კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ტრეფიკინგის მსხვერპლნი ვართ ჩვენივე ქვეყანაში“ - აცხადებენ ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეები

14 ნოემბერი, 2012
 
ინგა  გვასალია, ფოთი

ფოთის პორტის ათდღიანი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა და სამუშაო ადგილს ყველა თანამშრომელი უკვე დაუბრუნდა. შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ მოხერხდა, რაც მოლაპარაკებებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ჩაერთო. 

გაფიცულებთან ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ნავსადგურის ახალი ადმინისტრაცია მუშა-მოსამსახურეთა ხელფასებს 20%-ით გაზრდის, ასევე აანაზღაურებს საგაფიცო პერიოდის ხელფასებსაც. მუშა-მოსამსახურეთა პრობლემების განხილვები კი უკვე პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში გაგრძელდება. 

გაფიცვების მიმდინარეობისას პორტის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი სპინ დევიდსენმა დაიკავა. ქროულის მუშაობის პერიოდს პორტის თანამშრომლები ცუდად იხსენებენ. 

პორტის თანამშრომლების თქმით, ფოთის საზღვაო ნავსადგომში სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც პორტში APM TERMINALI შევიდა. თანამშრომლებს პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდნენ, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 25 ოქტომბერს გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს და პორტის ადმინისტრაციას თავიანთი მოთხოვნები წაუყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. ამას კი უვადო გაფიცვა მოჰყვა. შედეგად, ათი დღის განმავლობაში მთლიანად პარალიზებული იყო ფოთის პორტის მუშაობა. 

პორტის თანამშრომლები უფლებების შელახვას აპროტესტებდნენ და შრომითი კოდექსის პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის გაზრდას, კვებითი პრობლემების მოგვარებას, სამედიცინო დაზღვევის დანიშნვას, N14 და N4 ნავმისადგომების თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობისათვის ცვლის მენეჯერების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და გასულ წელს პორტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. გაფიცულთა უმრავლესობა სარეზერვო ბრიგადებში იყო დასაქმებული და როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, მათთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები. პრობლემა ისიცაა, რომ ამ სარეზერვო ბრიგადებში გაერთიანებული მუშები იმ მოცულობის სამუშაოების შესრულებისათვის, რასაც შტატში მყოფი თანამშრომლები აკეთებენ, გაცილებით ნაკლებ თანხას იღებენ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 11-საათიანი შეუსვენებელი მუშაობის საფასურად მას მხოლოდ 81 თეთრი გამოუწერეს ხელფასად.    

პორტის თანამშრომლების საპროტესტო აქციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც შეუერთდნენ, რომლებმაც შემდეგ სამმართველოს წინ შიმშილობაც კი დაიწყეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გასულ წელს, რესტრუქტურიზაციის მომიზეზებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქციაზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას მისვლის შემდეგ, შიმშილობის აქცია შეწყდა, გაფიცვა კი ისევ გრძელდებოდა. გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე მუშა-მოსამსახურეებმა პროფკავშირები ჩამოაყალიბეს. გაფიცულებთან საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები და აჭარის საზღვაო პროფკავშირების 50-კაციანი დელეგაცია სოლიდარობის ნიშნად ჩამოვიდა. ფოთის პორტის ადმინისტრაციიდან კი, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, გაფიცულებთან არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა. ამის ნაცვლად, ჯოზეფ ქროული დედაქალაქში ჩავიდა და ფადი ასლისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ამაყად, თავის გასამართლებლად განაცხადა, რომ გაფიცულების მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პორტის თანამშრომლებს ხელფასი ორმოცი პროცენტით გაუზარდა. ეს ციფრი საკმაოდ შთამბეჭდავია მათთვის, ვინც არ იცის, რა თანხის 40%-ზეა საუბარი. 81 თეთრის 40 პროცენტი რაც არის, მკითხველისთვის ნათელია. თუმცა, პორტის თანამშრომლების თქმით, რეალურად ქროული ცრუობდა. 

პრესკონფერენციის შემდეგ პორტის ხელმძღვანელობასთან ხელმეორე მოლაპარაკებაც ჩაიშალა, რადგან ადმინისტრაცია მხოლოდ მცირე დათმობაზე წავიდა, რამაც არ დააკმაყოფილა გაფიცულები და მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს შეხვედრა. ჩვენი  წყაროს ცნობით, პორტის თანამშრომელთა ამ გაფიცვამ ცუდ დღეში ჩააგდო პორტის ხელმძღვანელობა. პორტის პარალიზებით იზარალეს შემოსული გემებისა და ტვირთების მეპატრონეებმა, რომლებიც ქროულს თხოვდნენ პრობლემების მოგვარებას, რასაც იგი ან არ, ან ვერ აგვარებდა. როგორც მოლაპარაკებაზე მასთან არაერთხელ მყოფი ადამიანები ამბობდნენ, პორტში ყველაფერს არა ქროული, არამედ კადრების განყოფილების უფროსი ლელა კვანტალიანი განაგებს, რომელიც როგორც ისინი ამტკიცებენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის უახლოესი მეგობარია. ქროული სწორედ კვანტალიანის მიმიკების შესაბამისად იძლეოდა პასუხებს. 

„ლელა კვანტალიანის თვიური ანაზღაურება 18 ათას ლარს შეადგენს. ისიც და პორტის სხვა ხელმძღვანელი პირებიც არა ფოთში, არამედ ბათუმის ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრობენ. სადილადაც ბათუმში დაბრძანდებიან და ამ ყველაფრის საფასურს პორტი იხდის. ჩვენ კი ასეთი შრომის მიუხედავად, კაპიკებს გვიხდიან და პროტესტიც არ უნდა გამოვთქვათ?! კვანტალიანისა და ქროულის ცხოვრების პირობებით ჩვენც უნდა დავკმაყოფილდეთ თურმე. სამსახური კი არა, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ვართ ჩვენივე ქვეყანაში. როგორც იქნა, ჩვენი დამმონებელი ხელისუფლება დავამარცხეთ. ახალი ხელისუფლების იმედი კი გვაქვს, მაგრამ მასაც იმდენი პრობლემა აქვს დაგროვილი წინა ხელისუფლებისაგან, რომ არ ვიცით, ჩვენთვის როდის მოიცლიან. პირველ რიგში, შრომითი კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და ყველა ინვესტორმა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეს ღირსეულად მოექცეს და არა როგორც მონას. ამას სააკაშვილი არ დაეძებდა, მაგრამ ახლა ივანიშვილის იმედი გვაქვს. მას უყვარს საქართველო და ქართველები და იმედია, ჩვენს უფლებებს დაიცავს“, - აცხადებენ პორტის მუშა-მოსამსახურეები.  

კვანტალიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნითა და საკითხის დაინტერესებით პორტის გაფიცულმა თანამშრომლებმა ეკონომიკის მინისტრსაც შესჩივლეს: „მოგვაშორეთ ეს კვანტალიანი და ჩვენ უცხოელებთან უკეთესად გამოვნახავთ საერთო ენას. ეს ქალბატონი რომ არა, გაფიცვაც არ შედგებოდა და ამ პრობლემების წინაშეც არ აღმოვჩნდებოდით. ამათ მოსვლამდე, როცა არაბების მფლობელობაში იყო პორტი, ხელფასებიც ძალიან კარგი გვქონდა და ადამიანურადაც გვექცეოდნენ. ყველაფერი კვანტალიანის ჩარევის შემდეგ გაფუჭდა“. 

Humanrights.ge შეეცადა, მოეპოვებინა ლელა კვანტალიანის კომენტარი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.                         

ახალი ამბები