კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფარული რეკლამის ნიშნები სოციალურ რეკლამებში

16 აგვისტო, 2012

ნინო ცაგარეიშვილი   

 საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგმა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, გამოავლინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 18 ივნისიდან 29 ივლისამდე გასული სოციალური სტატუსის მქონე სხვადასხვა რეკლამები ვერ აკმაყოფილებენ სოციალური რეკლამისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და შეიცავენ ფარული  რეკლამის ნიშნებს.

„რეკლამის შესახებ კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური რეკლამა წარმოადგენს „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართულ რეკლამას, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

„მაუწყებლობის შესახებ კანონის“ 65-ე მუხლის თანახმად, სოციალურ რეკლამას მაუწყებლები ეთერში უსასყიდლოდ განათავსებენ.

არსებული კანონმდებლობა ტელევიზიებს არ ავალდებულებს ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებს ჰქონდეს შესაბამისი წარწერა და ამ წარწერით გამოირჩეოდნენ კომერციული რეკლამებისგან. ტელევიზიები თვითონ წყვეტენ, რომელ რეკლამას მიანიჭონ სოციალური სტატუსი. შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ რომელი რეკლამები წარმოადგენენ სოციალურ რეკლამებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მივმართეთ.

23 ივლისს მიღებული პასუხის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სოციალურის სტატუსის მქონე რეკლამების ჩამონათვალში შედის შემდეგი რეკლამები: „დამზადებულია საქართველოში“, „მე მიყვარს თბილისი“, „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“. აღსანიშნავია, რომ ეს რეკლამები ასევე გადის „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“. ამ ტელეკომპანიებისგან ადამიანის უფლებათა ცენტრს ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა სტატუსით გადის ეს რეკლამები მათ ეთერში.

კლიპში „დამზადებულია საქართველოში“ წარმოდგენილია გემის აგების პროცესი. რეკლამა მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. გემბანზე მუშა აკეთებს წარწერას „სანაპირო დაცვა“. რეკლამის ბოლოს ჩნდება წარწერა - http://www.police.ge/.

აღნიშნული რეკლამა ვერ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. რეკლამის შინაარსიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა თუ საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ არის იგი მიმართული, რაც აუცილებელი რეკვიზიტია იმისათვის, რომ რეკლამა სოციალურად ჩაითვალოს. ასევე, „რეკლამის შესახებ კანონში“ წარმოდგენილი დეფინიციით, სოციალური რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. რეკლამის ბოლოს აღნიშნული წარწერა http://www.police.ge/ არის სამთავრობო დაწესებულების - შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ოფიციალური ვებსაიტი. სანაპირო დაცვის სამსახური კი, რომლის შესახებაც მუშა გემბანზე წარწერას აკეთებს, შსს-ს ქვეუწყებაა. გემის აგების შემდეგ რეკლამაში კონკრეტული სახელმწიფო უწყების ვებსაიტისა და მისი ორგანოს მსგავსი ფორმით გამოჩენა ხაზს უსვამს ამ კონკრეტული უწყების მიღწევებს და შეიცავს ფარული რეკლამის ნიშნებს.

ვიდეორგოლში - „მე მიყვარს თბილისი“ პირდაპირ არ ხდება საქართველოს სამთავრობო დაწესებულების საქმიანობის რეკლამირება, თუმცა გამოყენებული კადრები მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. კლიპის მთელი მსვლელობის მანძილზე განახლებული თბილისის კადრები ტრიალებს. ერთმანეთს ენაცვლება მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, როგორიც არის რეკონსტრუირებული გმირთა მოედანი, რესტავრირებული „პლეხანოვი“, მუნიციპალური ტრანსპორტის ელექტრონული სტენდები, ახალი ხიდები, გზები, თეატრები.
 

კლიპიდან -"მე მიყვარს თბილისი"-  ნათლად არ ჩანს, თუ რა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა თუ საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ არის იგი მიმართული.  შესაბამისად, სახეზეა სოციალური რეკლამის საფარქვეშ გასული ფარულ რეკლამის ნიშნები.

 

მონიტორინგის პერიოდში გასულ სოციალური სტატუსის მქონე კიდევ ერთ რეკლამას, რომელიც სცდება სოციალური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციის ფარგლებს წარმოადგენს სარეკლამო რგოლი -"უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან" , რომელშიც თბილისის მერია წინასწარ აანონსებს ინფორმაციას სექტემბრიდან თბილისში უფასო ინტერნეტის გავრცელების შესახებ.

 

აღნიშნული რეკლამაც, ზემოაღნიშნული რეკლამების მსგავსად, წარმოადგენს სამთავრობო დაწესებულების, თბილისის მერიის რეკლამას, რაც ეწინააღმდეგება სოციალური რეკლამის დეფინიციას. გაუგებარია ასევე „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზანი“, რომელიც სოციალური რეკლამის აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენს.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში სლოგანი - „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“ საარჩევნო დაპირებადაც შეიძლება აღვიქვათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის მერი და მერიის სხვა მაღალჩინოსნები პერიოდულად ერთვებიან ხოლმე მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად, ამ საარჩევნო სუბიექტთან არიან გაიგივებული. ქალაქ თბილისის მერიისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ განხორციელებული თუ განსახორციელებელი პროექტები ხშირად არის მმართველი პარტიის ლიდერების სასაუბრო თემა ამომრჩევლებთან შეხვედრებზე. თანაც, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი, გიგი უგულავა, საქართველოს მთავრობის მინისტრები, სამხარეო ადმინისტრაციებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები იმავდროულად არიან მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ასეთი პოლიტიკური სისტემის პირობებში, ამომრჩევლისთვის მეტად რთული ხდება ხელისუფლების საქმიანობისა  და პარტიული აქტიურობის გამიჯვნა.

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში.

      
ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები