კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიისა და მთავრობის შეუთანხმებლობამ რიგითი თბილისელები დააზარალა

13 ნოემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

თბილისის მერიისა და საქართველოს მთავრობის შეუთანხმებლობის გამო, თბილისის 600 000-მდე მოქალაქე სოციალური შეღავათებით ვეღარ სარგებლობს. სოციალური შეღავათების ხარჯების განკარგვა თბილისის მერიამ ცენტრალურ ბიუჯეტს გადააბარა. ამ უკანასკნელმა კი დაკისრებული ვალდებულება არაკანონიერად ცნო და მერიას მოუწოდა, თვითონვე უზრუნველყოს ის ვალდებულება, რაც მანამდე ჰქონდა დაკისრებული.

2012 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარებისა და სხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ამავე წლის 31 ოქტომბერს კი ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, 19 ოქტომბრის განკარგულება გააუქმა მისი არაკანონიერად ცნობის გამო.

შედეგი სამწუხაროა: გაურკვეველი ვადით თბილისის მოქალაქეები ვეღარ სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური შეღავათებით. იმ მრავალ მოქალაქეთაგან, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზარალდნენ, ერთ-ერთია თემქის დასახლებაში, ოთახნახევრიან ბინაში  მცხოვრები ოჯახი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრს დაუკავშირდა და საკითხის გარკვევა სთხოვა. ოჯახის ერთი წევრი ორსულადაა და აქამდე „ჯი პი აი ჰოლდინგის“ პოლისით სარგებლობდა. პოლისით განსაზღვრული უფასო სამედიცინო მომსახურება მას 2012 წლის 31 დეკემბრამდე ეკუთვნოდა. ახლა კი, როგორც ის Humanright.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ყველა ხარჯის დაფარვა თავად მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია.

თბილისის მერი, გიგი უგულავა GHN-თან საუბრისას აღნიშნავს: „ჩვენი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა იმ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები და ჯანდაცვის მომსახურებები, მათ შორის - დაზღვევა, ერთნაირად ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის და ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ სახის მომსახურებებზე ქვეყანაში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებისა“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „პოლიტრმეტრში“ (02.11.12) ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. მისი თქმით, 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი პროგრამების შესახებ არაფერი წერია. შექმნილ ვითარებაზე ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს: „არსებობს საბიუჯეტო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს დამატებითი ვალდებულებების აღებას, თუ ამ ვალდებულებების შესრულების წყარო არ არსებობს. პრემიერ მერაბიშვილს უფლება არ ჰქონდა, ეს ხარჯები აეკიდებინა ბიუჯეტისთვის. 20 ოქტომბერს სასწრაფო წესით შეიკრიბა თბილისის საკრებულო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანხები, რომელიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სოციალურ დაცვაზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტის სუბსიდირებაზე, თბილისის ბიუჯეტიდან გადაიტანეს სხვა მუხლებში. ორი დღის შემდეგ კი მერიამ მისწერა სადაზღვევო კომპანიებს, რომ ხელშეკრულებას წყვეტდნენ ნაადრევად, რადგან ფული არ ჰქონდათ. ახლა მე გეტყვით, რომ ფული ჰქონდათ, უფრო სწორად - ფული უნდა ჰქონოდათ, მაგრამ სხვაგან იყო ეს ფული დახარჯული. მათ მოინდომეს თბილისის მოსახლეობის დასჯა, რომელმაც ხმა არ მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

ფინანსთა მინისტრი გამოსავალს ხედავს იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია 18 ოქტომბრის სტატუს-კვოს დაუბრუნდება.

სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი Humanright.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ სადაზღვევო პოლისებით სარგებლობა შეჩერებულია. მისი თქმით, მას არა აქვს ინფორმაცია, როდის განახლდება შეჩერებული პროგრამა.

ახალი ამბები