კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყულევის ტერმინალის მუშა-მოსამსახურეები საკუთარ შრომით უფლებებზე ალაპარაკდნენ

21 ნოემბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

ყულევის შავი ზღვის ტერმინალის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდისა და  თანაბარი სამუშაო პირობების შექმნის  მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქციები გამართეს. პირველი საპროტესტო აქცია ტერმინალიდან მოშორებით სოფლის ცენტრში გაიმართა. პროტესტს ტერმინალის ორასამდე მუშა-მოსამსახურე გამოხატავდა.

აქციის მონაწილეთა თქმით, 3 ნოემბერს მათი რამდენიმე თამაშრომელი  ადმინისტრაციამ სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლა სამსახურიდან, რასაც  საერთო უკმაყოფილება მოჰყვა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ გათავისუფლებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი ადრეც ქონია.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ყულევის ტერმინალის მუშაობა არ შეფერხებულა:  „ჩვენ ამ ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს და არ გვინდა ახალი საპროტესტო კერის შექმნა. ჩვენი მუშაობის შეჩერებით სახელმწიფო დაზარალდება. ამის არანაირი სურვილი არა გვაქვს. იმედია, ადმინისტრაცია ჩვენს მოთხოვნას გაითვალისწინებს“, - გვითხრა ედიშერ ჯობავამ.

აქციის  ერთ-ერთი მონაწილე ქართლოს ჯობავა დამსაქმებლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, პრივილეგიურ მდგომარეობაში აზერბაიჯანიდან ჩამოსული დასაქმებულები არიან, რადგან ტერმინალს სწორედ ამ ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ ფლობს: „არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, წერილობით მივმართეთ ტერმინალის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც დაიწყო თანამშრომლების დაბარება, მუქარა და დაშინება. ისინი არანაირ ურთიერთობაზე არ მოდიან. ხომ უნდა აინტერესებდეთ, რა გვაწუხებს ან რის შეცვლა გვინდა?! განსაკუთრებით აქტიურობდა კადრების განყოფილების უფროსი მამუკა გოგინავა. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს ასეთი მოპყრობები მუშა-მოსამსახურეთა მიმართ, მოხდეს 3 ნოემბრიდან დღემდე უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა სამსახურში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს სიტყვის თავისუფლების უფლება გვაქვს. ადმინისტრაციას შეეძლო, მარტივად წამოსულიყო მოლაპარაკებაზე, გაეგოთ, რა გვაწუხებდა, მაგრამ ეს არ განხორციელდა. ხუთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციაში მუშების მხრიდან არ შესულა არანაირი მსგავსი სახის წერილი“.

აქციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდა. შეიქმნა შპს „ყულევის შავი ზღვის ტერმინალის“ მუშათა პროფკავშირები, რომელსაც ქართლოს ჯობავა უხელმძღვანელებს. პეტრიაშვილი მათ მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს და ტერმინალის ხელმძღვანელობას დისკრიმინაციული მიდგომების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ადგილი აქვს თანამშრომელთა მიმართ ეთნიკური ნიშნით პრივილეგიების მინიჭებას: „ფაქტია, რომ უსამართლო დამოკიდებულებაა ტერმინალზე დასაქმებულთა მიმართ. არის ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნები დამსაქმებელთა მხრიდან. ჩემი ინფორმაციით, თითოეულ მოთხოვნაზე, რომელიც სამართლიანია, მიუთითებენ ღია კარისკენ. სწორედ ამის საპირწონედ ამ ადამიანებმა შექმნეს თავისი პროფკავშირები. იმ მოთხოვნებს, რასაც სათითაოდ აყენებდნენ და რის გამოც კარისკენ მიუთითებდნენ დამსაქმებლები, კოლექტიურად წარვადგენთ პროფკავშირებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ტერმინალის ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები აქვს ადგილობრივ დაუსაქმებელ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ თანამშრომელთა აყვანის დროს მათ ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ისინი შავი ზღვის ტერმინალის კადრების განყოფილების გამგეს მამუკა გოგინავას კადრების არასამართლიანად შერჩევაში  ადანაშაულებენ: „ყულევის ტერიტორიაზე ნავთობის საშინელი სუნი ტრიალებს. იყო ბავშვების მოწამვლის შემთხვევებიც. ტერმინალის ადმინისტრაცია არაფერს ითვალისწინებს. ვითხოვთ, უბრალო მუშად დასაქმებას, მაგრამ ამას ყურად არ იღებენ. ასეთი აქ 25 ადამიანია. ნუთუ ასე რთულია ჩვენი დასაქმება?!“ - გვითხრა ყულევის მკვიდრმა ზაალ შენგელიამ.

ირაკლი პეტრიაშვილმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და დაპირდა, რომ საკითხს პრემიერ-მინისტრის წინაშე დააყენებს: „უსამართლო მიდგომებია ყულევის ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ. აბსოლუტურად იგნორირებულია მათი უფლებები“, - განაცხადა  პეტრიაშვილმა.

აქციიდან რამდენიმე დღეში, ტერმინალის ადმინისტრაციამ სამსახურიდან სრულიად უმიზეზოდ დათხოვილი თანამშრომელთა ნაწილი დააბრუნა.

ვითარება ისევ დამძიმდა მას შემდეგ, რაც ტერმინალის მუშა-მოსამსახურეებმა ახალი ქვემოიჯარე კომპანიის შესვლის შესახებ გაიგეს, რასაც კვლავ პროტესტი მოყვა. შპს „შავი ზღვის ყულევის ტერმინალის” სარკინიგზო ნავთობმცლელი ესტაკატა იჯარით კომპანია „გლობალ ოილს“ გადაეცა. თანამშრომლებს იძულებით უხდებათ ახალი მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც სამთვიანია. თანამშრომლები შიშობენ, რომ ახალი კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მათთან თანამშრომლობას შეწყვეტს და ისინი უმუშევრები დარჩებიან. მათ კი ტერმინალის თანამშრომლებად დარჩენა უნდათ, რადგან იქ მუდმივი კონტრაქტით არიან გაფორმებული.

ტერმინალთან გამართულ საპროტესტო აქციაზე შპს „გლობალ ოილის“ დირექტორი გელა ხუნწარია მივიდა და აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ მათ არფერი დაემუქრებათ. აქვე იმყოფებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ვერძაძე. ვერძაძის თქმით, ახალი ხელშეკრულების მიღების შემდეგ ამ ადამიანებს ეზღუდებათ იმ პრივილეგიებით სარგებლობა, რითაც აქამდე სარგებლობდნენ. ახალი ხელშეკრულებით მათი შრომითი პირობები იცვლება. ამას გელა ხუნწარია უარყოფს. მისი თქმით, რატომღაც ვერძაძე დიდ პრივილეგიას ხელშეკრულებას ანიჭებს, რაც მისთვის გაუგებარია. თავად ილია ვერძაძემ ხუნწარიას ამ სიტყვებს გამაღიზიანებელი უწოდა და მას უფასო იურიდიული კონსულტაცია შესთავაზა.

„მე ესტაკატას არენდით ვიღებ. ჩემი უფლებაა, თანამშრომლებს დავტოვებ თუ არა, მაგრამ მათ კარგად განვუმარტე, რომ სამუშაო ადგილს ყველა შეინარჩუნებს. 33-ივე თანამშრომელთან სამთვიან ხელშეკრულებას გავაფორმებ. უფლება არა მაქვს, ხელშეკრულება დავუდო სამ თვეზე მეტი დროით. რა საჭიროა ასეთი პროტესტი, ვერ ვხვდები. ამაში ძველი ხელისუფლების ხელი ურევია“, - განაცხადა შპს „გლობალ ოილის“ დირექტორმა გელა ხუნწარიამ.

შპს “შავი ზღვის ყულევის ტერმინალის” ადმინისტრაციასთან მოსალაპარაკებლად ილია ვერძაძე და ქართლოს ჯობავა შევიდნენ. რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ის 33 მუშა-მოსამსახურე, რომელიც ეტაკატაზე მუშაობს, ხელშეკრულებას ტერმინალთან გაწყვეტს და ახალ ქვემოიჯარე კომპანიასთან გააფორმებს.

ახალი ამბები