კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით

6 იანვარი, 2012

საქართველოს პარლამენტს

ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, გამოვდივართ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სხვა კანდიდატურებთან ერთად განიხილოს ბ-ნი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა. მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის თანამდებობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში და ომბუდსმენი უნდა იყოს გამაერთიანებელი პირი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ კანონით გათვალისწინებული სახალხო დამცველის საქმიანობის ყველა ასპექტის ანალიზის საფუძველზე, ასევე ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის კუთხით ჩვენს საზოგადოებაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
 
უჩა ნანუაშვილი არის პრინციპული, უკომპრომისო, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე უფლებადამცველი, რომელიც თხუთმეტ წელზე მეტია უფლებადაცვით სფეროში მუშაობს. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ორგანიზაცია მუშაობდა და განაგრძობს მუშაობას ადამიანის უფლებების დაცავის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულება, ბავშვთა, ქალთა, უმცირესობათა და საზოგადოების სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, პატიმართა, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ამასთანავე, ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა პირველი ორენოვანი ინტერნეტ პორტალი ადამიანის უფლებებზე: http://www.huamnrights.ge/.  უჩა ნანუაშვილს ასევე უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ადამიანის უფლებებათა მონიტორინგსა და რეპორტინგში და საერთაშორისო დონეზე ამ საკითხების  ლობირებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშები წარედგინებოდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტები, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ცენტრის მონიტორინგის შედეგები და ინფორმაციები ყოველთვის სარგებლობდა მაღალი სანდოობით და ხვდებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში,როგორიცაა, აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტი, Human Rights Watch, Amnesty International და სხვ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში პოლიტპატიმართა საკითხის საერთაშორისო მსჯელობის საგნად ქცევა უჩა ნანუაშვილის დიდი დამსახურებაა. სწორედ ცენტრთან პარტნიორობით მომზადდა „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ პირველი ანგარიში საქართველოში არსებულ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესახებ. აღსანიშნავია უჩა ნანუაშვილის წვლილი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.

2010 წლიდან უჩა ნანუაშვილი არის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე. 2011 წლიდან არის ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ გამგეობის წევრი, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი საბჭოს წევრი, პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი (ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა). არის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ომის მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო მოძრაობის საქართველოს სექციის გამგეობის წევრი, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის კოორდინატორი.

უჩა ნანუაშვილი ასევე იყო ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ადამიანის უფლებათა ოფიცერი, საერთაშორისო ამნისტიის თბილისის საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი, ადამიანის უფლებების ლექტორი შსს პოლიციის აკადემიაში. იგი იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის (თ. ჰამარბერგი) უფლებადამცველების სამუშაო ჯგუფის წევრი. არის 35-ზე მეტი ანგარიშის და სტატიის ავტორი.
 
დაიბადა 1974 წლის 23 აპრილს. დაამთავრა თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2000 წელს სწავლობდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში (სტრასბურგი, საფრანგეთი), 2002 წელს სწავლობდა ბირმინჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა სამართლის და პრაქტიკის პროგრამაში (დიდი ბრიტანეთი). იმავე წელს სტაჟირება გაიარა ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში. ასევე სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
 
უჩა ნანუაშვილის კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, გვჯერა, რომ იგი თანაბრად და მიუკერძოებლად იმუშავებს ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად. კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებზე, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებზე, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უმცირესობების და სხვა სახის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე. მოგმართავთ ინიციატივით, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დაამტკიცოთ უჩა ნანუაშვილი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
2. სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო;
3. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება;
4. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
5. საზოგადოებრივი დამცველი;
6. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
7. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
8. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში;
9. საინფორმაციო ცენტრების ქსელი;
10. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი;
11. კავშირი საფარი;
12. მედიის ინსტიტუტი;
13. კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი - კავკასია;
14. კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის;
15. არჩევნებისა და პოლიტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი;
16. ჯანმრთელი სამყარო;
17. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი;
18. კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევების ცენტრი (ICCN);
19. ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის;
20. ახალგაზრდები სამართლიანობისათვის;
21.  საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია;
22. დედათა კომიტეტი;
23. უცხოელ მოქალაქეთა და მიგრანტთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრი;
24. პაციენტები თანასწორი უფლებებისათვის;

ახალი ამბები