბოლომდე დარჩა.

„ქართული ოცნების“ აქცია დანიშნულ დროზე 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო და ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა კოალიციის მიერ საქართველოს რეგიონებში აქამდე გამართულ აქციებს შორის. წვიმის მიუხედავად, აქცია 2 საათს გაგრძელდა. თანაც, შეკრებილთა უმრავლესობა ქოლგის გარეშე იყო.

აქცია ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. თავდაპირველად, მან წინა დღით, ბეშუმში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და პრეზიდენტ სააკაშვილს მშიშარა უწოდა: „კარგად შემოგვხედოს სააკაშვილმა, რამდენი ვართ! კარგად შემოგვხედოს ამ მშიშარა კაცმა, რომელიც საკუთარ ხალხს პირისპირ ვერ ელაპარაკება, ზონდერებით გულგამაგრებული ყელყელაობს და უნიჭო წარმოდგენებს მართავს! მეგონა, ვეღარ გაგვაკვირვებდა - მან ხომ ყველაფერი იკადრა, მაგრამ იმას, რაც გუშინ მოაწყო, ვერ წარმოვიდგენდი. მინდოდა შუამთობაზე მოვსულიყავი და ხალხისთვის მიმელოცა... დღესასწაულზე დასასწრებად სხვადასხვა რაიონებიდან გამგეობის თანამშრომლები ჩამოიყვანეს. იქვე იყვნენ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციის თანამშრომლები - ისინი წინ აღგვიდგნენ და მთაზე არ აგვიშვეს. მოხდა შეხლა-შემოხლა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ინციდენტი სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო“.

ივანიშვილმა ისაუბრა სააკაშვილის ბრალდების შესახებ, თითქოსდა „ქართული ოცნების“ ლიდერები  საბჭოთა დროს მისტირიან. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს, უფრო ზუსტად - წინაპარს. დააკვირდით სააკაშვილს, დააკვირდით სააკაშვილის ხელისუფლებას და უზუსტეს მსგავსებას იპოვით საბჭოთა ხელისუფლებასთან... სააკაშვილი გააფთრებით გაჰკივის ყველგან - მეტი საქმე არ მაქვს, ეს ქვეყანა ვინმე სხვას გადავაბარო და დავანგრევინოო. მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა იმის საჯაროდ გაცხადებას, რომ არსად არ აპირებს წასვლას, არ აპირებს თავისი ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი ამის საჯაროდ მთქმელი არც ერთი ხელისუფლება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა“.

ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვაში ელიტურ კორუფციასაც შეეხო: „ოფიციალური მონაცემებით, 2003 წლიდან დღემდე საქართველოში რვანახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამ ინვესტიციას, წესით და კანონით, სულ მცირე 170 000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა 170 ათასი ჩვენი მოქალაქისთვის. დაუჯერებელია, მაგრამ პირიქით მოხდა! ასეთი საგანგაშო ვითარება კი მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შემოსულ მილიარდებს არ მოიხმარს დანიშნულების მიხედვით. ამ თანხის დიდი ნაწილი ელიტური კორუფციის წყარო ხდება“.

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ საზოგადოებას კოალიციის წევრებმა - იურისტმა მედეა ვასაძემ, მხატვარმა კაკო ძნელაძემ, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა და სულხან ღლონტმა მიმართეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქციის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ცვლილებების იმედი აქვთ. მოქალაქეები მათ იქ დგომასაც სწორედ ამ მიზანს უკავშირებდნენ.

ეთერ ბერიძე, ხელვაჩაურის მკვიდრი: „ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო. შეუძლებელია უკვე ცხოვრება! უკიდურესი გაჭირვებაა. აქ სამსახური არ იშოვება და თურქეთში მონებად ვართ ქცეული. ყველა ახალგაზრდა პურის ფულს იქ მუშაობით შოულობს“.

ზურაბი, ქობულეთის მკვიდრი (გვარს არ ასახელებს): „ხალხი შეშინებულია. თუკი განსხვავებული აზრი გაქვს, ვერ დააფიქსირებ, თორემ პოლიციასთან პრობლემები შეგექმნება - ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ან სხვანაირად გაგიმწარებენ ცხოვრებას. ეს უსამართლობა და მათი პარპაში უნდა დასრულდეს. ნორმალურ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება“.

ედნარი, ბათუმის მკვიდრი, პენსიონერი (გვარს არ ასახელებს): „რაღა სიცოცხლე დამრჩენია, მაგრამ ჩემი შვილიშვილების უკეთესი მომავლისთვის ვდგავარ ამ წვიმაში აქ. საქართველო დემოკრატიული კი არა, ისევ საბჭოური ქვეყანაა, სხვანაირ სიტყვას რომ ვერ იტყოდი. თუ გვიშველის, ეს კაცი გვიშველის. ამიტომ ყველა მხარში უნდა დავუდგეთ“.

ბერა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ბათუმის აქციაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. აქციის ბოლოს გახმოვანდა მორიგი აქციის ჩატარების ადგილი და დრო. ეს არის 19 აგვისტო, რუსთავი.

აქციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. „არანაირი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია“, - გვითხრა საიას აჭარის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტავლალაშვილმა.

აქციით კმაყოფილია „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე: „ეს იყო ღია არჩევნები. ხალხის სიმრავლე აღნიშნვდა იმას თუ რამდენი მხარდამჭერი გვყავს. ასევე ეს აქცია შიშის დაძლევის საშუალება იქნება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ნეიტრალური პოზიცია აქვს“.

ახალი ამბები