კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება

21 აგვისტო, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ხუთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 25 მაისს შეიტანა. ისინი საქართველოს ორგანული კანონის _ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ ექვს ნორმას ასაჩივრებენ. სარჩელი დღემდე არ განხილულა. მოსარჩელეები თვლიან, რომ განხილვა განზრახ ჭიანურდება.

„თავისუფალი საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „მწვანეთა პარტია“ - ეს ხუთი პოლიტიკური სუბიექტი ერთობლივი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული ნორმების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვენ.

სარჩელი ეხება კანონის იმ ნორმებს, რომელიც ზღუდავს შემოწირულობების განხორციელებას, საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულობის ოდენობას. ასევე, საარჩევნო სუბიექტისადმი საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების ხერხსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ პარტიის, ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებებისადმი ყადაღის დადებას.

გასაჩივრებულ ნორმებს შეიცავს საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ. კერძოდ, ეს ნორმებია: აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის 1 პუნქტის ა’ ქვეპუნქტი; კანონის 27-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები; 26 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება: „საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულობის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს წელიწადში“; კანონის 342-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები.

რამინ პაპიძე, პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, აცხადებს რომ სარჩელის განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება. მისი თქმით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონით ხელისუფლება ცდილობს, არათანაბარ პირობებში ჩააყენოს პოლიტიკური პარტიები: „თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს არ განიხილავს დროულად, ფაქტობრივად შემდგომში ამ სარჩელის განხილვა და თუნდაც მისი დაკმაყოფილება აზრს კარგავს, რადგანაც გადაწყვეტილების რეალიზება ვერ მოხდება შემდგომ საპარლამენტო არჩევნებამდე. ამიტომაც, სასამართლომ სარჩელი დროულად უნდა განიხილოს, რადგან ოპოზიციური პარტიები არათანაბარ პირობებში ვართ სახელისუფლო პარტიასთან“.

რამინ პაპიძე სარჩელის განხილვის გაჭიანურებაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს: „მართალია, სარჩელის განხილვის ვადა ჯერ არ ამოწურულა, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი უნდა აცნობიერებდეს სარჩელის არსს, დანიშნულებასა და მოტივაციას. ამიტომაც ვაცხადებთ რომ განზრახ აჭიანურებს, რადგან უკვე წინასაარჩევნო პერიოდია და საქმე ჩანიშნულიც კი არა აქვთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსმა, ნათია სირაბიძემ სასამართლოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გაკეთებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე მიგვითითა. განცხადებაში ნათქვამია: „საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს/წარდგინებას იხილავს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. კერძოდ,  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. ამავდროულად, კანონმდებლობა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს სასესიო მუშაობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის  451  მუხლის თანახმად,  ამჟამად სასამართლოში არის არასასესიო პერიოდი“.

ახალი ამბები