კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურაში უჩივიან

27 ნოემბერი, 2012

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთში კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ტერექს 21“–ის ხელმძღვანელი ვაჟა ფანჩულიძე აცხადებს, რომ პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ, სპეციალურად პრეზიდენტის ვიზიტისთვის, პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების თაობაზე დავალებებს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილისგან გიორგი ცხაკაისგან იღებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კურორტ „ახტალაზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 სექტემბერს, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე  12 დღით ადრე დაათვალიერა.

„ახტალაზე სამუშაოების დასრულების შეფერხება გამოწვეულია სახელმწიფო მოხელეების მხრიდან უხეში ჩარევით. კონკრეტულად, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილის გიორგი ცხაკაიას ჩარევით გავაკეთეთ ძალიან ბევრი რამ, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. იმის გამო, რომ ფასადურად უნდა გახსნილიყო და არჩევნებამდე პრეზიდენტის ვიზიტისთვის მომზადებულიყო, ძალიან სწრაფად ვასრულებდით სამუშაოებს. მოუმზადებელ საფარზე დავაგეთ ასფალტი, რამაც რამდენიმე ასობით ათასი ლარის ზარალი მიაყენა ჩვენს კომპანიას. ძალიან ბევრი სამუშაო ხელმეორედ გასაკეთებელი გაგვიხდა იმიტომ, რომ სიჩქარის გამო უხარისხოდ გაკეთდა. ცხაკაია გვეუბნებოდა, რომ პროექტს გარეთ შესრულებული სამუშაოები აისახებოდა პროექტში და ხარჯს აგვინაზღაურებდნენ, მაგრამ ჯერ პროექტში ცვლილება არ შესულა. შესაბამისად, ჩვენს მიერ გაწეული ხარჯი ანაზღაურებული არ არის. ამან კომპანიის მატერიალური ზიანი გამოიწვია. ახტალის რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 2,5 მილიონი ლარი იყო, მაგრამ ცხაკაიას მოთხოვნით საერთო ღირებულება თითქმის ნახევარი მილიონით იმატებს. ცხაკაიას ქმედებებზე პროკურატურას უკვე მივმართეთ,“ – განუცხადა ვაჟა ფანჩულიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანია „ტერექს 21“–ის საბანკო ანგარიშებს ყადაღა ადევს, რის გამოც კომპანია „ახტალას“ რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასების გადახდას ვერ ახერხებს. მუშები კი საკუთარი შრომის ანაზღაურებას ითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში კურორტის ტერიტორიაზე განთავსებული დაწესებულებების მუშაობის პარალიზებას აპირებენ.

„ბოლოს ისე მოვიქცევით რომ გადავკეტავთ კარებს და არავის არ შემოვუშვებთ“, –ამბობენ მუშები.

„დღეში 20 ლარი უნდა მოეცათ. 29 აგვისტოდან ვმუშაობდი 7 ნოემბრის ჩათვლით და სულ 300 ლარი მაქვს აღებული, ზოგს ეგეც არ აუღია. ხელმძღვანელობა ამბობს, ყადაღა აქვს დადებული ანგარიშებს და სანამ არ მოხსნიან, ხელფასს ვერ მოგცემთო. ხელშეკრულებაზე ხელი მოგვაწერინეს, მაგრამ ასლი არ მოგვცეს. 60 ადამიანის დავალიანება აქვთ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ახტალის“ რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშამ გიორგი მეტრეველმა.

„რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული 2 კვირის წინ. ხელფასებთან დაკავშირებით ჩვენი პრობლემა ვუთხარით. დაგვპირდა, რეაგირება იქნებაო, მაგრამ არაფერია. ყადაღა ადევს და ხელფასებს აღარ გვაძლევენ. ჩვენ რა შუაში ვართ? 1 000 ლარი მაინც მაქვს ასაღები, ზოგს 500–600, ზოგს საერთოდ 3 000 აქვს ასაღები. ბანკში ვალები გვაქვს ყველას. მაღაზიაშიც ვალები გვაქვს. რომ გვიჭირდა, იმიტომ  ვიმუშავეთ“, – აღნიშნა ახტალის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა ვანო ყალაბეგაშვილმა.

კომპანია „ტერექს 21“–ის დირექტორის განცხადებით, ხელფასების გაცემა აუცილებლად მოხდება. „ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება იმის შესახებ, რომ გაიზრდება სახელშეკრულებო ღირებულება და ჩვეს მიერ შესრულებული სამუშაოები პროექტში აისახება. ვფიქრობთ, რომ რამდენიმე კვირაში ეს საკითხი მოგვარდება და ხელფასების დარიგებას შევძლებთ,“ – ამბობს ვაჟა ფანჩულიძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ცხაკაიას ვერ დაუკავშირდა. პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სსკ–ის 333–ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები