23 აგვისტოს საჩხერეში დილიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ბერა ივანიშვილის საკონცერტო პლაკატების დახევა დაიწყეს. პლაკატები წინა დღეს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ქალაქში ყველგან გააკრეს.
პალაკატზე ბერა ივანიშვილის ფოტოა გამოსახული და კონცერტის დაწყების თარიღია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ პლაკატზე კოალიცია „ქართული ოცნების“ სარეკლამო ელემენტები არ არის გამოსახული, საჩხერის გამგებლის, ზურაბ ცერცვაძის დავალებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ამ დროისთვის პლაკატები სრულად ჩამოხიეს.
როგორც დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, პლაკატები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ.
მიუხედავად ამისა, 23 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, საჩხერის ცენტრში ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტია დაგეგმილი. კონცერტის ორგანიზატორები და ტექნიკური უზრუნველყოფის წარმომადგენლები საჩხერეში 22 აგვისტო ჩავიდნენ. ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების განმარტებით, უკვე დასრულებულია სცენის მონტაჟი.
მარი ტაბიძე, საჩხერე