კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ინფო 9“-ის ოპერატორი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სცემეს

16 აგვისტო, 2012
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

15 აგვისტოს საღამოს 19 საათისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსის წინ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს „ინფო 9“-ის ლანჩხუთელი ოპერატორი დავით ჩავლეიშვილი.

სააგენტოს ჟურნალისტი, ნინო ხელაძე humanrights.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ იმ დღეს სამარშრუტო ტაქსით საჯარო მოხელეები და პედაგოგები ბათუმში კონცერტზე გადაჰყავდათ: „როგორც გავიგეთ, ისინი „ვერის უბნის მელოდიების“ სანახავად მიჰყავდათ. ამას ვიწერდით კამერით და ინციდენტიც მაშინ მოხდა. ამჟამად საქმეს ლანჩხუთის პოლიცია იძიებს. რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც დათოს დაარტყა, იგი არის ვინმე ზურაბ კვირკველია. თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცი, ვინაა ეს ადამიანი“.

თავად დავით ჩავლეიშვილი მომხდარს ასე იხსენებს: „ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვიღებდი კადრებს. ეს ბიჭი მანქანასთან მივიდა და ჟურნალისტს დაუწყო ყვირილი - თავი დაგვანებეო. მერე უცებ მოვიდა ჩემთან, ხელი დაარტყა კამერას. კამერა მომხვდა შუბლში და ტრავმაც ამან გამოიწვია. გადამიყვანეს საავადმყოფოში“. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არავინ შეხმიანებია.

ჩავლეიშვილს დაზიანებული აქვს თვალი. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას საფრთხე არ ემუქრება. 

ჩვენ გავესაუბრეთ გაზეთ „გურია ნიუსის“ ლანჩხუთის ბიუროს ხელმძღვანელს, ლალი იმედაშვილს, რომელიც მომხდარიდან ხუთ წუთში მივიდა ადმინისტრაციული შენობის წინ: „ინციდენტი ახალი მომხდარი იყო, იქ რომ მივედი. შენობის წინ იდგნენ საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირები, მათ შორის გამგებლის მოადგილე კახა ასკურავა. როცა ვიკითხე, რა კომენტარს გააკეთებდნენ მომხდარზე, ასკურავამ სიცილი დაიწყო“.
 
ლალი იმედაშვილი ადასტურებს, რომ მიკროავტობუსებში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა წევრებიც ჩასვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. 

 „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის, სოსო ბოლქვაძის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია: „დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტი ხელშეუხებელია და მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს არ უშლიან. ჯერ ერთი, რა კულტურაა, მიხვიდე და ხელი კრა ადამიანს, რომელიც არაფერს გიშავებს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ზურაბ კვირკველია ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის გამგებლის, გიორგი გოგუაძის ამჟამინდელი მდივნის, ნატო ნუცუბიძის მეუღლეა. იგი ამ დროისთვის უმუშევარია. 

ინციდენტის დროს მიკროავტობუსში ისხდნენ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები: იურიდიული სამსახურის თანამშრომელი თამარ ფირცხალაიშვილი, გამგებლის მდივანი ნატო ნუცუბიძე, ქონების სამსახურის თანამშრომელი ვატო შალიკაშვილი და ქალაქ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ორი პედაგოგი.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩავლეიშვილი და ხელაძე 16 აგვისტოს პოლიციამ უკვე დაკითხა. 

ფოტო:გურია news

ახალი ამბები