კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ბათუმში ხალხის ტრანსპორტირება გამგეობებმა უზრუნველყვეს

11 სექტემბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

8 სექტემბერს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ადმინისტრაციული რესურსის გარდა, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მარშუტკებით ჩამოიყვანეს. მგზავრობის ხარჯები გამგეობებმა დაფარეს. თუმცა, არც ერთ მათგანს ტრანსპორტის მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადებული არ ჰქონია.

8 სექტემბერს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ევროპის მოედანზე გაიმართა. დაახლოებით 5 ათასი ადამიანი აქ მარშუტკებით დილიდან მოიყვანეს. 5-იანი ნომრის გარდა, ზოგიერთ მარშუტკას თავისი სამოძრაო ხაზის ნომერიც ჰქონდა მიმაგრებული.

გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ლექტორ-მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, მოსწავლეები და სტუდენტები, პენსიონერები, სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეები - ისინი ბათუმში ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად მოიყვანეს.

„პრეზიდენტთან შესახვედრად მივდივარ. მარშუტკა გამგეობამ გამოგვიყო“, - ამბობს ქობულეთელი პედაგოგი მანონი ჩახვაძე humanrights.ge-სთან საუბრისას.

„ხელისუფლებამ დაგვავალა ახალგაზრდების ჩამოყვანა ქალაქში და ბატონ პრეზიდენტთან გვაქვს შეხვედრა“ - გვეუბნება რეზო უსტიაშვილი, შუახევის მკვიდრი.

ია მგალობლიშვილი და შორენა დუმბაძე მე-10 კლასელები არიან. მათ განაცხადეს რომ ვეროპის მოედანზე მათი სურვილით არიან მოსული: „ჩვენ თვითონ მოვედით. პრეზიდენტთან გვინდა შეხვედრა. მაისურები აქ დაგვირიგეს“.    

ნაზი ვარშანიძე, 74 წლის ხელვაჩაურის მკვიდრი: „მოვედით... რა ვიცით... მოვედით... მოგვწონს პრეზიდენტი და გვინდა, რომ კიდევ იყოს“.

გული ვარშანიძე, 72 წლის, ხელვაჩაურის მკვიდრი: „ყველაფერი გაგვიკეთა სააკაშვილმა. კონკრეტულად რა დაგისახელოთ... კმაყოფილი ვართ, რადგან მშვიდობა გვაქვს. 2008 წელი მისი ბრალი არაა“.

გაიოზ გოგიტიძე, ახალსოფლის მკვიდრი: „კონცერტზე ვარ მოსული. მაისური მაცვია, იმიტომ, რომ მიყვარს საქართველო. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს ვუჭერ, რადგან მომწონს მათი საქმიანობა. მოსახლეობაზე ზრუნავს და ყველაფერი გვაქვს“.

ჯემალ ბოლქვაძე, ხულოს ავტოტრანსპორტის უფროსი: „ბათუმში  ხალხის გადასაყვანად ადგილობრივმა გამგეობამ 80 მიკროავტობუსი შემიკვეთა. არ ვიცი, რამდენს წაიყვანენ. მოლაპარაკება გამგეობასთან მქონდა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ერთ-ერთი მიკრო ავტობუსის მძღოლმა, რომელმაც მოქალაქეები ქობულეთიდან ჩამოიყვანა, ანონიმურად გვითხრა, რომ მან ამ მომსახურებისთვის გამგეობიდან 70 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა თითოეული მსგავსი  სახელმწიფო შესყიდვა ელექტრონული სისტემით უნდა განახორციელოს და ამის თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე: http://www.tenders.procurement.gov.ge/ . თუმცა, აჭარის არც ერთ მუნიციპალიტეტს მოქალაქეთა გადაადგილების მომსახურეობაზე ტენდერი აღნიშნულ საიტზე გამოქვეყნებული არა აქვს.

ევროპის მოედანზე მისულ ყველა მოქალაქეს დეტექტორით სამართალდამცავები ამოწმებდნენ. მოქალაქეთა ნაწილს სპეციალური საშვი ჰქონდა. საშვის მქონეებს სცენასთან ახლოს მისვლის საშუალება ჰქონდათ, რაც სხვებისთვის არ იყო ნებადართული, მათ შორის - არც ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის. სამართალდამცავი ჩვენგან „ნაციონალური მოძრაობის“ საშვს ან აკრედიტაციას ითხოვდა. მისთვის საკმარისი არ იყო ჟურნალისტის მოწმობა. ვისგან უნდა მიგვეღო აკრედიტაცია, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

თავდაპირველად ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართა. ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მოედანზე 14:05 წუთზე მოვიდა.

„მთავარი, რისგანაც გავთავისუფლდით, ეს არის არა უშუქობა და უგზოობა, არამედ ჩვენ გავთავისუფლდით შიშისგან. ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი თავისუფლება... რასაც ჩვენ ვქმნით, ამას ჰქვია აღორძინება, ნამდვილი ოცნების ასრულება და არა ისეთი, რომელსაც რუსეთი და მისი დამქაშები გვპირდებიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერას მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, სააკაშვილთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში გიორგი ბარამიძემ და აჭარის მთავრობის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემაც მიმართეს.

„ნაციონალური მოძრაობის ყრილობა“ ბათუმში, კონცერტთან ერთად, 2 საათს გაგრძელდა.

ახალი ამბები