20:40, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა შეხვედრა თბილისში

01.11.2012

ელენე ჭუმბურიძე, ალეკო ცქიტიშვილი


25-27 ოქტომბერს თბილიში სასტუმრო „ბომონდში“ უფლებადამცველთა  სამხრეთკავკასიური ქსელის რეგიონული შეხვედრა ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უფლებადამცველებსა და ადვოკატებზე ზეწოლა. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სტრატეგიული კამპანია და მომზადდა რეკომენდაციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებისთვის უფლებადამცველთა საქმიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე უფლებადამცველებმა ის ძირითადი პრობლემები გამოკვეთეს, რასაც ისინი და ადვოკატები აწყდებიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

„ჩვენთან, აზერბაიჯანში, არის ნავთობი. საქართველოსა და სომხეთში კი არ არის. ეს არის განსხვავება. სხვა მხრივ, პრობლემები სამივე ქვეყანას ერთნაირი გვაქვს“, - აღნიშნა შეხვედრაზე აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ინტიგამ ალიევმა და დასძინა, რომ სამივე ქვეყნის უფლებადამცველებს სჭირდებათ ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც მათ არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან.

არჩევნების გაყალბება, პენიტენციალურ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, პოლიტპატიმრები, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, უფლებადამცველთა დევნა და დაპატიმრებები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა აღმოფხვრაზეც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში უფლემადამცველი ორგანიზაციები მუშაობენ. თუმცა, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, ეს ხშირად შეუძლებელია.

„ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პარლამენტმა 50-ჯერ გაზარდა ჯარიმა არასანქცირებულ მიტინგში მონაწილე პირთათვის. ამავე დროს, ხელისუფლება ქალაქში მიტინგის ჩატარებას კრძალავს იმ მოტივით, რომ თითქოს მიტინგები არღვევს მოქალაქეთა სიმშვიდეს. ამიტომ ქალაქში შეკრებები უმეტესწილად არასანქცირებულია. ამგვარად, აზერბაიჯანში უფლებადამცველები აქციების ჩატარების შესაძლებლობასაც კი მოკლებული ვართ განსაკუთრებით - პარლამენტის მიერ უმკაცრესი ჯარიმების დაწესების შემდეგ“, - აღნიშნა შეხვედრაზე ქალთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა დილარა ეფენდიევამ.  მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც აზერბაიჯანში მზად არიან, დაიცვან ადამიანის უფლებები, ხელისუფლებისთვის არასასურველი პერსონები ხდებიან და სხვადასხვა ხერხებით მიმდინარეობს მათი დევნა.

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების კონსოლიდაციას საერთო პრობლემების გარშემო. თბილისში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ამ თანადგომის გამყარება იყო. ამავე დროს, შეხვედრის დღის წესრიგში იყო საერთაშორისო პარტნიორებისათვის ანგარიშის მომზადება და ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოს მხრიდან შეხვედრის ორგანიზატორი იყო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახლის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, რომლებიც იმავდროულად უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრებიც არიან.  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისთვის უფლებადამცველთა და ადვოკატთა უფლებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 11 მაისს სახლის ორგანიზებით თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა საქართველოში“. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის შეხვედრასაც დაესწრო. მისმა თანაშემწემ, ნათია ჩირიკაშვილმა კი აქტიური მონაწილეობა მიიღო ერთობლივი სტრატეგიული კამპანიის დაგეგმვაში.

„სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უფლებადამცველთა მდგომარეობა რთულია. მათი უფლებები ხშირად ირღვევა. ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ ქართველი ადვოკატები. ჩვენ ალბათ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც 141 ადვოკატი უზის ციხეში“, - ამბობს ნათია ჩირიკაშვილი და დასძენს, რომ ერთობლივი სტრატეგიის დაგეგმვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უფლებადამცველებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად იმუშაონ არსებული პრობლემების მოგვარებაზე.

სომხეთის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელი მიქაელ დანიელიანი თვლის, რომ ევროკავშირი პასიურია სომხეთში უფლებადამცველთა პრობლემების მოგვარებაში. მაგალითისთვის იგი ასახელებს სომეხი უფლებადამცველებისთვის ევროპის ზონაში გართულებულ სავიზო რეჟიმს: „ამ შეხვედრის შემდეგ მე უნდა გავემგზავრო ბრიუსელში, სადაც საერთაშორისო პარტნიორებს უნდა გავაცნო ჩვენი რეკომენდაციები. გერმანიის საელჩომ, ხანგრძლივი წვალების შემდეგ, მხოლოდ სამდღიანი ვიზა მომცა. არადა, შენგენის ზონის ქვეყნებში 50-ჯერ ვარ ნამყოფი, მაქვს უკვე მეხუთე პასპორტი. ამის მიუხედავად, გერმანიის საელჩოში მიმატანინეს ჩემი დის პასპორტიც და ბოლოს მხოლოდ 3-დღიანი ვიზა მომცეს. მე ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში, ევროკავშირისთვის არის სირცხვილი და ვთვლი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სომხეთში ევროკავშირი არაფერს აკეთებს უფლებადამცველთა პირობების გასაუმჯობესებლად“.

ანე ბონდე, ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის წარმომადგენელი ნორვეგიიდან ერთ-ერთი უფლებადამცველი იქნება, ვინც ლობირებას გაუწევს სამხრეთკავკასიელ უფლებადამცველთა უფლებების დაცვის საკითხს ევროკავშირში: „ამ შეხვედრაზე ჩვენ ვაპირებთ, შევკრიბოთ ყველა სახის ინფორმაცია, რეკომენდაცია და გამოვკვეთოთ საერთო პრობლემები ამ სამ სამხრეთკავკასიულ ქვეყანაში. ამის შემდეგ, ჩვენ ევროკავშირს შევახსენებთ იმ სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც უფლებადამცველეთა დაცვას შეეხება. გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით, ევროკავშირი მიჰყვება იმ რეკომენდაციაბს, რაც მან შეიმუშავა. ჩვენ ასევე მოვუწედებთ ევროკავშირს, რომ მათი საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში იყვნენ საქმის კურსში და იცოდნენ, რა პრობლემები აქვთ გაერთიანებულ უფლებადამცველებს. ჩვენი ანგარიში ითაგმნება რამდენიმე ენაზე და გავრცელდება სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში, მათ შორის, ბრიუსელშიც. აქედან გამომდინარე, უფლებადამცველებს ექნებათ შანსი, მნიშვნელოვანი საკითხები წინ წამოსწიონ და განავითარონ“.

შეხვედრაში მონაწილე უფლებადამცველებმა განსაკუთრებით პრობლემურ საკითხთა შორის რამდენიმე საკითხი გამოყვეს, რომელთა გადაჭრაზე მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ეს საკითხებია: 1) შავი პიარი უფლებადამცველთა წინააღმდეგ და მათი სტიგმატიზაცია; 2) დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, რის გამოც სასამართლო გამოიყენება უფლებადამცველთა დევნის ინსტრუმენტად; 3) სუსტი კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან. 4) უფლებადამცველთა დაპატიმრებები და მათი დევნა სისხლის სამართლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენებით.

თბილისში სამხრეთკავკასიური ქსელის რეგიონული შეხვედრის ორგანიზატორი იყო აზერბაიჯანული ორგანიზაცია „სამართლებრივი განათლების საზოგადოება“ და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, რომლებსაც პარტნიორობას უწევდნენ ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი, Human Rights Watch და პოლონეთის ჰელსინკის ფონდი.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC