კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ემიგრანტები სამშობლოში ხმის უფლების მოთხოვნით დაბრუნდნენ

18 სექტემბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

17 სექტემბერს ქართველი ემიგრანტები სარფის საბაჟოზე დილის 10 საათისათვის გამოჩნდნენ. თითოეულმა სატელიტური თეფში ჩამოიტანა. მათ დასახვედრად ახლობლები სარფში დილიდანვე შეიკრიბნენ.

ხალხის სიმრავლის გამო, სარფის საბაჟოს მიმდაბარე ტერიტორია გადაჭედილი იყო.  მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული და მათ ახლობლებს მოუთმელად ელოდნენ. იქვე იყვნენ „ქართული ოცნების“ ბათუმის წარმომადგენლებიც.

შეკრებილები ტაშით და ოვაციებით შეეგებნენ საბაჟოს გამოსავლელთან გამოჩენილ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩანთებთან ერთად, თითო სატელიტური თეფშები ეჭირათ ხელში. იყო შეძახილები: „გვიყვარხართ“, „ჩვენ დავბრუნდით“... 

ზურაბ მაისურაძე: „სამშობლოს, საქართველოს, თქვენ გიბრუნდებით, რომ გვერდით დაგიდგეთ და თქვენ ჩვენ დაგვიდგეთ. სატელიტური თეფში ჩემს ძმას ჩამოვუტანე“.

გელა მელაშვილი: „სოციალური ქსელით ჩვენ ერთად მოვიყარეთ თავი. სტამბულში კი სიმბოლურად, შევიძინეთ თითო სატელიტური ანტენა“.

ნატა გაგუა: „იმიტომ შევიძინე ეს თეფში, რომ ჩემმა შვილებმა შეძლონ და უყურონ მე-9 არხს და „მაესტროს“. სამსახურს თავი დავანებე და წამოვედი“.

მაია ადუაშვილი: „ჩვენ ასევე წამოღებული გვაქვს იმ ადამიანების სიები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ცესკოს სიებში“.

შემდგომ საბაჟო ორმა ავტობუსმაც გამოიარა, რომლითაც კიდევ ასამდე ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა. ავტობუსებს აბრებად იმ ქვეყნების ჩამონათვალი ჰქონდათ, საიდანაც ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ: იტალია, ამერიკა, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, უკრაინა, თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი საფრანგეთი.

სარფის დატოვებამდე, მშობლიურ მიწაზე რამდენიმე ემიგრანტმა ქართული ცეკვა და სიმღერა „ლალე“ შეასრულა.

ემიგრანტების მარშრუტი ბათუმის იუსტიციის სახლისაკენ გაგრძელდა, სადაც შეასრულეს მეგრული სიმღერა „ნანა“ და „სხვა საქართველოს სად არის“. 

ბათუმის იუსტიციის სახლთან შეკრებილი ემიგრანტები ხმის უფლებას ითხოვდნენ. მათ თან ჰქონდათ პლაკატები შემდეგი წარწერებით: „ბედნიერი საქართველო ჩვენი - ემიგრანტების ოცნებაა“, „ემიგრანტებო, ჩვენ ყველას ერთი ოცნება გვაქვს“.

„ხმის მიცემის უფლება ორმაგად შეგვიზღუდეს: 1 ოქტომბერი, ორშაბათია - სამუშაო დღე და მეორე, ემიგრანტებს გვთხოვენ ცნობას ადგილობრივი საცხოვრებლიდან, რისი მიტანაც არ შეგვიძლია. უფროსებს, რომლებთანაც ვმუშაობთ,  არ აწყობთ მისამართის მითითება, რადგან დამატებით გადასახადის გადახდა მოუწევთ“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

შემდეგ ემიგრანტების ავტობუსი გურიისკენ და იმერეთისკენ დაიძრა.

დღის ბოლოს კი, თავიანთი ხმის უფლების მოთხოვნით, ემიგრანტები თბილისში, ცესკო-სთან შეიკრიბნენ.

ახალი ამბები