21 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილეს. კანონპროექტი, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა, გამოთავისუფლებულ მაჟორიტარულ ოლქებში შუალედური არჩევნების წელიწადში ორჯერ ჩატარებას გულისხმობს.
უმრავლესობის განმარტებით: „საარჩევნო კოდექსში ცვლილება 129-ე მუხლს ეხება და ის ამომრჩეველზე ზრუნვით არის განპირობებული. კერძოდ: ამომრჩეველი წარმომადგენლის გარეშე დიდი ხნით არ უნდა დარჩეს. მაჟორიტარულ ოლქებში შუალედური არჩევნები წელიწადში ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში უნდა ჩატარდეს“.
კანონპროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნების წელიწადში ორჯერ ჩატარება ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული და იგი საქართველოს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. მათი აზრით, არჩევნების თარიღი განსაზღვრულია კონსტიტუციით და ახლა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი