კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები

7 დეკემბერი, 2012

სანდრო გვარამაძე

მარტივია თუ არა რეკლამა გაუკეთო იოგურტს? ალბათ, ადვილი არ არის, რადგან ყველა იოგურტი თითქმის ერთმანეთს ჰგავს, რეკლამამ კი მასში რამე განსაკუთრებული უნდა დაგანახოს. შენ სწორედ ეს იოგურტი უნდა იყიდო და არა – სხვა. ამასთან, იმედგაცრუებული არ უნდა დარჩე. რეკლამის ეს კანონი უნივერსალურია და ის ყველა სხვა შემთხვევაში მოქმედებს, თუ რა თქმა უნდა, საქმე გძელვადიან მიზნებს ეხება.

პოლიტიკა იოგურტი არ არის, მაგრამ მაინც რისთვის გადის ტელეეთერით ამა თუ იმ პარტიის რეკლამები, რაზეა ის გათვლილი? მხოლოდ იმაზე, რომ ხალხმა ხმა პარტიას მისცეს, თუ ასე ვთქვათ, გრძელვადიან თანამშრომლობაზე მომავალ  ხელისუფლებასა და ამომრჩეველს შორის? ამის გასარკვევად ყველაზე კარგი საშუალება ის წინასაარჩევნო დაპირებებია, რაც წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამებში გაჟღერდა.

რეკლამებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიების დიდმა უმრავლესობამ ტელეეთერით რეკლამა საერთოდ არ გაუშვა. მიზეზი, ალბათ, სათანადო ფინანსების არარსებობა იყო. ტელეეთერით ტრიალებდა ნაციონალური მოძრაობის, „ქართული ოცნების“, ლეიბორისტური პარტიის,  „ახალი მემარჯვენეების“  და ქრისტიან–დემოკრატიული  მოძრაობის  წინასაარჩევნო რგოლები.

რეკლამებში ბევრი რამ საერთო იყო. თითქმის ყველა გვპირდებოდა დასაქმებას, სოფლის მეურნების აყვავებას, ჯანდაცვის განვითარებას და ტარიფების გაიაფებას. რამდენად რეალური იყო ეს დაპირებები და რამდენად ეფუძნებოდა რეალურ პროგრამებს?

ხელისუფლებაში მოსვლიდან ორიოდე თვეში პრემიერ მინისტრმა გულწრფელად აღიარა, რომ  ტარიფთან დაკავშირებით გაანგარიშებები ზუსტი არ გამოდგა და ელექტროენერგიის ღირებულებას ასე ხელაღებით ვერ შეამცირებდნენ.

„პროცესი გაგვიჭიანურდა... განახევრება, რასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა, არ გამოვა და გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თუ გული გულობს, ყველა დაპირების შესრულება შეიძლება. ამასთან, გასათვალსიწინებელია - რა ვადებში, თუ ახლა არა, გარკვეული დროის შემდეგ მაინც. მისივე თქმით, წინასაარჩევნო დაპირებებში პარტიებს ამ დაპირებების შესრულების ზუსტი დრო არ მიუთითებიათ, თუ არ ჩავთვლით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ კალენდარს, სადაც ამა თუ იმ ღონისძიების ვადები იყო გაწერილი („მეტი სარგებელი ხალხს“).

რამდენად დამაჯერებელია წინასაარჩევნო სლოგანები, სადაც არ ჩანს, თუ როგორ აპირებს  ხელისუფლება ამა თუ იმ მიზნის მიღწევას? ამ კითხვაზე რამაზ საყვარელიძე პასუხობს, რომ პარტიები სთავაზობენ იმას, რასაც ხალხი ითხოვს, ხალხს კი დეტალები არ მოუთხოვია. მოთხოვნის შემთხვევაში, დეტალებიც იქნებოდა. შეიძლებოდა სხვებსაც მოეფიქრებინა ისეთი რაღაც, როგორც თუნდაც „ნაციონალების“ კალენდარი გახლდათ.
პოლიტოლოგი ამ მოვლენას ასე ხსნის: „ქართველმა ხალხმა არ იცის, რა მოითხოვოს, არა აქვს ამის გამოცდილება“.

როგორც უკვე ვთქვით, პარტიების წინასაარჩევნო სლოგანები ერთმანეთს ჰგავდა, მაგალითად, ამ არჩევნების წინ პარტიებს არ გახსენებიათ საქართველოს გაერთიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რამაზ საყვარელიძის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე სერიოზული აცდენა ჰქონდა, ანუ თქვა და არ გააკეთა, შესაბამისად, ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა ხელს აღარც აძლევდა.

ერთი გამორჩეული სლოგანი: „მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ!“ იყო ლეიბორისტური პარტიის პირველი პრიორიტეტი და დაპირება. თუმცა, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა რა იგულისხმებოდა ამ სლოგანის ქვეშ. რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ლეიბორისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს დაპირება მართლაც განხორციელებულიყო. მისი თქმით, ქონების წართმევის პროცესი ქართულ რეალობაში უცხო არ არის, მაგრამ ქონების სხვისთვის მიცემა და დარიგება უკვე საეჭვოა.

იმაზე თუ რა იყო წინასარჩევნო რეკლამებში ისეთი, რაც ადრე არ ყოფილა, პოლიტოლოგი ამბობს, რომ თავის დაპირებებში ყველა ოპოზიციური პარტია საუბრობდა „სამართლიანობის აღდგენაზე“. თუმცა, ვინ რას გულისხმობდა ამ დაპირების მიღმა დაკონკრეტებული არ იყო და შესაძლოა, პარტიების ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით სულაც არ გახლდათ ერთი და იგივე.

გარდა ამისა, ეს არის დაპირება, რომელსაც ყველაზე ძნელად გადაამოწმებ. მარტივია არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ პარტიას  ტარიფებთან დაკავშირებით შეედავო, რადგან ტარიფი ან დაიწევს ან არა და ფაქტიც სახეზე იქნება. ცოტა უფრო რთულია იკამათო, აშენდა თუ არა სოფლის მეურნეობა.

 

 

 

 

 


                    

 ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები